აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გასაიდუმლოებულმა ქვედანაყოფმა, რომელმაც 2011 წელს უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაცია მოახდინა, მომზადება გაიარა ტაივანისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით ჩინეთის კუნძულზე შეჭრის შემთხვევაში. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
ელიტური ქვედანაყოფი, რომელიც ყველაზე რთულ და დელიკატურ დავალებებს ასრულებს, ერთ წელზე მეტია ტაივანის კონფლიქტისთვის მომზადებას საკუთარ შტაბ-ბინაში დამ-ნეკში, ვირჯინია-ბიჩში გადიოდა, რომელიც ვაშინგტონის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარეობს.
გამოცემის მტკიცებით, გასაიდუმლოებული წვრთნები აშშ-ის მხრიდან ჩინეთის მიმართ გაზრდილ ყურადღებაზე მიუთითებს. მომზადების გავლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც 2021 წელს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინდო-წყნარი ოკეანეს სარდლობის იმდროინდელმა მეთაურმა ფილ დევიდსონმა განაცხადა, რომ ჩინეთი ტაივანს ექვსი წლის განმავლობაში თავს დაესხმება.
მაშინ როცა აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჩინეთთან კონფლიქტი არც გარდაუვალი და არც გამორიცხულია, ამერიკელმა სამხედროებმა დააჩქარეს მომზადება საგანგებო სიტუაციისთვის, ვინაიდან ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია სწრაფად ვითარდება, რათა ქვეყნის პრეზიდენტის სი ძინპინის ბრძანება შეასრულოს და 2027 წლისთვის ტაივანი დაიპყროს.