ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდა. 155 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია ალექსეევკის აეროპორტში დახვდნენ. მათ ქართველ სამხედროებს საქართველოში დაბრუნება მიულოცეს და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს.
„დღეს ავღანეთიდან ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 155 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა, რომლებიც რამდენიმე თვის მანძილზე მათზე დაკისრებულ მისიას, ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ქვეითებთან ერთად, ასრულებდნენ. მინდა თითოეულ მათგანს, თავდაცვის სამინისტროს სახელით, მადლობა გადავუხადო მათზე დაკისრებული მისიის მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებისათვის“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა.
ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ISAF-ის მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში შეასრულეს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების კონტროლი და აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობა იყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში მისიის შესასრულებლად როტაციის წესით სექტემბრის ბოლოს გაემგზავრნენ. ბატალიონმა სამოქმედო არეალი სრულად ოქტომბრის დასაწყისში გადაიბარა.
ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის პირველი ნაკადი საქართველოში ორი კვირის წინ დაბრუნდა. რამდენიმე კვირაში ქვედანაყოფის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.