ტურისტების ზრდასთან ერთად უკმაყოფილებამაც იმატა

ტურისტების ზრდასთან ერთად უკმაყოფილებამაც იმატა

ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, თვალდათვალ მატულობს მათი პრეტენზიებიც. თუკი ადრე უკმაყოფილება ზაფხულის კურორტებიდან ისმოდა, ახლა თოვლიანი მთებიდანაც ისმის.

2013 წლის დეკემბრში საქართველოს 391 724 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 5%-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-დეკემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 365 356 ვიზიტი განხორციელდა, რაც 21,2%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს. თუმცა, ამ ოდენობიდან მხოლოდ 40%-ია ნამდვილი ტურისტი. რომლებიც ქვეყანაში დასასვენებლად ან მოსანახულებლად ჩამოდიან.

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 2 080 808 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 16,3%);

ბ) ტრანზიტი – 1 167 570 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 54,6%);

გ) სხვა – 2 116 978 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,4 %).

2013 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ თურქეთიდან (-25,8%), აზერბაიჯანიდან (+16,3%), სომხეთიდან (+26,8%), რუსეთიდან (+40,6%), უკრაინიდან (+69,7%) და ირანიდან (-33,8%) შემოვიდა.

ასეთი შთამბეჭდავი მონაცემები, ერთი მხრივ, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ქვეყნის ზამთრის კურორტებზე არსებული მდგომარეობა სულაც არ იძლევა სიამაყის მოძალების საფუძველს. უცხოელმა დამსვენებლებმა ბოლო დროს ჩივილს უმატეს. მათი თქმით, გადახდილი თანხა მომსახურების ხარისხს არ შეესაბამება, ინფრასტრუქტურა კი - გაუმართავია. ამაზე ყურადღებას ამახვილებენ ის ტურისტები, რომლებიც საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობენ.

სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული რამდენიმე ტურისტი ბაკურიანში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურით უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ იმ ვითარებით, რაც ამ კურორტზე დახვდათ, იმედგაცრუებულნი არიან. მაგალითად, სომხეთიდან ბაკურიანში ჩასული ედიკ მანუკიანი ამბობს, რომ ამ კურორტზე პირველადაა და სხვა დროს აქ აღარც დაბრუნდება.

„ზაფხულობით აჭარაში ხშირად ვისვენებ და კმაყოფილიც ვარ. ამიტომ მქონდა მოლოდინი, რომ ბაკურიანშიც გართობისა და კულტურული დასვენებისთვის კარგი პირობები დაგვხვდებოდა. თუმცა ჩამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ აქ კომუნიკაციები - როგორც სატრანსპორტო, ისევე სათხილამურო ტრასების მხრივ - მოუწესრიგებელია. მაგალითად, საღამოს ტრასებზე განათება არ არის. თუმცა გართობის არც სხვა ალტერნატივა არსებობს - არავითარი გასართობი და კულტურული დაწესებულება არ მუშაობს, რომ ადამიანმა საღამო გაატაროს. იძულებული ვართ, სასტუმროში ვიყოთ გამოკეტილები. სამწუხაროა, რომ ბაკურიანი, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ სახელგანთქმული კურორტია, დღეს მეოცე საუკუნეში ჩარჩენილი ადგილია“, - აცხადებს სომხეთიდან ჩამოსული სტუმარი „კომერსანტთან“ საუბრისას.

რაც შეეხება გუდაურს, როგორც იქ მყოფი დამსვენებლები ამბობენ, სპორტის მოყვარულებისთვის პირობები მეტ-ნაკლებად შექმნილია, ნათდება სათხილამურო ტრასებიც, თუმცა სხვა სახის გართობის საშუალებას დამსვენებელი აქაც მოკლებულია.

პრეტენზიას გუდაურის განვითარების სააგენტო არ იღებს. სააგენტოს ხელმძღვანელის სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ოფიციალურად არ გახსნილა, ამ დროისთვის კურორტზე, კაფე–ბარების გარდა, რესტორნები და დისკოთეკა ფუნქციობს.

გუდაურისგან განსხვავებით, გასართობი ობიექტების სიმცირეს აღიარებენ ბაკურიანში. კურორტის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის მარიკა მანკიევის განცხადებით, ამ დროისთვის ბაკურიანი ერთადერთი ქართული ზამთრის კურორტია, სადაც თოვლი მოვიდა, თუმცა გასართობი ობიექტების სიმცირე ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს. რაც შეეხება საღამოს სასრიალო ტრასების განათებას, იგი დამსვენებლების უსაფრთხოების მიზნით ითიშება.

„5 საათზე ტრასებზე განათებებს ვრთავთ, რადგან ტრასა მოყინულია და მასზე სრიალი არ შეიძლება“, – აცხადებს მანკიევი საიფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას. იგეგმება თუ არა კურორტზე გასართობი ობიექტების მოწყობა მომავალი სეზონისთვის მაინც, მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.