ჰორეკა სექტორში ხელფასები თითქმის 100%-ით არის გაზრდილი, თუმცა კვალიფიციური კადრების პრობლემა კვლავ აქტუალურია. ზოგადად, ეს პრობლემა ყველა ბიზნესის წინაშე დგას, მაგრამ სტუმარმასპინძლობის სექტორი პრობლემათა სიჭარბით გამორჩეულია. ჯერჯერობით ვითარებას გამოსწორების პირი არ უჩანს. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით, მთელი ქალაქის მასშტაბით უდიდესი დეფიციტია განსაკუთრებით ახალგაზრდა კადრების მხრივ.
„სასტუმროების ოპერირების ჯგუფები ცდილობს, მაქსიმალურად გაზარდოს ხელფასები, რომ არსებული კადრები არ დაკარგოს, მაგრამ საზღვარგარეთ გადინება საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ახალგაზრდების და ეს საბოლოოდ კადრების დეფიციტზე აისახება. რაც შეეხება ვიზიტორებს – ისრაელიდან ბევრი სტუმარი გვყავს, ასევე გალფის რეგიონიდან, პოსტსაბჭოთა სივრცე აქტიურია, ასევე აღმოსავლეთ ევროპაც, დანარჩენი სხვადასხვა ქვეყნების მიქსია. იმედი გვაქვს, ტურისტების რაოდენობის ზრდა სასტუმროებისთვის ფასების ზრდაზეც აისახება. წელს თბილისის სასტუმროებში საკმაოდ დაბალი ფასებია. დედაქალაქი ამ ეტაპზე ორ ნაწილადაა გაყოფილი. გვაქვს ხუთვარსკვლავიანი და სამვარსკვლავიანი სეგმენტი. ოთხვარსკვლავიანი სასტუმროები დატვირთვას, სამწუხაროდ, სამვარსკვლავიანი სასტუმროების ფასად ახდენენ.
იმედი გვაქვს, თუ დატვირთულობა კიდევ უფრო გაიზრდება, შემდეგ წლებში ფასის მატებასაც მოვახერხებთ. თბილისში სამ-ოთხვარსკვლავიანი სასტუმროების ფასი ამ წუთისთვის თითქმის 50-70%-ით ნაკლებია, ვიდრე 2016-2017 წლებში“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.
კადრების მოძიების მხრივ რომ სიტუაცია გაუარესდა, ამას ადასტურებენ დარგის წარმომადგენლებიც. ჰოტელიერ მაია მურაჩაშვილის თქმით, აღნიშნულის ძირითადი მიზეზი არის გაძვირებული ცხოვრება. სასტუმროების სექტორში მინიმალური ხელფასი დაბალ პოზიციაზე 1000 ლარიდან იწყება, გაძვირებული ცხოვრების ფონზე კი მოქალაქეს 1000 ლარი ელემენტარული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაც არ ყოფნის.
„მინიმალური ხელფასი როდესაც 1000 ლარიდან იწყება, ეს 1000 ლარი საცხოვრებელ მინიმუმ პირობებს აღარ აკმაყოფილებს. სამწუხაროდ, კადრები რომლებიც უკვე გადამზადებულები არიან, ძალიან ცოტაა, ამიტომ გვიწევს იმ კადრების აყვანა, რომლებმაც არ იციან, მაგრამ თან ვასწავლით თან ხელფასს ვუხდით. ეს გარკვეულ რისკებთან და დროსთან არის დაკავშირებული. ამ კადრების აყვანა მინიმალური 1000 ლარიანი ხელფასით, ძალიან ჭირს და როგორც კი სახელფასო ზედა ზღვარზე ავდივართ ჩამოთვლილი პირობებით, ეს მერე ურტყამს სასტუმროს როგორც ბიზნესის ბიუჯეტს“, - აღნიშნა მურაჩაშვილმა.
დამატებითი პრობლემა ისაა, რომ სასტუმროების მუშაობაც რისკის ქვეშაა და სტაბილური არ არის, რადგან მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პირდაპირ აისახება ტურიზმის სექტორზე. არასტაბილური გარემოსა და რისკების გამო კი სასტუმროებს უჭირთ სახელფასო ბიუჯეტის გაზრდა.
„გამოწვევაა ისრაელის კონფლიქტური სიტუაცია, ასევე უკრაინა - ანუ, მსოფლიო პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ტურიზმთან. აქედან გამომდინარე, მაღალ ბიუჯეტზე რომ ავიღოთ ვალდებულებები, ეს საკმაო რისკის შემცველია. ამიტომ შუალედურ და ზედა რგოლებში უფრო ვამატებთ ხელფასს და ვცდილობთ ვიპოვოთ კადრები, მაგრამ შედარებით ქვედა რგოლებზე ძალიან ჭირს“, - განუცხადა „ბიპიენს“ ჰოტელიერმა.
კადრების დეფიციტის კუთხით გამოწვევაა დროებითი დასაქმებაც. კერძოდ, სტუდენტების ნაწილი 3 თვის განმავლობაში მუშაობს, სწავლის დაწყების შემდეგ კადრები უნივერსიტეტებს უბრუნდებიან, ობიექტებს კი პროცესის ხელახლა დაწყება უწევთ.
„ახალგაზრდები ევროპაში მიდიან, იქ მუშაობენ, გაცილებით მეტი აქვთ ანაზღაურება, მშრომელი ადამიანური რესურსი ძალიან ცოტა დარჩა საქართველოში. კიდევ ერთი გამოწვევაა სეზონური სამუშაო - ზაფხულში სტუდენტებს ასწავლი, დაახლოებით სამ თვეში მოიყვან იმ კონდიციამდე, რომ დამოუკიდებლად შეუძლია თავისი ფუნქციის მიხედვა, ამ დროს სწავლა დაიწყება, უნდა წავიდეს და ისევ თავიდან უნდა მოვძებნოთ კადრი. მართლა ძალიან ჭირს კადრები და როგორც მე ვიცი, ყველა ჩემი კოლეგა ამ დღეშია“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.