კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაშია. უკვე გადამუშავებულია 70 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. წელს მოსავალი ჭარბია და თანაც რთველი ძალიან ბევრგან ერთდროულად დაიწყო. ამან კი შეფერხებები გამოიწვია. ამიტომაც მევენახეები მოსავლის რეალიზებისას წარმოქმნილ პრობლემებზე უკვე საუბრობენ.
ფერმერი ლაშა ხიზანიშვილი ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე ქარხნების ნაწილი საფერავის ჯიშის ყურძენს არ იბარებს, რქაწითელის ჩაბარება კი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა დაბალი ფასია.
„ძალიან ბევრგან რთველი ერთდროულად დაიწყო, ამიტომ დაგროვდა ერთდროულად ბევრი საფერავი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი და რეალურად უცნობია, რატომ მოხდა ყურძნის მიღების შეჩერება ქარხნების მხრიდან.
წელს მოსავალი საკმაოდ ჭარბია და ქარხნები ვერ აუდიან მიღებას. ფერმერები ამის გამო გაუგებრობაში არიან, არ იციან როგორ მოიქცნენ. ფასი, რაც არის შეთავაზებული, ფაქტობრივად, თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს, რადგან ყურძნის მოყვანისთვის საჭირო პრეპარატები წლიდან წლამდე ძვირდება“, - აღნიშნა ლაშა ხიზანიშვილმა.
კლიმატური პირობების შედეგად წელს ყურძენი ერთიანად დამწიფდა, რამაც ბაზარზე მოსავლის ჭარბი რაოდენობა შექმნა. მევენახეები ამბობენ, რომ ჩამბარებელი ქარხნები გვიან გაიხსნა, რამაც პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა. დაკრეფილმა ყურძენმა გამოშრობა და ჭკნობა დაიწყო, ამიტომ გლეხები ახლა ცდილობენ, მოსავალი მალე დააბინაონ.
კახელი მევენახე ბაჩო კუპატაძეც ადასტურებს, რომ წელს ყურძნის ხარისხიც მაღალია და რაოდენობაც გაზრდილია, თუმცა პრობლემას ჩაბარების დაბალი ფასი ქმნის.
„ყველგან ფასი 1-დან 1.40 ლარამდე მერყეობს. შავი ყურძენიც, თეთრიც, იდიალურიც და დაზიანებულიც ერთნაირ ფასში ბარდება. ფასი ერთნაირია სპირტის დასამზადებლად და ღვინის წარმოებისთვის ჩაბარებულ ყურძენზე. ხალხი ცდილობს მალე ჩააბაროს მოსავალი, რადგან მწიფე ყურძენს, რაც უფრო დიდხანს გააჩერებ, მით უფრო იკლებს წონაში. ნაკლები წონა კი ნაკლებ შემოსავალია. ამიტომ ერთდროულად დაკრიფა ყველამ. გაჭირდა მუშახელისა და ტრანსპორტის შოვნა. ქარხნებთან დადგა რიგები. დიდი რაოდენობის მოსავალის გამო ქარხნებმა არჩევა დაიწყეს. უკვე 2 კვირაა რაც გართულდა ჩაბარების პროცესი“, - განუაცხადა ბაჩო კუპატაძემ „კომერსანტს“.
მევენახეები კერძო ქარხნებში ყურძნის ჩაბარების პრობლემაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ აქ ფასი შედარებით მაღალია, თუმცა კერძო ქარხნები ჯერ ნაცნობი მევენახეებისგან იბარებენ ყურძენს, რის გამოც გლეხები ყურძნის დროულად რეალიზებას ვერ ახერხებენ.
ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესში ჩართულია სახელმწიფო. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსავალი სრულად დაბინავდენბა და უყურადღებოდ არც ერთი მევენახე არ დარჩება.
სააგენტოში წელს შარშანდელისგან განსხვავებით საკმაოდ უხვ მოსავალს ელოდებიან.
„საპროგნოზო მაჩვენებელია 250 ათასიდან 300 ათას ტონამდე, რაც ჩვენი პროგნოზით კომერციული, საღვინე მიმართულებით გადამუშავდება. წელს მაღალი ხარისხის მოსავალი გვაქვს. მათ შორის ბევრგან შაქრიანობა არის ძალიან მაღალი.
მოსავლის მართვის კომპანია, რომლის მთავარი საწარმოც სოფელ აკურაში მდებარეობს ჩაიბარებს დაზიანებულ ან ჭარბ ყურძენს. სახელმწიფოს აქვს დადგენილი მინიმალური ფასი. დაზიანებული ყურძენი 1 ლარად ჩაბარდება. „აკურა“ რამდენიმე ლოკაციაზეა გაშლილი და მზად არის იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი დაიწუნებს ან არ ჩაიბარებს ყურძენს, მოხდეს მისი გადამუშავება სახელმწიფოს მიერ“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.