აშშ-დან საქართველოს მოქალაქეების მისამართით სანქციები ახალი პაკეტი დაიძრა. ამჯერად საუბარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელძღვანელ ზვიად ხარაზიშვილსა და მის მოადგილეზე. სანქციების ქვეშ მოხვდნენ ასევე „ალტ ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. მათ გარდა, სავიზო შეზღუდვა დაუწესეს 60-ზე მეტ ქართველს და მათ ოჯახის წევრებს.
სანქციების ახალი ტალღა, რასაკვირველია, პირდაპირ უკავშირდება არჩევნების მოახლოებას. ამით ახალი მძლავრი სიგნალი იგზავნება დასავლეთიდან, რომ ისინი ყურადღების მოდუნებას არ აპირებენ. პოლიტიკური „ანგარიშწორება“ კი შესაძლოა, ეკონომიკურ წნეხში გადაიზარდოს.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ნიშნავს, რომ ამ პირებს უკვე ეზღუდებათ ფინანსურ რესურსებზე წვდომაც. როგორც ცნობილია, შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს უნდა დაემორჩილონ ქართული საფინანსო ინსტიტუტებიც.
საქართველოს საბანკო სისტემა დაიცავს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს. როგორც ასოციაციაში განაცხადეს, ქართული ბანკები გადაწყვეტილებას საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით მიიღებენ.
„საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს“, - ითქვა საბანკო ასოციაციაში.
ფინანსთა სამინიტროში კი განაცხადეს, რომ სანქციები არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი, თავად უწყება ვერანაირად ჩაერთვება ამ მიმართულებით.
„ფინანსთა სამინისტროს არ ეხება, ეს არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი სანქცია. ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერთვებით. მოვისმინე საბანკო ასოციაციის განმარტება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ყველა კომერციული ბანკი უზრუნველყოფს შესაბამისი სანქციების აღსრულებას. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით.
მე არ მგონია, რომ საბანკო სექტორს რაიმე რეპუტაცია გადასარჩენი ჰქონდეს, საბანკო სექტორი უზრუნველყოფს თავისი პროცედურების მიხედვით ამ სანქციების აღსრულებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
ბიზნესი თავის მდგომარეობას უფრთხილდება. მათი აზრით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არ გაღრმავდეს სანქციები.
„ჩვენ ვმუშაობთ ხელისუფლებასთან. ამ სიტუაციის გათვალისწინებით, მთავრობაის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ ბეწვის ხიდზე გაგვატაროს და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ არ გაღრმავდეს ეს სანქციები“, - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდეტმა ლაშა პაპაშვილმა.
ასეა თუ ისე, მთავრობის წევრებიც და ბიზნესმენებიც ადასტურებენ, რომ ეს არ არის იმ მასშტაბის სანქციები, ეკონომიკაზე რაიმე ტიპის გავლენა მოახდინოს. BDO-ს მმართველმა პარტნიორის ზურაბ ლალაზაშვილის აზრით, სანქციებს ეფექტი ექნება იმ შემთხვევაში, თუკი არ გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობის მიმართულებით, ამან შეიძლება ქვეყანა მაღალრისკიანად შეაფასოს.
„სანქციებზე რომ ვთქვათ, ჯერ ეფექტი არ იგრძნობა. ეს არ არის იმ მასშტაბის სანქციები, რომ ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს. ერთადერთი, ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს არის ის, რომ ბიზნესი იზრდება, ეკონომიკა იზრდება, თუმცა არსებობს გამოწვევები ამა თუ იმ სექტორთან დაკავშირებით. რომ ვთქვათ, რომ სანქციებს ბიზნესზე აქვს გავლენა, აქტივობა შენელებულია და ა.შ. ასე არ არის.
თუ გაიზარდა სანქციების თემა და ჩვენ არ გაგვეხსნა მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობაზე, ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანა შეიძლება უფრო მაღალრისკიანად შეფასდეს, ხოლო ეს თავის მხრივ გამოიწვევს იმას, რომ შესაძლებელია, საკრედიტო რეიტინგები გაუარესდეს და გაგვიძვირდეს ის ფული, რომელსაც კერძო სექტორისთვის მთავრობა იზიდავს საქართველოში. ამან შეიძლება მოახდინოს გავლენა შემდგომ წლებში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების გახსნა წევრობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლალაზაშვილმა.
თუმცა არსებობს, სხვაგვარი მოსაზრება, თუმცა ის არა ბიზნესის წარმომადგენლებს, არამედ იურისტებს ეკუთვნით. იურიდიული კომპანია BLB-ის დამფუძნებელმა და მმართველი პარტნიორის კახა შარაბიძის ვარაუდით, პოლიტიკური სანქციების გამოყენებას პირდაპირი გავლენა ექნება კაპიტალურ ბაზრებზე და კიდევ უფრო გაურთულებს ქართულ კომპანიებს თანხის მოზიდვის შესაძლებლობებს.
„საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და საერთაშორისო მედიაში როცა ასეთი „ჰედლაინები“ ჩნდება, როგორიცაა პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ფიგურების დასანქცირება და სხვა მსგავსი, ეს, ბუნებრივია, კიდევ უფრო აუარესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. საერთაშორისო თვალსაზრისით, ასეთი ფაქტი აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას ზოგადი სახით, კონკრეტულად კი მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტიპის პოლიტიკური სანქციების გამოყენებას პირდაპირი გავლენა ექნება კაპიტალურ ბაზრებზე და კიდევ უფრო გაურთულებს ქართულ კომპანიებს თანხის მოზიდვის შესაძლებლობებს, განსაკუთრებით აშშ-დან და ევროპიდან.
ბოლო პერიოდში პოლიტიკურმა ვითარებამ და იმ განწყობებმა, რაც მედიაში მუსირებს, უკვე დააზარალა ბიზნესი, ძალიან ბევრ ინვესტიცია დაპაუზებულია და ელოდება მოვლენების განვითარებას, ბევრმა კი საერთოდ უარი თქვა ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებაზე. ახალ-ახალი სანქციების გამოჩენა უფრო მეტად აუარესებს ქვეყნის იმიჯს, მისი გამოსწორება კი მოკლე პერიოდში ვერ მოხერხდება, ეს დიდ დროს მოითხოვს“, - განაცხადა კახა შარაბიძემ.
ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ კი გარკვევით ახსნა რას ნიშნავს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები.
„ეს ნიშნავს იმას, რომ საფინანსო სექტორმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც დააწესა ამერიკის ხაზინამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილება იმ წესებს, რომელიც გათვალისწინებულია ამერიკის ხაზინის გადაწყვეტილებით, შეექმნება პრობლემები (საფინანსო სექტორს).
ვინც არიან დასანქცირებულნი, ისინი ვერ ისარგებლებენ უცხოური ვალუტის ოპერაციებით, ასევე მოუწევთ საბანკო ანგარიშების დახურვა ქართულ ბანკში, მათ შორის, ისინი ვერ ისარგებლებენ „ვიზა“ და „მასტერქარდებით“, შეეზღუდებათ სალარო ოპერაციებიც.
ეროვნული ბანკის პოზიცია ჩვენ გვახსოვს ფარცხალაძესთან დაკავშირებით, მაგრამ კომერციული ბანკები ეროვნულის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილნენ და ფარცხალაძეს მოუწია ყველა ანგარიშის დახურვა. ასე რომ, კომერციული ბანკები არიან „სვიფტზე“ მიბმული საფინანსო ინსტიტუტები და მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, მოუწევთ დაემორჩილონ ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა აკაკი ცომაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.