მთავრობის დღევანდელმა სხდომამ განსხვავებულ ტონალობაში ჩაიარა. მედიაში უკვე გაკეთდა შეფასებები, რომ პრემიერ-მინისტრმა მინისტრები დატუქსა.
„სოზარ, ქურდების კანონის გადახედვის თაობაზე თემა ვინ აწია?!“ ცალსახაა, ეგ კანონი არ გადაიხედება, ამაზე ერთმნიშვნელოვნად გააკეთეთ კომენტარი!“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და ე.წ. კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით კანონში შესაძლო ცვლილებებს უაზრო თემა უწოდა.
პრემიერი პრინციპული ჩანდა ნოდარ ხადურთან მიმართებითაც. იგი დაინტერესდა „საგადასახადო კოდექსში“ საგადასახადო საიდუმლოების ცვლილებების საკითხით და ფინანსთა მინისტრს ინიცირებული კანონპროექტის შესახებ ჰკითხა:
„მეორე თემა ვნახე რაღაც, თითქოს, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედისო. რა ცვლილებები შედის? რა ხდება? რატომ არ აძლევთ ინფორმაციას გარკვეულ უწყებებს? ამისთვის გინდათ კანონი შეცვალოთ? თუ რა ხდება? ვისაც სჭირდება ინფორმაცია, მიაწოდეთ, თუ არ სჭირდებათ, რატომ უნდა მიაწოდოთ?! წინასწარ გაიარეთ ეს საკითხები ერთმანეთში, ერთმანეთს შეუთანხმდით და მერე გააკეთეთ ინიცირება კანონპროექტების!“
„ვისაც არ ეზარება, ყველა კანონპროექტის ცვლილებებს აკეთებს, ქურდების თემა ტყუილად წამოსწიეს, რაზეც ჩვენი პოზიცია ცალსახაა და ვიცით, რომ ცვლილებები არ იქნება, ნუ ვფიქრობთ. ისედაც უამრავი საფიქრალი გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ასეთ პრინციპულობას საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოწონებით შეხვდა.
„მიდი ირაკლი, მაგათ მუშტი თუ არ მოუღერე, არ გამოვა არაფერი!“
„ბატონო ირაკლი, არაჩვეულებრივად დაიწყეთ 2014 წელი, გილოცავთ!!! ბრავო!“
„ჩვენი ჭკვიანი და სამართლიანი პრემიერი“.
„ვინ აწიაო“, - ეს „დამევასა“, ყველაზე მაგარი „ბლატნოია“.
„რა მთავრობა გვყავს, გავაოცეთ უკვე ევროპა, ეს ხადური საერთოდ გასაგდებია, ოდიშარია კიდევ რას აკეთებს, ბევრი მინისტრი არის გასაშვები!“
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსი არ გადაიხედება.
მისივე შეფასებით, ღარიბაშვილმა უმრავლესობის ეს ნაწილი თავისი დღევანდელი განცხადებით დატუქსა.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე კი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ ერევა საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებაში და მას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს დირექტორი არ არის.
მასვე ახსენდება ანალოგიური შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის „დროებითი პრემიერობის“ დროს, როდესაც პირველი მოსმენით გასული იპოთეკარების კანონპროექტი ივანიშვილის განცხადების შემდეგ დაიხურა და გაჩერდა.
ამ განცხადებების მიუხედავად, საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ყოფილ ხელისუფალთა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. საჩვენებელი, პიარზე გათვლილი დატუქსვები, რისთვისაც ის ხშირად დამამცირებელ ფორმას მიმართავდა. ასეთი იყო საბაჟოს უფროსის ზურაბ ანთელიძის მოხსნა („შეხედეთ, რას ჰგავს, ეს რისი გამკეთებელია“) და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის „გაქსუებული“ მოადგილის „შემკობა“, რომელიც თურმე „ნაცრის ქექვით და მახათის გაყრით იყო დაკავებული“.
იმსახურებენ თუ არა ჩვენი მინისტრები კრიტიკას და რამდენად სამართლიანია პრემიერის ტონი მათთან მიმართებით? ამის შესახებ ექსპერტები გვესაუბრებიან.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა კონსულტანტმა გია ხუხაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის ტონალობა მინისტრების კრიტიკად არ აღიქვა. მისი თქმით, ის არის მთავრობის გენერალური მენეჯერი, ამიტომაც ასეთ ტონში უნდა ილაპარაკოს და, თუ არ არსებობს საკმარისი კოორდინაცია, ამის შესახებ მინისტრებს უნდა მიუთითოს.
„ეს ჩვეულებრივი სამუშაო ვითარებაა, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი შენიშვნებს აძლევს მინისტრებს ცუდი კოორდინაციისთვის. ამ ნაწილში გავიაზიარებდი მის მოსაზრებებს, რადგან არ არის აუცილებელი ყველაფრის კანონმდებლობით შეფუთვა. ზოგჯერ წმინდა ადმინისტრაციული წესითაც შეიძლება ბევრი საკითხის გადაწყვეტა. რაც შეეხება ხადურის მიმართ გამოთქმულ რეკომენდაციას, სახელმწიფო საიდუმლოების წვდომასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ, ამას ვერ გავიზიარებ, რადგან კანონში ცვლილების გარეშე შეუძლებელი იქნება საიდუმლოების გამჟღავნება სხვა უწყებებისთის“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა ჩვენთან საუბარში.
ამჟღავნებდა თუ არა უფრო რბილ ხასიათს მინისტრებთან მიმართებით ბიძინა ივანიშვილი, ამის შესახებ ექსპერტი განმარტავს, რომ „შეიძლება ეს საჯაროდ არ ჩანდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ მკაცრი ადამიანია. რა თქმა უნდა, ის დიპლომატიური და კორექტული იყო, მაგრამ საზოგადოებას საჯაროდ არ უნახავს მისი პრინციპული პოზიცია.
ის მკაცრი იყო ყოველთვის, როცა ეს საჭირო იყო. უბრალოდ, ეს არ საჯაროვდებოდა. ვერც ირაკლი ღარიბაშვილში ვხედავ წითელი ხაზის გადაკვეთას. უბრალოდ, ეს სამუშაო პროცესია. მეგობრებთანაც კი ხშირად გვიწევს მკაცრი საუბარი, მით უმეტეს, როცა ქვეყნის ბედი გაბარია. ნებისმიერ ადამიანს უხდება გამოფხიზლება, რადგან იდეალური არავინაა. თუმცა ხელმძღვანელის მხრიდან კრიტიკა საგნობრივი უნდა იყოს და მინისტრებიც ამას საგნობრივად უნდა აღიქვამდნენ. კრიტიკა კრიტიკისთვის არ უნდა იყოს“, - განმარტავს გია ხუხაშვილი.
რაც შეეხება ნანა კაკაბაძის შენიშვნას, თითქოს, ამით ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო საქმიანობაში ერევა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ინიციატივების ლომის წილი სწორედ მთავრობაზე მოდის და პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს პოლიტიკური მენეჯმენტის პოლიტიკას. ამიტომ ნებისმიერი კანონპროექტი უკავშირდება აღმასრულებელ ხელისუფლებას.
ექპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მინისტრებს დატუქსვა არ სჭირდებათ, მინისტრები ზრდასრული ადამიანები არიან და, თუ პრემიერის მიერ შემუშავებული პოლიტიკა არ ხორციელდება, მაშინ ცვლილებებია გასატარებელი.
„მნიშვნელობა არ აქვს, ცალკეული მინისტრი კარგ განცხადებას აკეთებს თუ ცუდს. მთავარია, მთავრობა ერთიან პოზიციას ახმოვანებდეს. ამ დროს კი, ვისაც არ ეზარება, უცნაურ ინიციატივებს იღებს საკუთარ თავზე. ამიტომ პრემიერი საქმის კურსში უნდა იყოს ამ ინიციატივებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი რამ საპარლამენტო მმართველობის პირობებში გამართლებული არ არის. ბოლო კვირებია, უცნაური სიტუაციაა საქართველოს ხელისუფლებაში. ჯერ მთავარი საკითხი გადაწყვეტილი არ არის, ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ შექმნილა, ეკონომიკური ზრდა არ არის და ამ დროს კანონიერ ქურდებთან დამოკიდებულების ცვლილება თუ ვინმეს აინტერესებს, ის დროა, პოლიტიკას თავი დაანებოს. რაც შეეხება ნოდარ ხადურს, მისი განცხადება ჩემთვის მოულოდნელია, რადგან საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ ჩვენ, მისმა მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, არაფერი ვიცოდით. თორემ მე ვიტყოდი, რომ ეს კარგი წინადადება არ არის“,- აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.
მანვე განმარტა, რომ მთავრობა ერთმანეთთან თამაშის წესებზე უნდა შეთანხმდეს და, თუ ასეთი რამ მეორედაც მოხდება, ეს სერიოზული ხარვეზის მანიშნებელი იქნება.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ შეიძლებოდა, პრემიერის შენიშვნები მინისტრებს არაფორმალურ გარემოში ან მედიის გარეშეც მიეღოთ, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის სიგნალი გათვლილი იყო არა იმდენად მინისტრების გასაგონად, რამდენადაც სამიზნე ჯგუფების - საზოგადოებისა და ოპონენტებისთის. კერძოდ, საზოგადოებამ დაინახა, რომ პრემიერი ადეკვატურია, აფასებს მოვლენებს, მას აქვს მოსაზრება, რომელიც ჩვენს მოსაზრებას ემთხვევა. ბუნებრივია, საზოგადოებისგანაც ის საკმაოდ დადებით შეფასებას მიიღებდა, განსხვავებით, იმპულსური სააკაშვილისგან, რომელიც შენიშვნებს დესტრუქციული, აგრესიული ფორმით გამოხატავდა.
„გვინდა თუ არა, ჩვენ ვადარებთ ლიდერებს ერთმანეთთან. ეს თავისთავადი პროცესია. პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, შენიშვნა მისცეს მინისტრებს, მაგრამ ამის გამო ვიღაც არ გაანადგუროს, მორალურად არ დაანგრიოს. ასეც მოხდა. მეორე მხრივ, ღარიბაშვილმა გუნდურობა გამოავლინა, ის არის გუნდის ნაწილი და იმის მიუხედავად, რომ აქვს სერიოზული ძალაუფლება, ამით უხეშად არ სარგებლობს. ეს არ იყო მინისტრთა კაბინეტის წევრების დატუქსვა. მას ჯერჯერობით არ წარმოუდგენია საკადრო ცვლილებები, რაც ნიშნავს, რომ ის გუნდის მიმართ სოლიდარულია“,- აცხადებს არჩილ გამზარდია და ადასტურებს, რომ ასეთი რამ ნებისმიერ ბიზნესორგანიზაციაში ხდება, სადაც არსებობს მაღალი მენეჯმენტი და გუნდური მმართველობა.
აქვე განმარტავს, რომ მასაც აქვს შეკითხვები ხადურთან, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა მინისტრის შემთხვევაშიც პოზიტიური ეფექტები არ ჩანს. კონკრეტულად კი, დოლარი არაადეკვატურად იწევს, ფასები მატულობს, ეკონომიკური მდგრადობა მცირდება.
ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის შედარებისას კი ექსპერტი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისთვის არ იყო მთავრობის მეთაურის ნიმუში, ამიტომ მას ათვლის სათავედ ვერ ჩათვლის.
„ბიძინა ივანიშვილი სადღაც სხვაგან იყო. ამიტომაც არ არის დღეს იქ, სადაც იყო. თუმცა მას არ ვთვლი პოლიტიკიდან წასულად. უბრალოდ, ბიძინა და ირაკლი სხვადასხვა ფსიქოტიპები არიან,“- ასეთია არჩილ გამზარდიას პოზიცია.