ხელისუფლება მთავარი პროკურორის კადიდატურის დასახელებას აგვიანებს. როგორც პრემიერმა განმარტა, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს.
„ოთარ ფარცხალაძის შემცვლელის თაობაზე მე მაქვს რამდენიმე ვარიანტი და უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობილია, რომ ფარცხალაძის შემცვლად ხელისუფლება მისი მოადგილებიდან არჩევს კანდიდატს. ამ ეტაპზე სახელდებიან შავაძე და შოთაძე, რომელიც მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელია. შეძლებს თუ არა პრემიერი არჩევანი შეაჩეროს კანდიდატზე, რომელიც არა მხოლოდ ამ ხელისუფლების, არამედ საზოგადოების და ქვეყნის ინტერესსაც მოერგება, ძნელი სათქმელია.
უფლებადაცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე თვლის, რომ სასურველია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ხელისუფლებამ ასეთი მთავარი პროკურორი შემოგვთავაზოს.
ბატონო დიმიტრი, როგორც ჩანს, საკმაოდ ხანგრძლივი მსჯელობი საგანი გახდა ხელისუფლებისთვის ვინ იქნება მთავარი პროკურორი. როგორ ფიქრობთ, რატომ ჭიანურდება კანდიდატის დასახელება?
- მთავარი პრიკურორი გახლავთ გამოძიების კანონიერებასა და სამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი მთავარი პირი, ამიტომ დროულად უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ თანამდებობაზე დაინიშნოს უმწიკვლო წარსულის მქონე ადამიანი, რომლის მიმართაც გარკვეული ხასიათის შეკითხვები, რომელზეც იყო საუბარი წინა პროკურორთან დაკავშირებით, აღარ იქნება.
ამისათვის რამდენად გამოდგებიან ის პირები, რომლებიც ბატონი ოთარ ფარცხალაძის მოადგილეებად მუშაობდნენ? - პირდაპირ გეტყვით, რომ ისინი არ გამოდგებიან - ლაპარაკია იმაზე, რომ მთავარ პროკურორად უნდა დაინიშნოს ადამიანი, დღეს პროკურატურაში მომუშავე თანამშრომელთა სიიდან. საუბარია იმ ხელმძღვანელ შემადგენლობაზე, რომელშიც ფარცხალაძის მოადგილეებიც შედიან.
რომელიმე მათგანის დანიშვნა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, ეს იქნება ფარცხალაძის რეინკარნაცია, სხვა გვარითა და სახელით და ეს არ იქნება სწორი გამოსავალი.
რატომ?
- წმინდა სამართლებრივი მიზეზით (ბატონი ფარცხალაძის გადადგომის მიზეზი ვიცით) პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მან ანგარიში გაუწია საზოგადოებრივ აზრს. საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით გათავისუფლებული ადამიანი ისევ კავშირში იქნება მის მიერ დანიშნულ კადრებთან. ფარცხალაძის მიერ მოყვანილი მოადგილეებიდან კანდიდატურის შერჩევა არც სამარლებრივად და არც პოლიტიკურად გამართლებული არ იქნება.
ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე საზოგადოების პრეტენზიები მიმართული იყო მთავარი პროკურორის მიმართ. მაშინაც, როდესაც ამ თანამდებობას არჩილ კბილაშვილი იკავებდა, ხოლო ფარცხალძესთან დაკავშირებით რაც მოხდა, ცნობილია, ერთგვარი რიტორიკული კითხვაც კი ჩნდება, ნუთუ საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც მთავარი პროკურორის თანამდებობას დაიკავებდა ისე, რომ მითქმა-მოთქმა არ გამოეწვია?
- ნამდვილად არსებობს და ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ საჯაროდ გამოთქმული და გამოხატულიც არის საზოგადოების დამოკიდებულება. იცით, ალბათ, რომ სოციალურ ქსელებში პირდაპირი მოთხოვნაა ხალხის, კახა კახიშვილის კანდიდატურა განხილული იქნეს ამ პოსტზე. თუმცა, ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან მზაობას, რომ მაღალი ნდობით მოსარგებლე კანდიდატები იყვნენ განხილულნი. ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის, ზურაბ აბაშიძის კომენტარიც მოვისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ არ არის აუცილებელი, მთავარი პროკურორი იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი სახე.
შეიძლება, მართლაც არ იყოს ცნობილი სახე, მთავარია, რომ კარგი იურისტი იყოს და გამოცდილება ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის. მაგრამ, თუკი, მეორე მხრივ, ამ ყველაფერს ამკობს საზოგადოების ნდობა, რატომ არ უნდა ჰქონდეს უპირატესობა ასეთ კანდიდატს?
ხომ არ არის ეს კავშირში იმასთან, რომ ხელისუფლების ინტერესებში არ ჯდება უკომპრომისო მებრძოლი ფიგურის კანდიდატურის წამოყენება ამ თანამდებობაზე?!
ხელისუფლების ეს პოზიცია უნდა განვიხილოთ კოაბიტაციის შედეგად? კოაბიტაცია ხომ დამთავრებულია...
- კოჰაბიტაცია ნამდვილად არ არის დამთავრებული იქამდე, ვიდრე უმრავლესობას და უმცირესობას ერთმანეთში იყოფენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონგლომერატი.
კარგად არის ცნობილი, რომ უამრავი საკითხი, რომელიც სამართლიანობის აღდგენასთან არის დაკავშირებული, არის გაჩერებული და ადგილიდანაც არ დაძრულა, ვგულისხმობ იგივე წართმეული ქონების უკან დაბრუნებას, უკანონოდ ჩამორთმეული საკუთრების დაბრუნებას, რომელზედაც, პოლიტიკურ დონეზე კომენტარიც კი არ კეთდება.
როდესაც საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანის დანიშვნის საკითხი წყდება მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, ეს ეჭვებს კიდევ უფრო აღვივებს, რომ ხომ არ სჭირდება ხელისუფლებას მთავარი პროკურორის პოსტზე ისეთი პიროვნება, რომელიც იქნება მთლიანად დაქვემდებარებული პოლიტიკურ კონიუქტურას. რომლის ნებისმიერი მოქმედება ნაკარნახევი იქნება, მოტივით, რომელიც აწყობს სწორედ ამ კოაბიტაციის პროცესის გაგრძელებას - კონტექსტიდან რომ არ ამოვარდეს რომელიმე სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართული იქნება დამნაშავე, მათ შორის, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დაკავებასა და მათი სისხლის სამართლებრივ დევნასთან.
პრინციპში, ასეთი მთავარი პროკურორი გვყავდა - ვგულისხმობ არჩილ კბილაშვილს, რომელიც იყო უმწიკვლო წარსულის იურისტი, თუმცა სამართლიანობის აღდგენის კუთხით დიდი წარმატებები არ ჰქონია. თუ ხელისუფლებას ასეთი ინტერესები აქვს, კბილაშვილის მთავარ პროკურორად დატოვება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო...
- ვფიქრობ, რომ არჩილ კბილაშვილმა გააკეთა ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება, რომელიც რატომღაც მედიისთვის მსჯელობის საგანი არ გამხდარა. მან გააკეთა განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ისტებლიშმენტი (ვინც იგულისხმება, გასაგებია, იმიტომ, რომ ყველაფერი თავს იყრის ბიძინა ივანიშვილთან), არ აღმოჩნდა მზად სამართლიანობის აღდგენის პროცესი იმ თვალთახედვით ჩაეტარებინა, რასაც იზიარებდა მთავარი პროკურორი.
მისი გადადგომა ამითი იყო განპირობებული. სხვა საკითხია, რამდენად იცავს დღეს ამ პოზიციას არჩილ კბილაშვილი, რომელიც აღარ არის არც ერთ თანამდებობაზე და იგი ფაქტობრივად, ჩამოაცილეს პოლიტიკურ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიტიკაში შემოვიდა მანამდე, ვიდრე მთავარი პროკურორი გახდებოდა. კბილაშვილი იყო საყოველთაოდ არჩეული დეპუტატი ბაღდათის რაიონში.
ფაქტია, რომ არჩილ კბილაშვილი, ფაქტობრივად, დაისაჯა იმ ხედვისთვის, რომლითაც აპირებდა სამართლიანი გარემოს აღდგენას. ისიც ფაქტია, რომ მას არ გამოსარჩლებია არავინ, არც იუსტიციის მინისტრი, მათ შორის, რომელიც პოლიტიკურად პასუხისმგებელია მთავარი პრკურორის დანიშვნის საკითხში.
ხელისუფლების მთავარი დაპირება და ხალხის მაღალი ნდობის მიზეზიც იყო სამართლიანობის აღდგენა. რატომ არ უნდა აწყობდეს დღეს ხელისუფლებას ამ დაპირების შესრულება?
- არც თუ უსაფუძვლო ეჭვი გაჩნდა საზოგადოებაში იმის თაობაზე, რომ იმ მილიარდების გადანაწილების საკითხი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ფონდში იყო მობილიზებული, დღესაც ძალიან აქტუალურია. საუბარია იმ სახსრებზე, რომელიც ქონების უკანონოდ ექსპროპრეაციის შედეგად დაგროვდა „ნაციონალური მოძრაობის“ „შავ სალაროში“. სად იმყოფება ეს „შავი სალარო“ და ვინ ზედამხედველობს, ამასთან დაკავშირებითაც არსებობს გარკვეული მოსაზრებები და ეჭვები.
კეზერაშვილზეა საუბარი?
- მარტივ მაგალითს მოგიყვანთ - გავიხსენოთ, საზოგადოებისთვის ცნობილია თუ არა ის ფაქტი, რომ კეზერაშვილის ანგარიშების შესახებ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, მოწოდებული საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მიერ? - მსგავსი რამ არ მომხდარა. არადა, მე გავაკეთე თავის დროზე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უშუალოდ მონაკოს გენერალური პროკურორის ინიციატივით გამოიგზავნა ინფორმაცია საქართველოს მთავარ პროკურატურაში კეზერაშვილის მილიონებთან დაკავშირებით, რომელიც თავმოყრილია ლუქსემბურგისა და მონაკოს ბანკებში.
ვინმე არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ განმარტება მაინც მოგვცეს? - ეს არის გადამოწმებული, უტყუარი ინფორმაცია, რომ მონაკოს სახელმწიფოა დაინტერესებული ჩვენთან თანამშრომლობით.
რას აკეთებს ჩვენი სამართალდამცავი სისტემა ამასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც კეზერაშვილი დაკავებულია საფრანგეთის გენერალური პრიკურატურის მიერ და იძებნებოდა იარაღით უკანონოდ ვაჭრობის კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით?!
ამ დროს მონაკოს გენპროკურორისთვის ცნობილი ხდება, რომ კეზერაშვილი ასევე იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი უწყების მიერ და სათანამშრომლოდ ინფორმაციას გვაწვდის - ქართული მხრიდან კი არაფერი არ კეთდება ამ მიმართულებით, ეს როგორ გავიგოთ?!
გაქვთ ახსნა, ასე რატომ ხდება?
- ერთი პატარა კონკრეტული მაგალითი მოგიყვანეთ, იმ რეალური მოტივებიდან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არ უხსნის ხელ-ფეხს, რომ სრული მასშტაბებით იმოქმედოს უკანონოდ მითვისებული ქონების უკან დასაბრუნებლად.
არჩილ კბილაშვილის გარდა კიდევ ერთი მისი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილია თანამდებობიდან ჩამოცილებული და როგორც ჩვენთვის ცნობილია, მან დატოვა საქართველოს ფარგლები.
ესეც ძალზე საინტერესო ინფორმაციაა - რატომ დატოვა საქართველო და ჰქონდა თუ არა რაიმე შეხება „ქართული ოცნების“ ლიდერებს ნაცვლიშვილის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალი ნდობის პირებთან, რომლებიც ასევე არ იმყოფებიან საქართველოში და ასევე ძებნილები არიან?! ხომ არ იყო მოლაპარაკებები ან მცდელობა გაზიდული მილიარდების უკან დაბრუნების რაიმე სქემასთან დაკავშირებით?!
ეს არის კითხვები, რომელსაც არ გააჩნია განსაკუთრებული მტკიცების ტვირთი, ეს მხოლოდ მოსაზრებებია, თუმცა არც თუ უსაფუძვლო და ამასთან დაკავშირებით მე კი არ უნდა ვაკეთებდე სავარაუდო კომენტარს, არამედ ღიად უნდა საუბრობდნენ „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები. ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურად პასუხისმგებლები არიან საზოგადოების წინაშე, ვინაიდან ხალხმა სწორედ იმისთვის აირჩია, რომ რაც შეიძლება, დროულად დაებრუნებინათ წართმეული ქონება და მატერიალური სახსრები დაზარალებული მოსახლეობისთვის.
როგორ ფიქრობთ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ კითხვებზე პასუხს აუცილებლად მივიღებთ ახალი გენერალური პროკურორისგან?
- იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ეს განხორციელდეს, თუ არ შეიცვალა დამოკიდებულება აღებული პასუხისმგებლობების მიმართ. ეს უნდა იყოს მოქმედების სრული კარტ-ბლანშით აღჭურვილი პირი, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის მონაწილეებს გამოავლენდა.
ნამდვილად ვისურვებდი, ისეთი მთავარი პროკურორი დაინიშნოს რომელიც თავისი ჯანმრთელობისა და სოცოცხლის რისკის ფასადაც კი, დაპირების შესრულებას შეძლებდა - სამართლებრივი თვალსაზრისით, სწორედ მთავარ პროკურორს ენიჭება უზარმაზარი როლი სამართლებრივი გარემოს აღდგენის კუთხით.