“2014 წელს ხელისუფლებას ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა”

“2014 წელს ხელისუფლებას ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა”

“წელს საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იფეთქებს, სოციალური პრობლემები კიდევ უფრო მწვავედ დადგება”, - განუცხადა for.ge-ს საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა კახი კახიშვილმა. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ხელისუფლების მიმართ ბევრი კითხვა გაჩნდება და მას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი თავს იმით ვეღარ გაიმართლებს, რომ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა და დაპირებები ამიტომ ვერ სრულდება.

კახიშვილის განცხადებით, ქვეყნის წინაშე სერიოზული გამოწვევა კვლავ არჩევნები იქნება და მას საარჩევნო კოდექსში მნიშვნელოვანი რეგულაციების ცვლილებები მოუწევს.

კახიშვილი “ოცნების” შიგნით გარკვეულ დაპირისპირებასაც ელოდება, თუმცა თვლის რომ საზოგადოებითვის ეს ხილული არ გახდება. პოლიტოლოგი დაპირისპირებას “ნაციონალურ მოძრაობაშიც” ელოდება.

რა პოლიტიკურ პოცესებს ელოდებით 2014 წელს საქართველოში? რით იქნება ეს წელი გამორჩეული?

- 2014 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება, ვინაიდან გასულმა წელმა ჩაყლაპა ბევრი პრობლემა. ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენის საკითხის ერთი წლით გადაწევა კოაბიტაციისა  და სხვა პრობლემების თავის მართლებით შეძლო.

ქვეყანაში სოციალური პრობლემებიც მწვავედ დგას, რაც მოსახლეობაში ქვეყნის ხელისუფლებისადმი ბევრ კითხვის ნიშანს გააჩენს, თუ აქამდე მმართველი გუნდი ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ახერხებდა, რომ ორხელისუფლებიანობაა და თავს იმართლებდა, თითქოს დაპირებებს ამის გამო ვერ ასრულებდა ახლა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ასეთი კითხვა ბევრი იქნება დაწყებული სოციალური პრობლემებიდან და დამთავრებული სამართლიანობის აღდგენამდე, ასევე ძალიან აქტუალური იქნება ბიზნესების დაბრუნების, კომპენსაციის და სხვა საკითხები. 

გველოდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ნებისმიერ სხვა არჩევნებზე რთულია. ამიტომაც ეს არჩევნები ხელისუფლებისათვის სერიოზული ტესტი იქნება. ველოდები რომ ხელისუფლება არჩევნებს ღირსეულად ჩაატარებს. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს. საარჩევნო კოდექსი “ნაცმოძრაობის” მიერ აწყობილი სისტემის მიხედვით მხოლოდ ხელისუფლებაზეა მორგებული. გარდა ამისა ეუთოს რეკომენდაციის მიხედვით კოდექსში ცვლილებები ერთი წლით ადრე უნდა იყოს შეტანილი, მაგრამ ცვლილებების შეტანა არჩევნებამდე 4-5 თვით ადრე მოგვიწევს. ეს რა თქმა უნდა გარკვეულწილად ვითარებას დაძაბავს, რა თქმა უნდა არასაპრალამენტო ოპოზიცია გააქტიურდება. თბილისისა და სხვა ქალაქების მერობისთვის ბრძოლა სერიოზულ სახეს მიიღებს. ხელისუფლებას ძალიან ბევრი საკითხის გადაწყვეტა მოუწევს.

თქვენი აზრით, როგორ გადანაწილდება ძალთა თანაფარდობა?

- არჩევნების შედეგების თქმა ძნელია, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული როგორ მიიღებს არჩევნებში არასაპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობას, ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის, ასევე სხვა თვითმმართველ ქალაქში სადაც მერი იქნება არჩეული. ჯერჯერობით შედეგებზე რაიმე კონკრეტულის თქმა გამიჭირდება. ფაქტია, რომ ხელისუფლებას კოდექსში ბევრი რეგულაციის ცვლილების შეტანა მოუწევს. როგორც მინიმუმ მერის არჩევისთვის 30%-იანი ბარიერის საკითხის გადახედვა მოუწევს, ამას ხელისუფლება თავად აკრიტიკებდა, როდესაც ოპოზიციაში იყო. ასევე საარჩევნო სიებისა და ადმინისტრაციისა და სხვა საკითხების მოგვარებაც მოუწევს.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიციაში გარკვეულ დაპირისპირებას ან ვითარების დაძაბვასაც ხომ არ ელოდებით?

- შესაძლოა ეს ხილულად ვერ ვნახოთ რომ კოალიციაში შემავალი სუბიექტები ერთმანეთს უპირისპირდებიან, მაგრამ ფაქტია, რომ “ოცნებაში” ვიღაც-ვიღაცეებს საკუთარი თავის წამოწევა მოუნდებათ. მიმაჩნია, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უფრო იქნება ერთმანეთთან ოპონირების რეჟიმი.

პრემიერ-მინისტრს არჩევნების შემდეგ მთავრობის გადახალისებაც მოუწევს.

ვის გულისხმობთ?

- კონკრეტულად არავის ვგულისხმობ, მაგრამ ყველა სამინისტროს უკეთესად მუშაობა შეეძლო. გარდა ამისა ხელისუფლების პირველი ნაბიჯები მანქანებისა და სხვადასხვა ტექნიკის ყიდვის ტენდენცია  ძალიან აღიზიანებს ხალხს და იმედი მაქვს, რომ ასეთი ტიპის არც მინისტრები და არც სხვა თანამდებობის პირები აღარ გვეყოლება. 

ცვლილებები, ალბათ, “ნაციონალურ მოძრაობაში მოხდება...

- “ნაცმოძრაობაშიც” აშკარაა შიდა დაძაბულობა, არის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა. განსაკუთრებულად საკამათო საკითხია თუ ვინ უნდა იყოს თბილისის მერობის კანდიდატი. მათი მთავარი მიზანია რომ მეორე ადგილი მაინც აიღონ არჩევნებზე. ისიც ფაქტია, რომ სტრუქტურულად ძალიან ძლიერი პარტიაა და ეს დაეხმარება მათ. ხელისუფლების ზოგიერთი არაკომპეტენტური გადაწყვეტილების ფონზე “ნაცმოძრაობა” შეტევის რეჟიმზეა გადასული. მართალია “ნაცმოძრაობას” აქვს პრობლემები, მაგრამ სანამ შესაძლებლობა ექნება იგი შემტევ რეჟიმზე იქნება გადასული. ისეთი შთბაეჭდილება მრჩება, რომ ზოგ შემთხვევაში ხელისუფლება “ნაცმოძრაობის” ოპონირებას ვერ უძლებს, ზოგ შემთხვევაში კი ამ ოპონირებას აგებს. ამ ყველაფრის ფონზე “ნაციონალები” ეცდებიან რომ ხალხს თავი ძლიერ პარტიად წარმოუჩინონ.

გასულ წელს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების პარაფირება მოახდინა… თუ ელოდებით ამ მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯებს და რა რეაქციას უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან?

- ამ ხელშეკრულების ხელმოწერის ვადამ გადმოიწია და მას ხელი ძალიან მალე მოეწერება. ამ ფონზე რუსეთის ზეწოლა მოსალოდნელია. ხელისუფლების მხრიდან გააზრებული პოლიტიკაა საჭირო, რომ რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხეების ამოცნობა წინასწარ იყოს შესაძლებელი.

ნატოზე საუბარმა მეორე პლანზე გადაიწია...

- მართალია ნატოზე საუბარმა მეორე პლანზე გადაიწია, მაგრამ მოდით ისიც ვთქვათ, რომ ნატოზე საუბარმა არაფერი არ მოგვიტანა. ნატო, ნატოს ძახილით ვინმემ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მიგვიღო?! საუბარი კი არაა საჭირო, არამედ რეალური რეფორმების გატარება, რომ ამ რეფორმების შედეგად ჩვენი ნატოში შესვლა იყოს შესაძლებელი. მხოლოდ საუბარი რომ საქმეს არ შველის ეს მგონი გასულმა წლებმაც გვაჩვენა.