საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2590 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვითარება ბირჟებზე დრამატულია და მინიმუმ რამდენიმე თვე მდგომარეობა არ შეიცვლება.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს გაძვირება პირდაპირ კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. მართალია, ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება.
ოქროს მორიგი უპირატესობა ინფლაციას უკავშირდება. ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ოქრო თავის მსყიდველობით უნარს და ღირებულებას მაშინაც კი ინარჩუნებს, როდესაც ინფლაციის დონე მკვეთრად იზრდება.
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს. ძირითადად, ოქროს ცენტრალური ბანკები, კერძო ინვესტორები და იუველირები ყიდულობენ. ინვესტორების მოთხოვნა პირდაპირაა დამოკიდებული ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ბოლო რამდენიმე თვეა საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს. დღეისათვის, 1 უნცია ოქროს ღირებულება 2587 დოლარს შეადგენს. როგორც „გალტ ენდ თაგარტის“ უფროსმა ანალიტიკოსმა სერგი ყურაშვილმა განაცხადა, 2024 წლის დასაწყისიდან ამ დრომდე, ძვირფასი მეტალი 21%-ითაა გაძვირებული.
„ბოლო თვეების განმავლობაში, ოქროს მიერ ახალი რეკორდის დამყარება, არცთუ ისე უჩვეულო ამბავია. შესაბამისად, არც აგვისტოს თვე იყო ამ მხრივ გამონაკლისი და სწორედ ამ პერიოდში, ოქროს ღირებულებამ პირველად გადაკვეთა 1 უნციაზე 2500-დოლარიანი ნიშნული“, - აღნიშნა სერგი ყურაშვილმა.
რაც შეეხება მიზეზებს, რომელთა გამოც ძვირფასი მეტალის ფასი რეკორდულად გაიზარდა, ანალიტიკოსები შემდეგ ფაქტორებს ასახელებენ: ცენტრალური ბანკების მხრიდან გაზრდილი შესყიდვები, ასევე აზიელი ინვესტორების, განსაკუთრებით კი ჩინელი ინვესტორების გააქტიურება.
„გააქტიურებულები არიან ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებიც, რომლებიც საკუთარი პორტფოლიოს გამდიდრებას ოქროთი ცდილობენ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოქროზე არსებული მაღალი მოთხოვნის გამო, ჯერ ფასების ზრდა დასრულებული არ არის. ამასთან, მსოფლიოში კვლავ არსებობს არაერთი გეო-პოლიტიკური რისკი, კვლავ რჩება კონფლიქტის კერები“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
ძვირფასი მეტალის ფასებზე დამატებით ზეწოლას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნებიც. მათ შორის აშშ-ში, სადაც მიმდინარე მოვლენები, როგორც წესი, ოქროს ფასებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. შესაბამისად, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ზოგიერთი საინვესტიციო ბანკი პროგნოზირებს, რომ ძვირფასი მეტალის ღირებულება 2025 წელს, შესაძლოა, 2700 დოლარამდეც კი გაიზარდოს.
ქართველი ექსპერტებიც ფიქრობენ, რომ ოქროს ფასი კიდევ გაიზრდება. როგორც ფინანსისტმა, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ აღნიშნა, ძვირფასი ლითონის ღირებულება რამდენიმე თვე კიდევ აღმავალ ტრენდში იქნება.
„ოქრო რომ გაძვირდებოდა, ჩვენ ამის შესახებ 2019 წელს ვსაუბრობდით. მაშინ, გავაკეთეთ განცხადება, რომ 2023 წლის შემდეგ ოქრო ფასი გადასცდებოდა 2200 დოლარს.
ვხედავთ მსოფლიოში რა სიტუაციაცაა. გეოპოლიტიკური მდგომარეობა დაძაბულია, ევროკავშირი დაშლის პირსაა და დოლარი სუსტდება და ინვესტორებში ნდობას კარგავს.
ოქროს ფასმა სტაბილური ზრდა დაიწყო 2022 წლის ოქტომბრის ბოლოდან და მისი ღირებულება აღმავალ მდგომარეობაშია. საერთოდ, დოლარი, ოქრო, ნავთობი ერთმანეთთან გარკვეულ კორელაციაშია. რამდენიმე თვე მხოლოდ გაძვირება გველის“, - აღნიშნა შენგელიამ.
ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.
ოქროს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც კრიზისისგან თავის დაზღვევის საშუალებას, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ოქრო მაშინაც კი ინარჩუნებს თავის ღირებულებას, როდესაც გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად უარესდება და კრიზისის რისკები იზრდება.