2014 წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაზღვევის მქონე პირები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გაერთიანდებიან. ეს ნიშნავს, რომ პედაგოგებს და სოციალურად დაუცველებისაც აღარ მოუწევთ კერძო მზღვეველებთან ურთიერთობა. ამის გამო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას სადაზღვევო კომპანიები ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ.
სახელმწიფო პროგრამა „ალფას“ შემდეგ სადაზღვევო კომპანია „ქართუმაც“ დატოვა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, პროგრამას გამოთიშული კომპანიების ბენეფიციარების დაზღვევის ვალდებულებას სახელმწიფო აიღებს.
აღსანიშნავია, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ისარგებლებს გაკოტრების რეჟიმში გადასული „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ 380 000 ბენეფიციარიც.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო დაზღვევის მქონე პირების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გაერთიანება 2014 წლის ბოლომდე დასრულდება.
„საქართველოს მთავრობის 165-ე დადგენილებით, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევას ითვალისწინებს, სულ დაახლოებით 800 ათასი ადამიანი იყო დაზღვეული, აქედან 380 ათასი ადამიანი „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“. მისი გაკოტრების შემდეგ სახელმწიფო დაზღვევის მოსარგებლეები საყოველთაო ჯანდაცვის მართვაში ავტომატურად გადმოვიდნენ“, - განაცხადა ჯანდაცვის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა რუსუდან გოგოლაშვილმა.
როგორც ცნობილია, „არქიმედეს“ კორპორაციული დაზღვევის მქონე ბენეფიციარებიც ჰყავდა. კომპანია უკვე გაკოტრებულია და საინტერესოა რა ბედი ელით მათ?
„რადგან მათი კერძო დაზღვევა შეწყდა, ისინი 1-ლი იანვრიდან ავტომატურად საყოველთაო პროგრამაში ჩაჯდებიან მინიმალური პაკეტით, რომელიც მოიცავს გადაუდებელი მკურნალობის დაფარვას, ასევე პოლიკლინიკურ სერვისებს. ამასთან, ყველა იმ ადამიანს, ვინც რაღაც მიზეზის გამო, გასული წლის 1-ლი ივლისის შემდეგ კერძო სადაზღვევო კომპანიის პოლისი დაკარგა, მინიმალური პაკეტი ეძლევა, ანუ ადამიანები გადაუდებელი შემთხვევებისგან დაცული იქნებიან“, - აცხადებს გოგოლაშვილი.
გავრცელდა ინფომარცია, რომ „არქიმედეს“ გაკოტრება სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარი დაუჯდება, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ „არქიმედეს“ ვალებზე სახელმწიფო პასუხისმგებელი არ არის.
„კერძო სუბიექტის ურთიერთობაში სახელმწიფო, წესით, არ ერთვება. მათი ვალები ერთმანეთში გასარკვევია. რაც შეეხება კონტინგენტის მართვას. 380 000 ადამიანზე სახელმწიფო „არქიმედეს“ თვეში დაახლოებით, 5 200 000 ლარს უხდიდა. ახლა ამ თანხას სახელმწიფო კომპანიას აღარ გადაუხდის და კონტიგენტს თავად მართავს. ჩვენ უკვე გვაქვს სტატისტიკა და ზუსტად ვიცით, რომ ეს თანხა საკმარისი იქნება, რათა ეს კონტიგენტი იმართოს, პირიქით, ჩვენი ვარაუდით, ამდენს არც დავხარჯავთ“, - აღნიშნა „ინტერპერსნიუსთან“ საუბრისას გოგოლაშვილმა.
რაც შეეხება პედაგოგებს, მათი პოლისის განახლება 218-ე დადგენილების პირობების თანახმად 1-ელ იანვარს უნდა მომხდარიყო. თუმცა, სახელმწიფომ ამ ბენეფიციარების კერძო სადაზღვევო კომპანიებთან გადამისამართების პროცესი შეაჩერა და ამაზე ვალდებულება თავად აიღო. ამიტომ, პედაგოგები, ავტომატურად, მთელი საქართველოს მასშტაბით, საყოველთაო დაზღვევაში გადავიდნენ ისეთივე პირობებით, როგორც აქამდე იყვნენ დაზღვეულნი.