გაზეთი Financial Times ჰოროსკოპებს არ ადგენს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავლის პროგნოზზე უარს ვამბობთ. წინა წლების მსგავსად, ჩვენი ექსპერტები მაგიური ქვებით შეიარაღდნენ და გადაწყვიტეს პასუხი გასცენ 2014 წლის ყველა მთავარ კითხვას. იქნება ეს 2014 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული თუ ვირტუალური ვალუტის კურსის შეფასება - ფაქტობრივად არ არსებობს შეკითხვები, რომელზეც ჩვენ პასუხი არ გვაქვს.
Financial Times-ის ჟურნალისტები ამ წლის დრამატულ მოვლენებს, ტრიუმფებს, ასევე ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებულს წინასწარმეტყველებენ.
რა თქმა უნდა, შეიძლება, ჩვენი პასუხები ყოველთვის მართალი არ აღმოჩნდეს. 2012 წელს, ჩვენ სწორად ვერ ვიწინასწარმეტყველეთ 2013 წლის ორი მთავარი არჩევნების შედეგი ევროპაში - იტალიასა და გერმანიაში. ქვენტინ პილი ვარაუდობდა, რომ ანგელა მერკელი დარჩებოდა ხელისუფლებაში, თუმცა მან არასწორად შეარჩია მისი პარტნიორები კოალიციაში. ის ფიქრობდა, რომ პარტნიორები „მწვანეები“ გახდებოდნენ და არა სოციალ-დემოკრატები. გაი დინმორმა არასწორი პროგნოზი გააკეთა მარიო მონტისთან დაკავშირებით, როდესაც მას არჩევნების შემდეგ იტალიის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობა უწინასწარმეტყველა.
თუმცა, გლობალური ეკონომიკის თვალსაზრისით, ჩვენი პროგნოზები დიდწილად გამართლდა. მარტინ ვულფი არ ცდებოდა, როდესაც ვარაუდობდა, რომ არცერთი ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს არ გაზრდიდა.
კრის ჯაილსი გამჭრიახი აღმოჩნდა და არ დაეთანხმა იდეას, თითქოს გაერთიანებული სამეფო რეცესიის მესამე ფაზისაგან (2008 წლის კრიზისის დაწყების მომენტიდან) დაზარალდებოდა, თუმცა ექსპერტების უმრავლესობის მსგავსად, მან ვერ განსაზღვრა წინასწარ ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი.
ორი ყველაზე თამამი პროგნოზი არ გამართლდა, მაგრამ ძალიან ახლოს იყვნენ სიმართლესთან: ჯანან განეშს მტკიცედ სჯეროდა, რომ ბრიტანეთის საფეხბურთო პრემიერლიგის ოთხივე მთავარი კლუბი მწვრთნელს შეიცვლიდა. „არსენალთან“ დაკავშირებით ის შეცდა, სადაც არსენ ვენგერი კვლავ თავის პოზიციაზეა, თუმცა აბსოლუტურად მართალი აღმოჩნდა „ჩელსისთან“, ასევე მანჩესტერის ორ გუნდთან დაკავშირებით. გიდეონ რაჰმანს მიაჩნდა, რომ სირიაში სამხედრო ინტერვენცია მოხდებოდა, რაც მართლაც კინაღამ მოხდა. 12 თვის შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ვუპასუხოთ შეკითხვას, გავაუმჯობესეთ თუ არა განჭვრეტის უნარი, ახლა კი 2014 წლის პროგნოზს გთავაზობთ.
ფერდინანდო ჯულიანო
გაზრდის თუ არა ინგლისის ბანკი საპროცენტო განაკვეთებს 2014 წელს?
დიახ, გაზრდის. დღეს ამ შეკითხვის აბსურდად მიჩნევა მოდურია, ხოლო პასუხი მასზე აუცილებლად უარყოფითი უნდა იყოს. მაგრამ, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოდა არააქტუალურია. ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდამ წელიწადში 3%-ს გადააჭარბა, უმუშევრობის დონე სწრაფად მცირდება, და უახლოვდება რა ინგლისის ბანკის მიერ დადგენილ ზღვრულ 7%-იან მაჩვენებელს, განაკვეთის და ინფლაციის ზრდის გათვალისწინებით, ის ყველა წინა ოთხ წელთან შედარებით 2%-იან მიზნობრივ დანიშნულებაზე მაღლა აღმოჩნდა. ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე ინგლისის ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის 0,5%-იან დონეზე შენარჩუნების მიზეზი მწარმოებლურობის სწრაფი ზრდაა, რაც ხელს უწყობს იმას, რომ აღდგენის პროცესი ინფლაციური ზეწოლის გარეშე მიმდინარეობს.
ინგლისის ბანკი წინასწარმეტყველებდა მწარმოებლურობის მოსალოდნელ ზრდას თითოეული კვარტლისთვის 2008 წლის შემდეგ, თუმცა ეს არ ხდებოდა. მესამე კვარტალში ზრდამ 0,8%-ს მიაღწია, თუმცა სამუშაო საათების რაოდენობა 1%-ზე სწრაფად იზრდებოდა, რაც მწარმოებლურობის ვარდნაზე მიუთითებდა. ყველაზე რეალური პროგნოზი 2014 წლისთვის როგორც ჩანს არის ის, რომ ეს ვარდნა გაგრძელება, ამიტომ ინგლისის ბანკი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები.
კრის ჯაილსი
ევროპარლამენტის არჩევნებში ანტიევროპული მარგინალური პარტიები სერიოზულ წარმატებას მიაღწევენ?
აუცილებლად. მაისში დანიშნული ევროპარლამენტის არჩევნები შესანიშნავი საშუალებაა უკიდურესად მემარჯვენე და უკიდურესად მემარცხენე პარტიების, ასევე ევროკავშირისადმი ნეგატიურად განწყობილი სხვა პოლიტიკური გაერთიანებების მნიშვნელოვანი წარმატებისათვის. სუსტი ეკონომიკები, უმუშევრობის მაღალი დონე, ევროკავშირით, ასევე მეინსტრიმული პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუება, არჩევნებში დაბალი აქტივობის მაჩვენებლები და პროპორციული წარმომადგენლობა - ყველა ეს ფაქტორი გახდება იმის მიზეზი, რომ პოლიტიკური მარგინალები ევროპარლამენტში 25%-ზე მეტ ადგილს მიიღებენ. განსაკუთრებით საყურადღებოა საფრანგეთის სახალხო პარტია, ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტია, ბერძნული პარტია Syriza, ასევე ჰოლანდიის თავისუფლების პარტია - ყველა მათგანმა შეიძლება საკუთარ ქვეყანაში ხმათა უმრავლესობა მოიპოვოს. ასეთი შედეგი სერიოზულ ზიანს მიაყენებს ევროპულ მეინსტრიმულ პარტიებს მთელი კონტინენტის მასშტაბით. თავად ევროპარლამენტში კონსერვატორები და სოციალისტები იძულებული გახდებიან გაერთიანდნენ და პოლიტიკური სპექტრის ცენტრში მოექცნენ, რათა შეინარჩუნონ ის უმრავლესობა, რომელიც ევროკავშირს მხარს უჭერს.
გიდეონ რაჰმანი
შეძლებს კი აბეკონომიკა საბაზისო ინფლაციის დონის გაზრდას იაპონიაში 2%-მდე 2014 წლის ბოლოსთვის?
ვერ შეძლებს. „ხარისხიანი და რაოდენობრივი შემსუბუქების“ პოლიტიკის მიზანი, რომელიც 2013 წლის აპრილში გამოცხადდა, იმაში მდგომარეობს, რომ ინფლაციის დონემ 2%-ს მიაღწიოს, შემდეგ კი ეს დონე შენარჩუნდეს (ფასების სტაბილურობის ეკვივალენტის შესაბამისად). ამის გაკეთება „უახლოეს დროში იგეგმება, დროის ჰორიზონტი კი ორწლიანი უნდა იყოს“. 2013 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი 0,6%-ით გაიზარდა, რაც დეფლაციური ტენდენციის შეზღუდვაზე მიუთითებს - დიდწილად ვალუტის კურსის ვარდნის გამო. გარდა ამისა, ამ ქვეყნის ეკონომიკა მართალია არამდგრადია, თუმცა საკუთარ პოტენციალზე სწრაფად იზრდება, შესაბამისად, წარმოების ვარდნის კომპენსაცია ხდება.
თუმცა ინიციატივა, რომ იაპონიის ბანკის მიერ შესყიდული ობლიგაციების მოცულობა ორჯერ გაიზარდოს გადახდის თითქმის გაორმაგებული ვადით, საეჭვოა საკმარისი აღმოჩნდეს დასახული მიზნების მისაღწევად ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში. საჭირო გახდება დამატებითი ზომების გატარება, განსაკუთრებით მოხმარების გადასახადის არადროული გაზრდის ფონზე, რომლის შემოღებაც მომავალ წელს იგეგმებოდა.
მარტინ ვულფი
დაიწყება თუ არა 2014 წელს კომერციული კოსმოსური ტურიზმის ეპოქა?
2004 წელს, სერ რიჩარდ ბრენსონმა განაცხადა თამამი გეგმის, კერძოდ, კომპანია Virgin Galactic-ის შექმნის შესახებ, რომელიც პირველად მსოფლიოში მოაწყობდა კომერციულ ტურისტულ კოსმოსურ ფრენებს. მისი თქმით, 2007 წლიდან 2012 წლამდე კოსმოსური ხომალდების მთელ ფლოტს უნდა გადაეყვანა დედამიწასთან ახლოს არსებულ ორბიტაზე 300 „ასტრონავტი“ სუბორბიტალური ფრენისათვის. ახლა, რამდენიმეწლიანი შეფერხების შემდეგ, რაც მთელმა რიგმა ტექნიკურმა და ნორმატიულ-სამართლებრივმა პრობლემებმა გამოიწვია, სერ რიჩარდი ამბობს, რომ 2014 წლის აგვისტოდან კომპანია Virgin Galactic კოსმოდრომიდან Spaceport America (ნიუ-მეხიკოს შტატი) ტურისტულ კოსმოსურ ფრენებს დაიწყებს. უკვე დაახლოებით 600-მა მომავალმა ასტრონავტმა 250 ათას დოლარად დაჯავშნა თავისთვის ადგილი კომპანია Virgin SpaceShipTwo-ს კოსმოსურ ხომალდებზე, რომელიც მათ 110 კილომეტრის სიმაღლეზე აიყვანს. ფრენის დროს, მონაწილეები დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში უწონადობის მდგომარეობაში დააკვირდებიან შესანიშნავ ხედს, რომელიც მათ წინაშე კოსმოსური სივრციდან გაიხსნება. ამ პროექტის რეალიზაციის დაწყების ვადების გადადება აჩენს ვარაუდს, რომ გეგმები ისევ შეიცვლება, თუმცა დღევანდელ დღეს პროექტში Virgin Galactic მეტი რეალიზმი შეიმჩნევა, ამიტომ, ჩემი პროგნოზით, პირველი კომერციული ფრენა 2014 წლის დეკემბერში განხორციელდება.
კლაივ კუქსონი
ვინ გაიმარჯვებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში?
ნებისმიერი მსოფლიო საფეხბურთო შეჯიბრის შედეგი საოცრად არაპროგნოზირებადია. მიზეზი კი ის არის, რომ ეს ხანმოკლე შეჯიბრია. გამარჯვებული სულ რაღაც შვიდ მატჩს ითამაშებს. ასეთ მოკლე დროში იღბალი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ბოლო რაუნდებში, როდესაც თამაშის ბედი შეიძლება ერთმა გოლმა ან პენალტების სერიამ გადაწყვიტოს. ბრაზილიელებს ძალიან ღირსეული გუნდი ჰყავთ, მის თავდასხმას ხელმძღვანელობს გენიალური მოთამაშე ნეიმარი. შარშან, ივნისში, მათ მსოფლიო ჩემპიონატის გენერალური რეპეტიცია - კონფედერაციის თასი - მოიგეს. სპორტული ეკონომისტის შტეფან შიმანსკის თანახმად კი, მსოფლიო ჩემპიონატში საკუთარი მოედნის უპირატესობა თითოეულ თამაშში ერთი გოლის ღირებულების ორ-მესამედს შეადგენს. თუმცა, ბრაზილიის უპირატესობა ბუკმეკერების უმრავლესობისათვის მხოლოდ 3-1-ია, რაც ძალიან ცოტაა, თუკი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის არაპროგნოზირებადობას გავითვალისწინებთ. ფსონების დასადებად საუკეთესო ვარიანტი ზოგიერთი ბუკმეკერისთვის იტალიაა, და მასზე ფსონი 28-1-ია.
საიმონ კუპერი
დაეცემა თუ არა ნავთობის ფასი ერთი ბარელისთვის 100 დოლარზე დაბლა?
მიწოდების აქტიური ზრდა და მოთხოვნის მოკრძალებული ზრდა ფასებს შეამცირებს. ეს არის კონსენსუსური შეხედულება 2014 წლის საერთშორისო ნავთობის ბაზრის შესახებ. მაგრამ მართლაც ასე მოხდება თუ არა? საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრ ანი ალ ნაიმის ნეიტრალურ დამკვირვებელს ვერ ვუწოდებთ, თუმცა მისი შეფასება, რომ „ეს ბაზარი არსებული შესაძლებლობებიდან ყველაზე კარგ სიტუაციაშია“ - საფუძველს მოკლებული არ არის.
მიუხედავად მუდმივი ლაპარაკისა მიწოდებების გაზრდის და საბოლოოდ ფიქლის რევოლუციის შესახებ, საკმარისი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ Brent-ის მარკის ნავთობი 2014 წელს ერთი ბარელი საშუალოდ 100 დოლარი ღირდეს. ერთ-ერთი მიზეზი - მოთხოვნის არსებობაა. მოხმარება მაღალ დონეზეა არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ ის იზრდება ევროპაშიც. კონსალტინგური კომპანიის Energy Aspects ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 2014 წელს მოთხოვნა გაიზარდება და დღეში 1,5 მილიონ ბარელს მიაღწევს იმ შემთხვევაში, თუკი მოთხოვნა განვითარებადი ეკონომიკების ქვეყნების ბაზრებზე (და მათი ვალუტა) პოზიციებს შეინარჩუნებს, მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ფონდებიდან მათ მხარდაჭერის პროგრამები შეუმცირდებათ. ანალიტიკოსთა უმრავლესობა, რომლებიც ამ სიტუაციას უფრო ფართო კონტექსტში განიხილავს, ელოდება, რომ მოთხოვნა დღეში 1,2 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. დიდი ალბათობით, შეფერხებები გაგრძელდება მიწოდებების სფეროში ერაყიდან, ლიბიიდან და ნიგერიიდან, რაც ინარჩუნებს Brent-ის მარკის ნავთობთან დაკავშირებულ მაჩვენებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა დასავლეთს და ირანს შორის უმჯობესდება, ამ ისლამურ რესპუბლიკას არ შეუძლია დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობის ექსპორტირება. სინამდვილეში, არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში იმას ნიშნავს, რომ ფასების მკვეთრი ზრდის რისკი უფრო რეალურია, ვიდრე მისი არსებითი შემცირება.
ნილ იუმი
ჩინეთში ეკონომიკური ზრდა 7%-ზე დაბლა დაეცემა?
არა. ჩინელ დათვებს 2013 წელს სერიოზულად დაეხმარნენ; ბევრი შეშფოთებულია იმით, რომ 2014 წელს შეიძლება ყველაფერი ჩამოიშალოს. გროვდება ცუდი კრედიტები, ჩრდილოვანი საფინანსო სისტემა ქაოსშია, ადგილობრივ ადმინისტრაციებს ვალები დაუგროვდათ. ჭარბი მწარმოებლურობა წარმოების თითქმის ყველა დარგში ზღუდავს კორპორაციების შემოსავალს. კრედიტების, ელექტროენერგიის, წყლის და სხვა საკვანძო მაჩვენებლების ღირებულება გაიზრდება, რადგან პეკინი რეფორმების სფეროში ახალი დღის წესრიგის რეალიზებაზე გადადის.
ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში სამშენებლო საპნის ბუშტი უკვე გასკდა, მაშინ როდესაც სხვა ადგილებში საცხოვრებლის ფასმა თავბრუდამხვევ სიმაღლეებს მიაღწია. ხომ არ მოასწავებს ეს კატასტროფას? არა. გაზეთ Financial Times-ის კვლევითი სამსახურის, China Confidential-ის მონაცემების თანახმად, მოსალოდნელია, რომ 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 7,6%-მდე გაზირდება. ამ ოპტიმისტური დასკვნის საფუძველი დიდწილად არის მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ხარჯები, თავბრუდამხვევად მზარდი მომსახურების სექტორი, ასევე, მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად შესამჩნევი ტენდენცია, კერძოდ, ჩინეთის უზარმაზარი მასშტაბის სოფლის მეურნეობის მონეტიზაცია.
ჯეიმს ქიჯი
გახდება თუ არა ნარენდა მოდი ინდოეთის შემდეგი პრემიერმინისტრი?
დიახ. ბ-ნ მოდის, ინდუისტური ნაციონალური ინდოეთის სახალხო პარტიიდან, შანსი, რომ ჩამოაყალიბოს მთავრობა 2014 წლის საყოველთაო არჩევნების დასრულების შემდეგ, ყველაზე მაღალია. ის ამბიციური, ორგანიზებული და კარგი ორატორია. ინვესტორები აღფრთოვანებული არიან მისი მუშაობით გუჯარათის შტატის მთავარი მინისტრის პოსტზე. ინდოეთის სახალხო პარტიამ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია ახლახან გამართულ ადგილობრივ არჩევნებში რაჯასთჰანის და მადჰია პრადეშის შტატებში, რადგან ამომრჩევლები ძალიან იმედგაცრუებულები არიან ცენტრისტული კონგრესის პარტიით, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ხელისუფლებაშია. ინდოეთის სახალხო პარტია სუსტად არის წარმოდგენილი ინდოეთის სამხრეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში. გარდა ამისა, მოდის ინდუისტური მოძრაობის აქტივისტის რეპუტაცია, ართულებს მისთვის მხარდაჭერის მიღების შანსებს მუსლიმანებისა და რეგიონული პოლიტიკური პარტიებისაგან, ამიტომ მას, როგორც ჩანს, კოალიციის ჩამოყალიბებისთვის გარე მხარდაჭერა დასჭირდება. მოდის მთავრობის ალტერნატივა შეიძლება გახდეს კაბინეტი, უფრო ფართო შეხედულებების ინდოეთის სახალხო პარტიის ლიდერის ხელმძღვანელობით, ასევე რეგიონალური პარტიებიდან „მესამე ფრონტის“ და მემარცხენე ტიპის პარტიის ადმინისტრაციები.
ვიქტორ მალე
დასამარდება თუ არა ლონდონი-ლიდსი-მანჩესტერის ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გეგმა?
არა, მიუხედავად იმისა, რომ ასე აჯობებდა. ჩქაროსნული მაგისტრალი 2-ის მშენებლობის ეკონომიკური დასაბუთება საკმაოდ მყიფეა. თავად პროექტი, რომლის ღირებულებაც 50 მილიარდი ფუნტი სტერლინგია, ინვესტიციის ჩადების თვალსაზრისით მომგებიანი არ არის და ბევრს არაფერს მოიტანს ინგლისის ჩრდილოეთს და სამხრეთს შორის არსებული უფსკრულის გადალახვის საქმეში. ამომრჩევლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილი - ბრიტანელების 55%-ს პროექტის გაჩერება უნდა, რაზეც კომპანია YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მიუთითებს. თუმცა, პარტიათაშორისი კონსენსუსი ამ ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის ირგვლივ 2014 წელსაც იარსებებს. დევიდ კამერონი, პრემიერმინისტრი კონსერვატიული პარტიიდან და მისი მოადგილე ნიკ კლეგი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან, პირადად უჭერენ მხარს სარკინიგზო კავშირის არსებულ ვარიანტს. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი, თუმცა მის ლიდერებს არ უნდათ ურთიერთობის გაფუჭება საკუთარ ამომრჩეველთან ქვეყნის ჩრდილოეთში, სადაც ამ მაგისტრალს ყველაზე სერიოზული მხარდაჭერა აქვს. 2014 წელს, ამ პროექტის განხილვაზე პარლამენტში, მთავრობა, სავარაუდოდ, პროექტის ღირებულებას გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის ხარჯების შემცირების ხარჯზე შეამცირებს. პროექტის შემდგომი განვითარებისთვის პოლიტიკოსებს უზადო ალიბი დასჭირდებათ.
ფერდინანდო ჯულიანო
ჩავარდება თუ არა საბოლოოდ ობამას ჯანდაცვის რეფორმის პროექტი?
პრეზიდენტ ობამასთვის მნიშვნელოვანი ჯანდაცვის რეფორმა პირველ ეტაპზე საშინლად დაიგეგმა და გატარდა. 2014 წელს ამ პროცესში მეტი შეფერხებებია მოსალოდნელი, განსაკუთრებით მონაცემთა ელექტრონული გაცვლის ინტეგრაციის პროცესში აშშ-ის საგადასახადო განყოფილებას და სამედიცინო დაზღვევის სფეროში მომუშავე კომპანიებს შორის. ხმაური იქნება იმ მილიონობით ამერიკელის გამოც, რომლებმაც საკუთარი დაზღვევა დაკარგეს. რესპუბლიკელები დაპირებაზე უარს არ იტყვიან და კანონს ჩააგდებენ. მაგრამ ის მაინც გადარჩება. სადაზღვევო გასამრჯელო იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე უნდა იყოს, რადგან დაგეგმილზე უფრო ნაკლები ჯანმრთელი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ამ პროექტში. ხოლო დავა ამ კანონის ირგვლივ გამოიწვევს იმას, რომ დემოკრატიული პარტია შუალედურ არჩევნებზე კონგრესში ცუდ შედეგებს მიიღებს. მაგრამ ობამას კანონი ჯანდაცვის სისტემის რეფორმაზე წლის ბოლომდე უცვლელი დარჩება, რადგან მილიონობით ადამიანი არსებობს, რომლებიც მანამდე დაზღვეულები არ იყვნენ და ჯანდაცვის ამ სისტემაში ახლახან ჩაერთვნენ. საბოლოოდ, შეფერხებები პრეზიდენტ ობამას სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში დავიწყებას მიეცემა, და ის თანდათან დაიკავებს თავის ადგილს ისეთი პროგრამების გვერდით, როგორიცაა მოხუცთა სამედიცინო დახმარების და სოციალური დაცვის პროგრამები, გახდება რა სოციალური დახმარების ამერიკული სისტემის საკვანძო ელემენტი. ის ობამას მემკვიდრეობად დარჩება.
ედუარდ ლუისი
დაემალებიან თუ არა მართლმსაჯულებას ჯულიან ასანჟი და ედუარდ სნოუდენი 2014 წლის ბოლოსაც?
ორგანიზაცია WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა ლონდონში, ეკვადორის საელჩოს შეაფარა თავი 2012 წელს, რათა თავი აერიდებინა ექსტრადიციისთვის შვედეთში, სადაც მას ემუქრება პატიმრობა, როგორც გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილს. ეკვადორის მისიაში ცხოვრების პირობები საკმაოდ არაკომფორტულია. ასანჟი ჩაკეტილია რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრში ლონდონის პრესტიჟულ რაიონ ნაითსბრიჯში. ედუარდ სნოუდენი, რომლის ხელში ჩაგდებაც სურს ამერიკის ხელისუფლებას CIA-ის უამრავი ფაილის გასაჯაროების ორგანიზების გამო (ამ ორგანიზაციაში ის კონტრაქტის საფუძველზე მუშაობდა), უფრო კომფორტულად ცხოვრობს. 2013 წლის მაისში შეერთებული შტატებიდან გაქცევის შემდეგ, ის მოსკოვში ცხოვრობს და სურვილის შემთხვევაში თავისუფლად შეუძლია გადაადგილება. ამერიკის ხელისუფლებას მისი ექსტრადიცია უნდა, და დიდი ალბათობით იმიტომაც, რომ მათთვის ბოლომდე მაინც უცნობია CIA-ის რა რაოდენობის ფაილი აქვს მას გადაწერილი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ამ ორი ადამიანის ბედისწერა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. თითქოს, ასანჟი გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუკი ვიმსჯელებთ მისი მნიშვნელოვნებით ამერიკული დაზვერვისათვის. დიდი ალბათობით, 2014 წელს ის ჩაბარდება მართლმსაჯულებას, და დიდწილად იმიტომაც, რომ სხვა შემთხვევაში მას მოუწევს კარჩაკეტილი ცხოვრება კიდევ რვა წლის განმავლობაში, ვიდრე ვადა არ გაუვა ექსტრადაციის ორდერის მოქმედებას. სნოუდენმა საეჭვოა რუსეთი დატოვოს საკუთარი სურვილით უახლოესი წლების განმავლობაში, თუკი ეს საერთოდ მოხდება.
ჯეიმს ბლიტცი
მხარს დაუჭერს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებლობას 2014 წელს?
არა. მართალია, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები შარშან არაერთგვაროვანი იყო, თუმცა, არსებობს მტკიცე უმრავლესობა ადამიანებისა, რომლებიც კავშირის შენარჩუნებას ემხრობიან და მათი უპირატესობა 10%-დან 30%-მდეა. ისიც სიმართლეა, რომ ერთგვარი გაურკვევლობა არსებობს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შოტლანდიის არჩევნებზე 2014 წლის სექტემბერში, მათ შორის, საუბარია არჩევნებზე 16-17 წლის ახალგაზრდების დაშვებაზე. იმის გამო, რომ 18 წლამდე მოქალაქეებს საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ, ამ ტიპის გადაწყვეტილება კარგად შესწავლილი არ არის. გასათვალისწინებელია ასევე ისეთი ფაქტორი, როგორიცაა წინასაარჩევნო კამპანიების წარმოების ნამდვილი ტალანტი, შოტლანდიელი ნაციონალისტების ლიდერი და პრემიერმინისტრი ალექს სალმონდი. მიუხედავად ამისა, რჩება შთაბეჭდილება, რომ შოტლანდიელები მხარს დაუჭერენ გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას. უფრო მნიშვნელოვანი საკითხია ის უპირატესობა, რომლითაც გაიმარჯვებს კამპანია „ერთად უკეთესია“ (Better Together). დიდი შანსია იმის, რომ ეს გამარჯვება ნაკლებად დამაჯერებელი იქნება, ვიდრე ამას გაერთიანების მხარდამჭერები იმედოვნებენ, და შედეგი არ აღმოჩნდება საკმარისი არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. ასეთ შემთხვევაში გაგრძელდება ბრძოლა შოტლანდიისთვის ძალაუფლების გადაცემაზე, მათ შორის, უფრო ფართო ურთიერთობებისათვის გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა სუბიექტებს შორის.
ჯონათან ფორდი
დაეცემა თუ არა ბიტკოინის ფასი 50 დოლარზე დაბლა?
დიახ. ბიტკოინის ფასმა ახლახან 1200 დოლარს მიაღწია. ენთუზიასტები ამბობენ, რომ ამ ვირტუალური ვალუტის ბეჭდვა არ შეიძლება ვიღაც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ახირებით. თუმცა, მისი მაჩვენებლები რეგულარულად მცირდება დღეში 10%-ით. ეს პრობლემაა, თუკი გარიგება დღეს ფორმდება, ხოლო გადახდა მეორე დღეს იგეგმება. Silk Road-ის საიდუმლო ვებგვერდზეც კი, სადაც ბიტკოინები არალეგალური ნარკოტიკების შეძენისთვის გამოიყენებოდა, ფასები დოლარში იყო მითითებული. როგორც ვალუტა, ბიტკოინი პოპულარული არასდროს გახდება. ამბობენ, რომ ჩინელი ინვესტორები მას მხარს უჭერენ, მიაჩნიათ რა ის კარგ საშუალებად იმისთვის, რომ თავი აარიდონ კაპიტალის მოძრაობაზე კონტროლს. სხვების აზრით, ბიტკოინის ფასი მხოლოდ გაიზრდება. თუმცა, მთავრობას იოლად შეუძლია იმ პორტალების დახურვა, სადაც ვირტუალურ ვალუტას მყარ ვალუტაზე ცვლიან. 2013 წელს ჩინეთმა ინვესტორებს დარტყმა მიაყენა თავისი სადისტური გადაწყვეტილებით, რომელიც ციფრულ ფულად ნიშნებს უკანონოდ არ მიიჩნევს, თუმცა ბიტკოინების შეძენას კრძალავს. საკმარისია, სპეკულანტებს შეეშინდეთ მსგავსი ნაბიჯების გადადგმის სხვა ადგილებში, რათა ბიტკოინები გაუფასურდეს. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ მისი ფასი დაეცემა. თუმცა, ნუ შეეცდებით იმის გამოცნობას თუ როდის მოხდება ეს: როგორც კეინსი ამბობდა, ბაზრებს შეუძლია იმაზე დიდხანს დარჩეს ირაციონალური, ვიდრე თქვენ შეინარჩუნებთ თქვენს გადახდისუნარიანობას.
მარკ ვანდერველე
foreignpress.ge