საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებულმა საკონონმდებლო ინიციატივამ ახალი პრემიერი მოთმინებიდან გამოიყვანა და ნადღესასწაულებ მინისტრებს წკეპლა მოუმარჯვა. რამდენად შეიცვლება პარლამენტში შეტანილი პროექტი, მალე გაირკვევა, თუმცა მისი ერთ-ერთი ინიციატორი მინისტრი, პრემიერის შენიშვნის მიუხედავად, ძველ პოზიციაზეა.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ პარლამენტს საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებული მუხლის (საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლი) შეცვლის ინიციატივით უკვე მიმართა. სუბიექტთა წრე, რომელსაც შეიძლება საგადასახადო საიდუმლოებასთან წვდომა ჰქონდეს, ამჟამად მოქმედი საგადასახდო კანონმდებლობით, შეზღუდულია. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ეს წრე ფართოვდება და საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებული მუხლი მთლიანად ახალი რედაქციით ყალიბდება.
კანონპროექტის თანახმად, საგადასახდო ორგანოს უფლება ეძლევა, გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების ან გადასახადის გადამხდელის თანხმობის გარეშე გადასცეს მთავრობას, ყველა სამინისტროს, სამართალდამცავ ორგანოს, სახალხო დამცველს და სხვა, კანონით დადგენილ სუბიექტებს, რაც, პროექტის მიხედვით, „კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის“ შეიძლება მოხდეს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს სწორედ ეს არ მოეწონა და მინისტრები საკმაოდ დატუქსა. მისი აზრით, უწყებას, რომელსაც სჭირდება ინფორმაცია, ფინანსთა სამინისტრომ უნდა მიაწოდოს.
„ვისაც სჭირდება, მიაწოდეთ ინფორმაცია და თუ არ სჭირდება, რატომ უნდა გასცეთ? ერთმანეთს შეუთანხდით ხოლმე და მერე გააკეთეთ კანონპროექტის ინიცირება, ვისაც არ ეზარება, კანონპროექტის ცვლილებას აკეთებს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენელი ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრის პოზიციას იზიარებს და მიიჩნევს, რომ მეწარმე სუბიექტის შესახებ ინფორმაციაზე შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს წვდომა საკმარისია.
„რაც უფრო ნაკლებ ადამიანს მიუწვდება ხელი ბიზნეს-ინფორმაციაზე, მით უკეთესია ბიზნესისთვის და თავს უფრო მშვიდად იგრძნობს. უნდა დაკონკრეტდეს შემთხვევები, როდესაც სამთავრობო უწყებებს ბიზნესის კონფიდენციალურ თუ კომპანიებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციაზე წვდომის უფლება ექნებათ, რათა ვინმეს მხრიდან არ მოხდეს ამ ინფორმაციის არაკეთილსინდისიერად გამოყენება“, - აცხადებს ბიზნეს-ასოციაციის საბაჟო-საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ლალაზაშვილი.
სამაგიეროდ, ძველ პოზიციაზეა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომლის შეფასებითაც, კანონმდებლობაში საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილებები სწორი და ლოგიკური ინიციატივაა. მისი თქმით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით მოამზადა და, შესაბამისად, ორ უწყებას შორის კოორდინაცია არსებობდა.
„სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონის მე-20 მუხლში პირდაპირ წერია, რომ სახალხო დამცველს უფლება აქვს, მოითხოვოს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, მათ შორის, კომერციული საიდუმლოება კანონით განსაზღვრული წესით. ჩვენ ამ შემთხვევაში საგადასახადო კანონმდებლობა ორგანულ კანონთან მოგვყავს შესაბამისობაში.
რაც შეეხება აღნიშნული უფლების სამინისტროებისათვის მინიჭებას. მაგალითად, დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ განიხილა 8 საგადასახადო შეთანხმება და მთავრობას რომ არ ჰქონდეს საგადასახადო ინფორმაციის მიღების უფლება, საგადასახადო შეთანხმებას ვერ გააფორმებს. ბევრ უწყებას სჭირდება ანალოგიური ინფორმაცია, ზოგს აქვს წვდომა, ზოგს - არა.
მაგალითად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, რომელსაც აქვს გარკვეული პროგრამები, უნდა იცოდეს, კონკრეტულ ბენეფიციარს და დახმარების მიმღებს რეალურად სჭირდება თუ არა ეს დახმარება და დგას თუ არა დახმარების მიღების აუცილებლობის წინაშე. შესაბამისი, ბაზა შემოსავლების სამსახურს აქვს და მან კანონით დადგენილი წესით უნდა გადასცეს უწყებას აღნიშნული ინფორმაცია. ამასთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგადასახადო ინფორმაციის მიმღებმა უწყებამ მიღებული ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ნოდარ ხადურმა.
საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებით „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ჯერ არ გაცნობია. ამ მოტივაციით დეპუტატმა პროექტის შეფასებისგან დღეს თავი შეიკავა.
„აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მე ჯერ არ დამიწყია. როდესაც პარლამენტში ვიქნები, ამ საკითხზე გავაკეთებ კომენტარს. ახლა საკითხი შესწავლილი არ მაქვს. როცა პროექტი ჩემს მაგიდაზე იქნება, წავიკითხავ, გავეცნობი და პასუხებსაც გაგცემთ. ჯერ საკითხი ჩემს პირად დღის წესრიგამდე არ მოსულა“, - განუცხადა დავით ონოფრიშვილმა.
ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი ცალსახად იზიარებს პრემიერის პოზიციას. მის აზრით, რაც უფრო ფართო იქნება იმ პირთა წრე, ვისაც წვდომა ექნება საიდუმლო ინფორმაციაზე, მით უფრო გაიზრდება ამ ინფორმაციის გავრცელების რისკი და, მათ შორის, უკანონო მიზნებისთვისაც.
„შესაძლოა, კომპანიას ჰქონდეს დავალიანება სახელმწიფოს წინაშე, თუმცა არსებობდეს რაღაც გრაფიკი აღნიშნული დავალიანების დაფარვის და ასე შემდეგ... იმისათვის, რომ, მაგალითად, ჩემ შესახებ არ აგორდეს ნეგატიური კამპანია და მე კლიენტები არ დავკარგო, სულაც არ მსურს, რომ ეს ინფორმაცია ფართოდ გახმაურდეს... ასევე, ვთქვათ, რა ტიპის კლიენტებთან მაქვს ურთიერთობა (როგორც მომწოდებლებთან, ასევე მომხმარებლებთან) არ მსურს, რომ ამის შესახებ იყოს ინფორმაცია ფართოდ ცნობილი. ნამდვილად არ მინდა, რომ ეს ჩემმა კონკურენტებმა იცოდნენ“, - აღნიშნა გიორგი აბაშაიშვილმა.