ვანო მერაბიშვილს და დათა ახალაიას შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ

ვანო მერაბიშვილს და დათა ახალაიას შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ

წამებისა და არასათნადო მოპყრობის ფაქტებზე, მთავარ პროკურატურაში 170 სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს. დევნა დაწყებულია 63 პირის მიმართ, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ამავე დაწესებულების 9 დირექტორის, 7 მოადგილის და სხვა მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ. გამატყუნებელი განაჩენი უკვე დადგა 29 პირის მიმართ, მათ შორის არიან ყოფილი მაღალჩინოსნები. მიმდინარე გამოძიების პროცესში დადგენილია, რომ დაკავებულთა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებში უშუალოდ მონაწილეობდა კუდ-ის დირექტორის მოადგილე, მეგის ქარდავა.

ისტორია, რომელზეც გიამბობთ მძიმე. დანაშაული „რეფორმირებულ“ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა, რომლის ხელმძღვანელი წლების განმავლობაში იყო ბაჩო ახალაია. ამ დანაშაულის კვალი კი ახალაიას მეგობარ, მეგის ქარდავასთან მიდის. საქმე ეხება აფხაზეთიდან დევნილი 21 წლის ელდარ ქობალიას მკვლელობის საქმეს. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, არაა გამორიცხული, რომ ამ საქმეზე ვანო მერაბიშვილს, დათა ახალაიას და სოსო თუფურიძეს ბრალი დაუმძიმდეთ.

ეს შემზარავი დანაშაული სამი წლის წინ გლდანის მე-8 დაწესებულებაში მოხდა. საბერიოს მკვიდრი ელდარ ქობალია 2011 წლის 1 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირიდან გაუჩინარდა. თუმცა, მოგვიანებით გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ პოლიციამ ის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. დაკავებული სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის წინსაწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

დაკავებულს იმავე დღეს შსს-ს სამეგრელოს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა ესტუმრა და მისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარება მოითხოვა, რასაც ქობალია არ დაეთანხმა. ამის შემდეგ ქარდავამ გასცა ბრძანება მისი წამების შესახებ, რაც სისრულეში მოიყვანეს ქარდავას თანამშრომლებმა. როგორც გამოძიებით ირკვევა, იმავე ღამით, ზუგდიდში, სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობაში იმყოფებოდნენ ყოფილი შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი, კუდ-ის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, სოსო თოფურიძე და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები.

სასტიკად ნაცემი ქობალია 5 აპრილს, თბილისში კუდ-ის შენობაში გადაიყანეს. 6 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ქობალია გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც პროკურორი კოკა კაციტაძე ამბობს, გლდანის ციხეში მის წამებაში მეგის ქარდავას გარდა, ახალი პირებიც ჩაერთვნენ.

„ელდარ ქობალიაზე ზეწოლის გაგრძელების მიზნით, მე-8 დაწესებულების დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის უკანონო სიტყვიერი ბრძანებით, ქობალია შესახლებისთანავე მოთავსებული იქნა ე.წ. „ფუქსებში“, სადაც ის 6 დღის განმავლობაში ჰყავდათ მოთავსებული.

11 აპრილს, მე-8 დაწესებულებაში მივიდნენ გაგა მკურნალიძე და მეგის ქარდავა, რომელთა მითითებითაც დაწესებულების თანამშრომლებმა დირექტორის მოადგილის კაბინეტში აიყვანეს პატიმრები ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ ცემდნენ, აწამებდნენ ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით“, - ამბობს კოკა კაციტაძე.

მისივე განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ პატიმართა წამებისას მეგის ქარდავა და გაგა მკურნალიძე იმდენად ხშირად იყენებდნენ ელექტროშოკს, რომ მოწყობილობა ორჯერ გახდა დასატენი. 21 წლის ელდარ ქობალია 2011 წლის 11 აპრილს გვიან ღამით გარდაიცვალა. თუმცა, საბერიოში მყოფი მისი ოჯახის წევრებისთვის პატიმრის გარდაცვალების შესახებ არ უცნობებიათ.

„წამების დროს, ელდარ ქობალიამ ვერ გაუძლო მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და დაკარგა გონება. რამდენიმე საათიანი წამების შემდგომ, მეგის ქარდავამ და გაგა მკურნალიძემ გონებადაკარგული ელდარ ქობალია ოთახის კარებთან მიათრიეს და იქვე დატოვეს. წამების შედეგად, ელდარ ქობალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

შუადღისას, ციხის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, ფაქტიურად უგონო მდგომარეობაში მყოფი ქობალია ე.წ. „ფუქსებიდან“ გადაყვანილი იქნა საკანში, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ვიზუალურად გასაკონტროლებლად, შესახლებული იქნა სხვა პატიმარი. მოგვიანებით ელდარ ქობალიას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ისე, რომ მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, ის იმავე დღეს გარდაიცვალა“, - ამბობს კოკა კაციტაძე.

ქობალია ობოლი იყო. მას საბერიოში ბებია და ბაბუა ზრდიდა. შვილიშვილის გაუჩინარების შესახებ იმავე დღეს შეატყობინეს ზუგდიდის პოლიციას, თუმცა პოლიციაში მათ დაუმალეს, რომ ელდარ ქობალია დაკავებული ჰყავდათ. პოლიციაში მისულებს განუცხადეს, რომ განცხადება დაეწერათ ადამიანის გაუჩინარების თაობაზე. მეტიც, როგორც გამოძიებით ირკვევა 1 აპრილის ნაცვლად, დაკავების ოქმში ოფიციალურ დაკავების თარიღად 4 აპრილია მითითებული. დაკავებიდან 16 დღის შემდეგ, საქმეში ოფიციალურად ერთვება ადვოკატი ლექსო არქანია, მაგრამ გლდანის ციხეში მისულ ადვოკატს პატიმარი ადგილზე არ დახვდა.

„ადგილზე მისულს ქობალია არ დამხდა. ის თურმე 10 დღის გარდაცვლილი იყო. მითხრეს, რომ ასეთი პიროვნება საერთოდ არ იყო შემოსული, მერე მითხრეს, რომ კი შემოსული იყო, მაგრამ განთავისუფლებული იყო. როცა მოვითხოვე დასკვნა ადამაინი ტერორისტული აქტის ორგანიზების ბრალდებით იყო დაკავებული და რის საფუძველზე განთავისუფლდა-თქო, ამის შემდეგ მითხრეს, პატიმარი მე-18-ე დაწესებულებაში მომეძია, მაგრამ ვერც იქ მივაგენი კვალს. არსად არ იყო დაფიქსირებული ელდარ ქობალია, იმდენად გასაიდუმლოებული იყო ეს საქმე. როდესაც ქობალიას ძიება დავიწყე, კუდ-მა შემომითვალა, რომ თავი დამენებებინა ამ საქმისთვის, იყო ზეწოლა, მაგრამ მაინც გავაგრძელე ამ საქმის ძიება და ადამიანი ვიპოვე უპატრონოთა ველის სასაფლაოზე, იქ იყო დაკრძალული.

3 დღე ვადგენდი დაკარგული იყო, გარდაცვლილი თუ გათავისუფლებული. მივმართე სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, გენინსპექციას, სამინისტროს, რომ დაედგინათ ადგილსამყოფელი. ამის შემდეგ მივმართე პროზექტურას, საიდანაც მაცნობეს, რომ 2011 წელის 11 აპრილს, გლდანის ციხის მაშინდელი ხელმძღვანელის, მუხაძის მომართვით  ქობალია პროზექტურაში იქნა გადაყვანილი. ამ ინფორმაციასაც არ მიდასტურებდა სასჯელაღსრულების სამინისტრო“, - ამბობს ადვოკატი.

ადვოკატს მხოლოდ სამის დღის შემდეგ აცნობეს, რომ პატიმარი ქობალია თბილისში აფრიკის დასახლებაში, ველის სასაფლაოზე იყო დაკრძალულუ. მისივე თქმით, შსს-ს და კუდ-ი ორი კვირა ევაჭრებოდა ოჯახს, სანამ ცხედრის გადასვენების უფლებას მისცემდნენ - ქობალიებს ცხედრის სანაცვლოდ, ოჯახს უარი ათქმევინეს ადვოკატზე და საქმის შემდგომ გამოძიებაზე. ოჯახი ამბობს, რომ მათ დასახმარებლად არაფერი გააკეთა მაშინდელმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა. საბოლოოდ, ცხედარი მხოლოდ 26 აპრილს გადასცეს ქობალიებს.

გალის რაიონში, სოფელ საბერიოში გადასვენებული ცხედარი ადგილობრივმა ქირურგმა ნახა. ვიზუალური დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ცხედარს ჩამტვრეული ჰქონდა ორივე ფეხის ქუსლი, გადამტვრეული ჰქონდა ხელის თითები, მათ შორის ნიკაპი, დამტვრეული ჰქონდა ყველა ნეკნი. ადვოკატი გვამის ესგუმაციას ითხოვს.

„ადამაინი მკვდარი გამოასვენებს მე-8 დაწესებულებიდან, არც ერთი ძვალი მთელი არ ჰქონდა, სასტიკი მეთოდებით აწამეს, რომელსაც ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით არის ნაცემი. არცერთი ძვალი არ ჰქონდა მთელი, ამ დროს ლევან სამხარაულის ექსპერტიზა უთითებს, რომ გარეგან დაზიანებებს. ამიტომ, მინდა გვამის ესგუმაცია, რომ საქმეში ჩაიდოს რეალური ფაქტი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობში უნდა მიეცეს ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ის სპეციალისტები, რომლემბაც დაწერეს ეს ყალბი ჩვენება.

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზა იყო ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც აყალბებდა დასკვნებს. ყველა გარდაცვლილზე იძლეოდნენ ყალბ დასკვნას. ამიტომ მჭირდება გვამის ესგუმაცია და ალტერნატიული სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება, რომ ელდარ ქობალიაზე დაიდოს რეალური დასკვა, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი“, - ამბობს for.ge-სთნ საუბრისას ლექსო არქანია.

ადვოკატი ყველა დამნაშავის დასჯას მოვითხოვს. მისი თქმით, უამრავი ადამიანი არსებობს, რომელმაც ნახა როგორ აწამებდნენ ქობალიას. მისი თქმით, ქობალიას წამების მიზეზი იყო ის, რომ ქობალიას ტერორისტული აქტის მზადების შესახებ აღიარებითი ჩვენება მიეცა, დაესახელებინა ის თანამდებობის პირები, რომელთა დაკვეთით, თითქოსდა ქობალია ხელმძღვანელობდა და ამზადებდა ტერაქტს.

ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრის წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გაგა მკურნალიძე და შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 2 აპრილს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ იქნა 1989 წელს დაბადებული ელდარ ქობალია, რომელიც გადაყვანილი იქნა ზუგდიდის პოლიციის შენობაში, სადაც აწამეს, მოუწყვეს სქესობრივი ძალადობის ინსცენირება და მეგის ქარდავა, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, თხოვდა ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში

 ბრალდებულებს ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

როგორც ცნობილია, მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, გაგა მკურნალიძე უკვე დაკავებულია სხვა საქმეზე. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება ამ საქმეზე სხვა პირების ბრალეულობის დასადგენად.