„მკვდრები არ დგებიან“...

„მკვდრები არ დგებიან“...

სააკაშვილმა მოიწყინა. მას პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი აქვს. მისი პოლიტიკური სტატუსიც განსაზღვრულია. პრეზიდენტობაზე აღარ, მაგრამ პრემიერობაზე ფიქრობს.

„არავინ იცის, ვიქნები თუ არა პრემიერ-მინისტრის მეუღლე“, - ამის შესახებ სანდრა რულოვსმა ჰოლანდიურ გაზეთ Trouw-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ყოფილი პირველი ლედის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საბოლოოდ პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

„ჩემს მეუღლეს საბოლოოდ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი აქვს. მას შეუძლია, წეროს წიგნები, წაიკითხოს ლექციები, თუმცა ეს არ არის მიშა. ის გრძნობს, რომ ამისთვის მზად არ არის. გასულ წელს მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა და იქიდან მოყოლებული, ახალმა ხელისუფლებამ ჩემი ქმრის გარემოცვის წევრების მიმართ შურისმაძიებლური პოლიტიკის გატარება დაიწყო. ყოფილი მინისტრები გაასამართლეს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კი დაპატიმრებულია. დიპლომატები ჩემს ქმარს ქვეყნის დატოვებას ურჩევდნენ, სწორედ ამიტომ, მან ოქტომბრის შუა რიცხვებში საქართველო დატოვა. საბედნიეროდ, მას ბევრ ადგილას სიამოვნებით ხვდებიან. თუმცა, რთულია როცა იცი, რომ შენი ქმარი იმას არ აკეთებს, რისი გაკეთებაც უნდა და ის არ არის, ვინც უნდა, რომ იყოს“, - აღნიშნა სანდრა რულოვსმა და აქვე დასძინა, რომ მისი პირველი ლედობა გამორიცხულია, რადგან სააკაშვილი პრეზიდენტობის პოზიციით არ არის დაინტერესებული.

რაც შეეხება თავად სანდრა რულოვსის სურვილებს, პოლიტიკაში წასვლის სურვილი მას თავად არ აქვს, რადგან „პოლიტიკა ბინძური თამაშია“ და მასზე ალერგია გამოუმუშავდა. თუმცა რულოვსი ირწმუნება, რომ ის დღემდე დიდ ყურადღებას გრძნობს ქართველი ხალხისგან.

„მკვდრები არ დგებიან... სანდრამ დაკარგა რეალობის გრძნობა“, - ასეთნაირად ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი სანდრა რულოვსის ინტერვიუს.

მისი თქმით, ჰოლანდიაში მყოფმა ქალბატონმა არა მარტო საქართველოსთან მიმართებით დაკარგა რეალობის გრძნობა, არამედ - საკუთარ ქმართან დაკავშირებითაც, რომელიც სხვა კონტინენტზე იმყოფება.

ხანმოკლე ტაიმ-აუტის შემდეგ, ქართული პოლიტიკისგან განრიდებულმა სააკაშვილმა ახალი წლის პირველ დღეს ფეისბუკის მეშვეობით გააქტიურება განიზრახა და ნიუ-იორკიდან თავი შეახსენა საზოგადოებას. სანდრა რულოვსმაც ჩრდილიდან გამოსვლა გადაწყვიტა და სააკაშვილის იდუმალი სურვილი პრემიერ-მინისტრად გახდომის შესახებ ამცნო საზოგადოებას. რას ნიშნავს ამგვარი მესიჯები?! ამის შესახებ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს განსხვავებული პოზიცია აქვთ.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია სანდრა რულოვსის ამ „გულახდილობას“ უფრო ფსიქოლოგიური წნეხის ფუნქციას უკავშირებს, რომ აი, სააკაშვილი თურმე ბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი დროდადრო ერთმანეთისგან იმიჯნებოდნენ, დღევანდელი გადასახედიდან აღმოჩნდა, რომ მათ ერთმანეთი გარკვეული ფორმით სჭირდებათ. ამიტომ რულოვსის ამ განცხადებამ შეიძლება ორი მიმართულებით იმუშაოს - ერთი, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებში იმედის, მობილიზების, კონცენტრაციის მიზნით, (სადაც სააკაშვილი, დღევანდელი მათი ლიდერებისგან განსხვავებით, უპირობო ლიდერია) და მეორე - ოპონენტებთან ურთიერთობის მხრივ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ეს ფაქტი ვლინდება, თითქოს, ყველაფერი მხოლოდ სააკაშვილის სურვილზეა დამოკიდებული და რასაც იტყვის სააკაშვილი - „მე პრემიერი გავხდები“ - თითქოს, ასე ახდება.

„ეს გულისხმობს, რომ ოპონენტები გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. აქამდე საზოგადოება ცდილობდა, „ნაცმოძრაობის“ (მათ შორის, სააკაშვილის) პერსპექტივები ნულამდე დაეყვანა. ამიტომ ფსიქოლოგიურად შეიძლება შემაბრკოლებელი იყოს მისი დაბრუნების სურვილი. გავითვალისწინოთ, რომ ადამიანები, ხშირად, ამა თუ იმ პარტიაში მხოლოდ იმიტომ მიდიან, რომ მათ აქვთ ან გამარჯვების პერსპექტივა, ან გარკვეული დადებითი მოლოდინები. ამიტომ მესიჯები, რომ ის შეიძლება აღმოჩნდეს პრემიერად, ან თურმე რატომღაც არჩევანი გაუკეთებია უკვე, შეიძლება ამ ზეწოლას ისახავდეს მიზნად. სააკაშვილის ხელმეორედ ქართულ პოლიტიკაში ჩართვას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ის არც გასულა პოლიტიკიდან. რაც პრეზიდენტი შეიცვალა, ის გარკვეული სიხშირით ჩნდება ხოლმე, თანაც -  რაღაც უცნაური სახით, რაც მას ბევრს არაფერს სძენს“, - აცხადებს არჩილ გამზარდია ჩვენთან საუბრისას და მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ჯერჯერობით არც უნდა გამოჩნდეს.

უფრო მეტიც, გამზარდია ფიქრობს, რომ თუკი სააკაშვილს საერთაშორისო დონეზე წარმატება ექნებოდა, ეს უფრო მძლავრი ბერკეტი იქნებოდა საკუთარ სამშობლოში პოლიტიკური წარმატებით მოსაბრუნებლად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილისთვის უცხოეთში არ შეუთავაზებიათ არცერთი საინტერესო სამუშაო. მართალია, ის არის ლექტორი, რაც საპატიო პროფესიაა, მაგრამ იმ ენერგიის პატრონისთვის, როგორიც სააკაშვილია, არ შეუთავაზებიათ საერთაშორისო ორგანიზაციებში წამყვანი სამუშაო ადგილები.

„თუნდაც წარმატებული საგანმანათლებლო დაწესებულების წამყვანი პედაგოგობა მისი ამბიციებისთვის არ იქნება საკმარისი. რაკი ხედავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ მისცა ის სივრცე, რაც ეგონა, რომ ექნებოდა, ამიტომ, შესაძლოა, ის თავის თავს ხედავდეს საქართველოს შიგნით. სხვათა შორის, ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ სააკაშვილს საერთაშორისო დონეზე უფრო მეტი წარმატება უნდა ჰქონოდა, მაგრამ ფაქტია, რომ იგი არც ისე ეფექტურ მოღვაწეობას ეწევა. მან აღმოაჩინა, რომ საერთაშორისო დონეზე მას წარმატებული პერსპექტივები არ გააჩნია, ამიტომ სურს, ისევ მობრუნდეს უკან“, - ასეთია არჩილ გამზარდიას პოზიცია.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი კონსულტანტის გია ხუხაშვილი განმარტებით, საქართველოში სააკაშვილი გაკოტრებულია და, ბუნებრივია, მისი ერთადერთი შანსი და მისი ოჯახის დაინტერესება იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული ილუზია შექმნან დასავლეთში, თურმე მიშა კიდევ დაბრუნდება საქართველოში. მეტიც, არა მარტო დაბრუნდება, მას თურმე შეუძლია, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის სავარძელი.

გია ხუხაშვილს ეს ჩვეულებრივ პოლიტიკურ სვლად ეჩვენება და ამ სვლის ნულოვან პერსპექტივაზე საუბრობს. ეს პერსპექტივა კი უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მძიმე გახდება, რადგან საქართველოში რეალურად საუბრობენ არა იმაზე, პოლიტიკაში დარჩება თუ არა სააკაშვილი, არამედ იმაზე, დაიჭერენ თუ არა სააკაშვილს და ჩაჯდება თუ არა ციხეში. ამდენად, ბუნებრივია, სანდრა რულოვსის ეს განაცხადი საქართველოს რეალობისგან მოწყვეტილი და არაადეკვატურია.

თუ რატომ მოიწადინა სააკაშვილმა მაინცდამაინც პრემიერობა, ამის შესახებ გია ხუხაშვილს ერთადერთი მოსაზრება აქვს. ახალი კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრია აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და, ბუნებრივია, მსოფლიოს „ჭიპი“ სააკაშვილი აღარ იკადრებს პრეზიდენტობას.

„ახალი კონსტიტუციით, ასეც ჰქონდა ჩანაფიქრი, რომ გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი. ორი ვადა მოხდილი ჰქონდა და ილუზია ჰქონდა, გახდებოდა პრემიერ-მინისტრი. ამით გაიხანგრძლივებდა ხელისუფლების უზურპაციის პერიოდს, მაგრამ ასე არ მოხდა და მომავალშიც რომ მოხდეს, ესეც არასერიოზულია ჩვენი შიდა გაგებით. დასავლეთშიც არავის აინტერესებს სააკაშვილი, ის და მისი ოჯახი ასეთი განცხადებებით თავს უფრო იწყნარებენ, ვიდრე ვინმეს მოატყუებენ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა ჩვენთან საუბარში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური სანდრა რულოვსის ამ განცხადებას არ იცნობს და არ აპირებს მასზე კომენტარის გაკეთებას. უბრალოდ, ღრმად არის დარწმუნებული, რომ უახლოესი წლების ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილი უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ როლს შეასრულებს და ეს როლი პოზიტიური იქნება.