სად მიედინება კაპიტალი და საით მიექანება ლარი

სად მიედინება კაპიტალი და საით მიექანება ლარი

როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნულმა ვალუტამ ნაახალწლევსაც გააგრძელა უკუსვლა. დოლარზე მოთხოვნა მკვეთრადაა გაზრდილი. ექსპერტებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყნიდან კაპიტალი დიდი სისწრაფით გაედინება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარი 1.7466 ლარი ღირს. ეროვნული ვალუტა, წინა კვირასთან შედარებით, 85 პუნქტით გაუფასურდა, ხოლო შარშანდელთან შედარებით, დოლართან მიმართებაში 5,1%-ით დაეცა. 1,74 ნიშნულზე ლარი ბოლოს სამი წლის წინ, 2011 წლის თებერვალში იყო. 2.3785-ის ნიშნულამდე დაეცა ლარი ევროსთან მიმართებაშიც.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეროვნული ბანკს ბოლო დროს სავალუტო ბირჟაზე უამრავი დოლარი გამოაქვს გასაყიდად. მაგალითად, ბოლო ვაჭრობისას სებ-მა 20 მლნ დოლარი გაყიდა. მიუხედადვა ასეთი ინტერვენციისა, კურსის დაბალანსება ვერ ხერხდება.

ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის ვარაუდით, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნა იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც უცხოურ ვალუტაზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.

„უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა გაზრდილია, ლარზე კი - შემცირებული. ეს არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ლარი მცირედით, მაგრამ მაინც გაუფასურების პროცესს განიცდის და ინტერვენციების გარეშე, ალბათ, ეს პროცესი უფრო ძლიერი იქნებოდა. წინასაახალწლო პერიოდში ლარზე მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა პროცესების გავლენა უფრო მეტია, ვიდრე იმ მოთხოვნის ზრდისა, რომელიც დეკემბერის ბოლოს იყო და ამიტომ, ლარის გამყარებისკენ არ წავიდა. ვფიქრობ, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდა, მაინც ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას უკავშირდება“, - აცხადებს ლექვინაძე.

მისი პროგნოზით, „ლარზე დაწოლის“ პროცესი, გარკვეულწილად, იანვარშიც გაგრძელდება და სანამ ქვეყანაში ინვესტიციები არ გაიზარდება, მანამდე ვითარება არ შეიცვლება. სწორედ ახალი კაპიტალდაბანდებები იქნება ის მთავარი პარამეტრი, რითაც ლარის კურსის მაჩვენებელი დაბალანსდება.

რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ ლარის გაუფასურება, შესაძლოა, ინფლაციის მაჩვენებლის ხელოვნურად ზრდას უკავშირდება, ექსპერტი არ ფიქრობს, რომ „ხელოვნურად ეს პროცესი ვინმეს შეიძლება, აწყობდეს.

„ინფლაცია პირდაპირ კავშირშია ფასების ზრდასთან, ეს უკანასკნელი კი არავის ინტერესში ამ ეტაპზე არ შედის. ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა არაა ის ფაქტორი, რომელიც ეკონომიკის აქტიურობას განაპირობებს. ამ პროცესის შედეგად გამოწვეული ინფლაცია არ არის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი. მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამოწვეული ინფლაციაა უფრო სასარგებლო და არა ხელოვნურად შექმნილი ინფლაციური პროცესი“, - აღნიშნა ლექვინაძემ სააგენტო „პირველთან“ საუბრისას.

ექსპერტის აზრით, უახლოეს პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კური 1.6-იან მაჩვენებელს არ დაუბრუნდება. ეს, ალბათ, გრძელვადიანი პროცესი იქნება.

„ეროვნული ბანკი ადეკვატურად იქცევა. ის, რომ ეროვნული ბანკი საერთოდ არ ჩაერიოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ლარი უფრო მეტად იმერყევებს, რაც არასასურველია. ამან, შესაძლოა, უფრო მეტი პანიკა გამოიწვიოს“, - განაცხადა ლექვინაძემ.

სხვაგვარად ფირობს ექსპერტი სოსო არჩვაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ლარის გეგმაზომიერი გაუფასურება საშიში არ არის, რადგან ეკონომიკა „ხელოვნური სუნთქვიდან“ უნდა გამოირთოს და გამოცოცხლების გზას დაადგეს.

„სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ზრდის პირობებში ინფლაციური პოცესების განვითარებას ვერ ავცდებით. ჩვენ რა გვირჩევნია, ლარის კურსი ხელოვნურად შევინარჩუნოთ, ერთ ადგილას გაჩერდეს ეკონომიკა და არ გაიზარდოს დასაქმების მაჩვენებელი თუ განვითარდეს ეკონომიკა, შეიქმნას სამუშაო ადგილები და მოსახლეობას შემოსავალი გაუჩნდეს? ამისთვის აუცილებელია მიმოქცევაში ფულის მასის ზრდა, რისთვისაც დაგვჭირდება კურსის დაცემა“, - ამბობს სოსო არჩვაძე.