„უამრავი საფიქრალი გვაქვს, ვმუშაობთ აქტიურად ეკონომიკაზე, წარმოების გახსნაზე და რაღაც უაზრო თემები მესმის. ქურდების თემის წამოწევა ტყუილად მოხდა. მერე ამაზე სიუჟეტები ვიხილეთ - გადაიხედება თუ არ გადაიხედება. რაზეც ვიცით, რომ არაფერი იცვლება და არ გადაიხედება, მაგაზე ნუღარ ვფიქრობთ. ვმუშაობთ, უამრავი საფიქრალი გვაქვს, ვმუშაობთ აქტიურად ეკონომიკაზე, წარმოების გახსნაზე და რაღაც უაზრო თემები მესმის“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი უმრავლესობის წევრის, ვახტანგ ხმალაძის განაცხადებას, რომლის აზრით, ქურდული სამყაროს წევრობასთან და კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი გადასახედია.
მაშ ასე, კანონიერი ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობის დასჯადობის შესახებ მოქმედი საკანონმდებლო ნორმა და პოლიტიკა არ გადაიხედება. სწორედ 223-ე პირველი პრიმა მუხლის გადახედვის მოთხოვნით პენიტენციალურ სისტემაში შიმშილობა დაიწყეს. მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ვერავითარი წინააღმდეგობა და ინსინუაციები ამ მიდგომას ვერ შეცვლის.
„ძალიან ბევრჯერ და მკაფიოდ მითქვამს მეც და მთავრობის წევრებსაც, რომ ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში კანონმდებლობა თუ არ გამკაცრდება, სხვა მხრივ არანაირი ცვლილება არ იქნება, არც პოლიტიკური და არც კანონმდებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში მოშიმშილე პატიმრების გარკვეული ნაწილი ამ მუხლის ცვლილებასთან დაკავშირებით შიმშილობდა, არაერთხელ მითქვამს, რომ შეიძლება ნებისმიერ საკითხზე დიალოგი, თუმცა ამ საკითხზე დიალოგი არავისთან შედგება. ეს არის მთავრობის პოლიტიკა და არანაირი ცვლილება არ შეეხება“, - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, არსებობს ასეულობით ფაქტი იმისა, თუ როგორ თანამშრომლობდა „ნაციონალური მოძრაობა“ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, თუმცა სამინისტრო ამ ფაქტებს მსჯავრდებულების უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებს.
„რაც შეეხება იმას, მართლაც ვინ მართავდა და როგორ მართავდნენ ნაციონალები ციხეებს, ამის რამდენიმე ფაქტი გამოვაქვეყნეთ. სხვა დროს კიდევ შეგვიძლია, უფრო მეტი გამოვაქვეყნოთ, უბრალოდ, ვერიდებით ერთი მიზეზის გამო, პატიმრები მიუხედავად იმისა, კრიმინალური ავტორიტეტები არიან თუ არა, ვიდრე ისინი ციხეში იქნებიან, არიან ჩვენი დაცვის ქვეშ და მათ უსაფრთხოებაზე ჩვენ ვზრუნავთ.
ჩვენ რომ მათი გვარები გამოვაქვეყნოთ, რომლებიც ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდნენ და მათი მეშვეობით ადმინისტრაცია სხვა პატიმრებს სჯიდა, აქრობდა შიმშილობას, აიძულებდნენ, რომ სტრასბურგიდან საჩივრები გამოეტანათ და ასე შემდეგ, ეს იქნება სასიკვდილო განაჩენი ამ ადამიანებისთვის და ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერიდებით“, - აცხადებს სოზარ სუბარი.
სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების საპასუხოდ ის მტკიცებულებები გამოაქვეყნა, რითაც დასტურდება წინა ხელისუფლების მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა ქურდული სამყაროს ე.წ. „ავტორეტეტებთან“. ამ დოკუმენტებით მტკიცდება, რომ კრიმინალური სამყაროს ლიდერები ერთდროულად, ერთი ან რამდენიმე დღით გადაჰყავდათ დაწესებულებიდან დაწესებულებაში და მათ ერთმანეთს ახვედრებდნენ.
პარალელურად, მათთან შეხვედრის მიზნით სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ასევე ერთი დღით გადმოჰყავდათ ე.წ. „მაყურებლები“. როგორც სოზარ სუბარის უწყებაში აცხადებენ, სწორედ კრიმინალური სამყაროს დახმარებით იმართებოდა სასჯელაღსრულების სისტემა და მართვის ეს მეთოდი, ძალადობასთან ერთად, მთავარ ადგილს იკავებდა პენიტენციური სისტემის მენეჯმენტში.
სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის 18 თებერვალს, მე-7 დაწესებულებიდან ორი ე.წ. „ავტორიტეტი“ გადაიყვანეს ჯერ მე-18, მოგვიანებით კი მე-6 დაწესებულებაში, სადაც ისინი 21 თებერვლამდე გააჩერეს. 21 თებერვალს მსჯავრდებულები მე-6 დაწესებულებიდან კვლავ მე-7 დაწესებულებაში დააბრუნეს. იმავე სქემით, 2 მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს კანონიერი ქურდობის მუხლით იხდის, 2010 წლის 21 ივნისს მე-7 დაწესებულებიდან მე-6-ში გადაიყვანეს და იმავე დღეს ისევ მე-7 დაწესებულებაში დააბრუნეს.
როგორც ირკვევა, ამ გადაყვანების მიზანი ერთ შემთხვევაში მოშიმშილე მსჯავრდებულების დამშვიდება და რეჟიმის აღდგენა იყო, თუმცა, შიმშილობის შეწყვეტისთვის დაწესებულებაში კიდევ სამი ე.წ. „ავტორიტეტის“ შეყვანა გახდა საჭირო. მეორე შემთხვევაში რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი და ე.წ. „მაყურებელი“ შეახვედრეს ერთმანეთს, რათა ციხეები მათი გავლენის დახმარებით ემართათ.
დაწესებულებიდან დაწესებულებაში მსჯავრდებულების რამდენიმე დღიანი გადაყვანას და თარიღებს თუ გავითვალისწინებთ, დასტურდება, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელობა ხელს უწყობდა კრიმინალების შეხვედრას და ე.წ. „გარჩევების“ ორგანიზებას. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ეს დანაშაულებრივი ქმედება ვერ იქნებოდა მხოლოდ მათ ინიციატივაზე დაფუძნებული, რომ არა უმაღლესი პოლიტიკური პირების გადაწყვეტილება.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსული ჯგუფის ნაწილს, მათ შორის ვახტანგ ხმალაძესა და ეკა ბესელიას, კანონიერი ქურდების ცალსახად დამნაშავედ გამოყვანა არ სურთ.
„პირდაპირ არის გაცხადებული, რომ კანონიერი ქურდების ცალსახად დამნაშავედ გამოყვანა არ სურს ხელისუფლებაში მოსული ჯგუფის ნაწილს და ამას მოყვა ეს ყველაფერი. ახლა როგორ გამოძვრნენ აქედან არ იციან. არ გამოვრიცხავ, რომ ხმალაძის აზრზე იყოს ბესელიაც, თუმცა ახლა ჩუმად არის. ამ ჯგუფში ვგულისხმობ წრეს, ვინც ხან დამნაშავეებს პოლიტპატიმრებს უწოდებს, ხან პირდაპირ გადადის დამნაშავეთა სამყაროს ხელმძღვანელობის მდგომარეობის შემსუბუქების მოთხოვნებზე და მოქმედებებზე“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროსა და სოზარ სუბარის განცხადებებს, როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, წინა ხელისუფლება იყო ერთადერთი, რომელმაც ომი გამოუცხადა დანაშაულებრივ სამყაროს და ამას ვერაფერი გადაწონის.
„ქვეყანამ და საზოგადოებამ იცის, რომ წინა ხელისუფლება იყო ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებელ საქართველოში, რომელმაც ომი გამოუცხადა ორგანიზებულ დამნაშავეობას და კერძოდ, კანონიერი ქურდების ინსტიტუტს. როგორ წინააღმდეგობას უწევდა ამას ოპოზიციის ნაწილი საკანონმდებლო დონეზე, თუ ციხეში რეფორმების დონეზე, რა ტიპის სისხლიანი დაპირისპირებები ხდებოდა ამ ფონზე, ქურდების მიერ ორგანიზებული ციხეში ბუნტები, ყველას ახსოვს.
ახლა ვხედავთ როგორი ლობირება მიდის, რომ აღდგეს ის ვითარება, რომლითაც კანონიერი ქურდი დაუსჯელი იქნებოდა. ამას მოწმობს ის, რაც გააჟღერა ბატონმა ხმალაძემ, შეიძლება ეს დაუფიქრებლად იყო და შემდეგ გუნდიდანვე მიიღო მითითებები. ეს ყველაფერი ცნობილია და ამის გადაწონვა რაღაცა შეთხზული, ამოგლეჯილად მოყვანილი ინფორმაციებით, ვერანაირად ვერ გადაწონის არსებულ ვითარებას, რომელიც დავახასიათე“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
ყოფილი გენერალური პროკურორი, გია მეფარიშვილი აცხადებს, რომ პენიტენცილურ დაწესებულებებში კრიმინალური ავტორიტეტების მეშვეობით მართვის უფლებამოსილება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს და მათი გავლენა ყველა ქვეყნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია.
„საქართველოსა და სსრკ-ში ეს გავლენა, პრაქტიკულად, გაიგივებული იყო ხელმძღვანელობასთან. დაწესებულების ადმინისტრაციას არ ჰქონდა იმხელა რესურსი, ემართა ნებისმიერი ნიუანსი, ამიტომ იგი ჩვეულებრივად ეყრდნობოდა კრიმინალურ ავტორიტეტს, რომელსაც გარკვეულ სეგმენტში აძლევდა შეღავათებს და ისიც უზრუნველყოფდა შესაბამისი წესრიგის დამყარებას თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. წინა ხელისუფლების პირობებში, კრიმინალური ავტორიტეტები მართლა იყვნენ შეზღუდულნი, მაგრამ საკითხი არის ხერხებში, რა მეთოდებით უპირისპირდებოდა მათ სახელმწიფო“, - აცხადებს გია მეფარიშვილი.