სასჯელაღსრულების სამინისტრომ ყოფილი შს მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით ვიდეოკამერის მონაცემები უკვე ამოიღო. სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებით, მოკვლევა გრძელდება, რომლის ფარგლებში ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია გამოსაკითხი. მერაბიშვილის ე.წ.მატროსოვის ციხიდან გაყვანის საკითხზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით სულ 30-მდე ვიდეოკამერის მონაცემია ამოღებული. მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით მოკვლევას სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.
სოზარ სუბარის განცხადებით, მისი უწყების მხრიდან დაწყებული მოკვლევა გრძელდება და შედეგები პროცესის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.
„მოკვლევა გრძელდება. დასაკითხია ძალინ ბევრი ადამიანი. თვითონ ვანო მერაბიშვილი უკვე გამოიკითხა. ამოღებულია ქალაქში ვიდეოკამერის მონაცემები. ზუსტად არ ვიცი რამდენი, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის. ამ ყველაფრის შესაწავლა ხდება. როგორც კი შესწავლა დამთავრდება, ყველაფერი გამოაშკარავდება და ინფრომაცია საჯარო გახდება“, - აცხადებს სოზარ სურაბი.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე შანტაჟში დაადანაშაულა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგი ციხიდან, სავარუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობაში გაიყვანეს, სადაც ერთ-ერთ კაბინეტში მას დახვდა ოთარ ფარცხალაძე, რომელმაც მერაბიშვილს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და მიხეილ სააკაშვილის კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის საქმეზე თანამშრომლობა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ ციხეში მისი ყოფნის პირობებს გააუარესებდა.
ყოფილმა პრემიერმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. მერაბიშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა დააყენა შუამდგომლობა მოსამართლესთან, რათა ამოეღოთ ის ვიდეოფირები, რომლითაც, მისი მტკიცებით, დასტურდება, რომ ის გაიყვანეს საკნიდან და ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მასზე განახორციელა ზეწოლა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ამ ორ საქმეს ერთმანეთთან კავშირი არა აქვს, რამაც ბრალდებულის პროტესტი გამოიწვია და სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც კახიძე ამბობს, მათი ინფორმაციით, ფირები უკვე განადგურებულია. თავად მერაბიშვილი აცხადებს, რომ უკვე დარწმუნებით შეუძლია თქვას ვინ იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მთავარ პროკურორთან ერთად. მერაბიშვილის განცხადებით, ეს იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმა დარბაისელი, რომლის მანქანითაც ციხიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადაიყვანეს.
მისივე თქმით, მომდევნო სასამართლო სხდომებზე წარადგენს ფოტოსურათებს სასჯელაღსრულების დაწესებულების იმ თანამშრომლებისა, რომლებიც საპატიმროდან მის გაყვანაში მონაწილეობდნენ.
როგორც ცნობილია, ექს-პრემიერმა ე.წ. მატროსოვის ციხეში ჩვენება მისცა. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მერაბიშვილი 14 დეკემბერს მისი საპატიმროდან გაყვანის ფაქტის შესახებ გაკეთებული განცხადების თაობაზე დაკითხეს. ჩვენების მიცემას ესწრებოდა მერაბიშვილის ადვოკატი დავით ხაჟალიაც, რომლის განცხადებით, მერაბიშვილი ციხიდან გაყვანის შესახებ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაკითხეს.
„შეიძლება ითქვას, რომ მოკვლევა არ ატარებს სრულყოფილ საგამოძიებო მოქმედებებს, ვინაიდან პასუხი იმ კითხვებზე, რაც ჩვენ და საზოგადოებას აინტერესებს, შეუძლებელია მივიღოთ. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - ჩვენ კვლავ ვითხოვთ, რომ ამ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება“, - განუცხადა for.ge-ს დავით ხაჟალიამ.