კერძო სექტორი ენერგეტიკულ პროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობას სექტემბრიდან შეძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო. სწორედ პირდაპირი მოლაპარაკებები შეცვლის CFD აუქციონებს, რომელიც აქამდე სექტორის მხარდამჭერ მექანიზმად გამოიყენებოდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებულ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს მხარდაჭერის სქემის განახლებული პირობებით და აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად მიიღოს ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად.
მთავრობის განკარგულებით დადგინდა ფიქსირებული ტარიფებიც, რომლითაც 15 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსთან ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლებს დაინტერესებული პირი.
ფიქსირებული მედიანური ტარიფები განისაზღვრა შემდეგნაირად:
ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) – 6,5 აშშ დოლარ ცენტი;
ქარის ელექტროსადგურები - 6,0 აშშ დოლარ ცენტი;
მზის ელექტროსადგურები - 5,6 აშშ დოლარ ცენტი;
ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, აღნიშნული ტარიფები განისაზღვრა სიმძლავრის მეორე აუქციონის შედეგად, სადაც დაფიქსირდა ინვესტორთა მაღალი აქტივობა, წარმოდგენილი განაცხადების ჯამური სიმძლავრე კი რამდენჯერმე აღემატებოდა გამოცხადებულ სიმძლავრეს. შესაბამისად, ფიქსირებულ ტარიფებად განისაზღვრა ამავე აუქციონში დადგენილი მედიანური ტარიფები.
„სიმძლავრის მეორე აუქციონმა აჩვენა, რომ ენერგეტიკული სექტორის დაინტერესება საკმაოდ დიდია და წარმოდგენილია ტარიფი, რომელიც დარგში ადაპტირებულია და მოემსახურება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. შესაბამისად, თითოეულ დაინტერესებულ პირს საქართველოს მთავრობისგან ექნება მყარი მხარდაჭერა 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე“, - აღნიშნა ტურაშვილმა.
უახლოეს პერიოდში სამინისტროს მიერ გამოცხადდება განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეების პირდაპირი შერჩევა ჰიდროელექტროსადგურების (მოდინებაზე), ქარისა და მზის ელექტროსადგურების კატეგორიებში.
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი მარგებაძის შეფასებით, პირდაპირი კონტრაქტები, რომლით სარგებლობასაც კერძო სექტორი სექტემბრიდან შეძლებს, ენერგეტიკის დარგისთვის მნიშვნელოვანია.
როგორც მარგებაძემ „ბიზნეს მედიასთან“ აღნიშნა, ფიქსირებული ტარიფის არსებობს ბიზნესს დაფინანსების მოძიებას გაუმარტივებს, რადგან უცხოელი ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ გარანტირებული შესყიდვის ტარიფის არსებობას.
„ბოლო 5-6 წელი გარანტირებული შესყიდვის ტარიფი გაუქმებული იყო და დარგი რეგრესისკენ მიდიოდა. პირველ CFD აუქციონზე დიდი ყურადღება გამოიჩინეს დეველოპერებმა. მეორე აუქციონი ჩატარდა და ძალიან დიდი აქტიურობა იყო. ვნახეთ, რომ წარმატებით ჩაიარა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გარანტირებული შესყიდვის ტარიფი, რომელიც დაბრუნდა, ამარტივებს ფინანსური მოდელების შეკვრას და შესაბამისად, დაფინანსების მოძიებას. მთავრობის დადგენილებით, მეორე აუქციონის მედიანური ტარიფებით უკვე პირდაპირი მოლაპარაკების წესით გააფორმებენ ხელშეკრულებებს დეველოპერებთან, რაც ვფიქრობ, დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იქნება.
გამარტივდება გრძელვადიანი ფინანსების მოზიდვა, ამასთან, როდესაც გარანტირებული შესყიდვის ტარიფი მოქმედებს ქვეყანაში, დასავლურ ინვესტიციებსაც უხსნის ეს გზას. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წლებში ეს უკვე დარგს დაეტყობა“, - აღნიშნა მარგებაძემ.
რაც შეეხება ფიქსირებულ მედიანურ ტარიფს, რომელიც ჰიდროელექტროსადგურებისთვის 6.5 ცენტია, როგორც მარგებაძე აღნიშნავს, კარგი იქნებოდა ტარიფი მეტი ყოფილიყო, თუმცა სექტორმა დადგენილი ტარიფით უნდა გააგრძელოს მუშაობა. ის სექტემბრიდან, პირდაპირ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ბიზნესის მაღალ აქტიურობას ელის.