ბოლო პერიოდში საქართველოში საინვესტიციო აქტივობა შენელდა. ეს გასაკვირი არც არის პოლიტიკური დაძაბულობისა და მოახლოებული არჩევნების ფონზე. მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლა უახლოეს თვეებში მოსალოდნელი არც არის.
„საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 1 მილიარდ 902 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6%-ით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3%-ით აღემატება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კომპონენტების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია: მთლიანი მოცულობიდან 1.21 მილიარდი დოლარი სააქციო კაპიტალმა შეადგინა, 83.7 მლნ დოლარი კი – რეინვესტიციამ. სააქციო კაპიტალის მოცულობა წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 50.7%-ით აღემატება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინვესტიციების კუთხით საკმაოდ გამორჩეული იყო 2022 წელი, როცა ქვეყანაში 2.2 მილიარდ აშშ. დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და ხაზგასასმელია 2023 წლის მაჩვენებლები.
„აღსანიშნავია, რომ 2023 წელს გაორმაგებულია სააქციო კაპიტალის მაჩვენებელი, ასევე 15 პროცენტით არის გაზრდილი რეინვესტირების მოცულობა და შემცირებულია სავალო ვალდებულებები, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მიმდინარე ჯანსაღ ტენდენციებზე“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნა, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება ციფრებში.
„ჩვენი მოლოდინია, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კვალდაკვალ გაგრძელდება ქვეყანაში კერძო ინვესტიციების აქტიური შემოდინება, რაც პოზიტიურად აისახება როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, ასევე საქართველოს თითოეულ მოქალაქის შემოსავლების ზრდაზე“ - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
თუმცა, ასე სულაც ფიქრობენ დარგის სპეციალისტები. მათი აზრით, წლის ბოლომდე ინვესტიციები ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად დარჩება.
,,სტატისტიკური მაჩვენებლების გაუარესება არ ნიშნავს, რომ ვითარება საგანგაშოა. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ინვესტორებისთვის ცუდი სიგნალი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, დღვანდელი ეკონომიკური მდგომარეობა იძლევა პოტენციურად იმის საშუალებას, რომ უცხოური კაპიტალის მოცულობა გაიზარდოს. ანაკლიის პორტზე ამ მხრივ გარკვეულ იმედს ვამყარებთ, მაგრამ ეს უფრო გრძელვადიანი ინვესტიციაა.
ველოდებით, რომ ჩინური ინვესტიციები გაძლიერდება, კონკურენცია გაიზრდება და მეტი საშუალება გაჩნდება ინვესტორებისთვისაც, მთავარია, პოლიტიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნმა ანალიტიკოსმა მერაბ ჯანიაშვილმა, რომელიც საერთო სურათის შეცვლას წლის ბოლომდე ნადვილად არ ელის.
მთავარი ინვესტორი ქვეყნის ჩამონათვალი კი ასეთია: ნიდერლანდები - 386.3 მლნ დოლარი; გაერთიანებული სამეფო - 364.3 მლნ დოლარი; აშშ - 182.2 მლნ დოლარი; თურქეთი - 109.5 მლნ დოლარი; რუსეთი - 103.3 მლნ დოლარი; ჩინეთი - 98.4 მლნ დოლარი;
ეკონომიკის სექტორების განაწილების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტიცია საფინანსო-სადაზღვევო სექტორში განხორციელდა. მეორე ადგილზე ვაჭრობის სექტორია, მესამეზე კი დამამუშავებელი მრეწველობის სექტორია.