„ხელისუფლებაში საბოტაჟის ჯგუფები მონდომებულნი არიან, ამ ხელისუფლებამ კრახი განიცადოს“

„ხელისუფლებაში საბოტაჟის ჯგუფები მონდომებულნი არიან, ამ ხელისუფლებამ კრახი განიცადოს“

ყოფილი ხელისუფლება გამუდმებით აპელირებს „კატასტროფამდე“ მიყვანილ ეკონომიკაზე, გარღვეულ ბიუჯეტსა თუ შემცირებულ საბიუჯეტო შემოსავლებზე, დღევანდელი ეკონომიკური გუნდის შეცდომებზე და იმ არასახარბიელო მომავალზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ელოდება.

ეს თემა, რა თქმა უნდა, მომგებიანია მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხელისუფლების რეიტინგის შესამცირებლად. ალბათ, სწორედ ამიტომაც, დღევანდელი მთავრობის კრიტიკაში კვლავ ერთვება ყოფილი ხელისუფლების „ხერხემალი“ - „თავზე ჩამოცმული ტომრებისა“ და „ციხიდან გატაცებების“ ამბების შემდეგ ვანო მერაბიშვილი 2014 წლის ბიუჯეტის ანალიზს გვთავაზობს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერზე, სადაც მთავრობის შეცდომებსა და შესაძლო საბიუჯეტო კატასტროფაზე გვესაუბრება.

ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები მართლაც არსებობს, მაგრამ როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ნაციონალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებს იმკის.

რა არის საჭირო ნორმალური ეკონომიკური განვითარების რელსებზე გადასასვლელად, სად უნდა იაქტიუროს ხელისუფლებამ და სად თავი შეიკავოს, ამ თემაზე ექსპერტი დემურ გიორხელიძე გვესაუბრება.

ბატონო დემურ, „ნაციონალური მოძრაობამუდმივად ეკონომიკური კატასროფულ სურათს გვიხატავს. ვანო მერაბიშვილიც კი, ციხეში ბიუჯეტის ანალიზით არის დაკავებული. თქვენი შეფასებით, რამდენად სერიოზულ საფრთხეებზე საუბრობს ყოფილი ხელისუფლება?

- არ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებების განეიტრალებას. თუ რაიმე უბედურება არსებობს საქართველოს ეკონომიკაში, ეს მათი დამღუპველი პოლიტიკის შედეგი იყო, რომელმაც განადგურების პირას მიიყვანა ეკონომიკა.

რაც შეეხება ბიუჯეტს, ისინი საკუთარ თავს აკრიტიკებენ, და აი, რატომ: 2013 წელს ახალმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ის ბიუჯეტი გამოიტანა დასამტკიცებლად, რომელიც წინა მთავრობის მიერ იყო შედგენილი. 5 დღეში შეუძლებელი იყო ახალი მთავრობის მიერ ახალი ბიუჯეტის წარმოდგენა. არადა ჯობდა, გადადებულიყო და ახალი ბიუჯეტი წარმოედგინათ, მაგრამ ეს არ გაკეთდა და ეს ახალი მთავრობის სერიოზული შეცდომაა. 2013 წლის ბიუჯეტი თავისი ხარჯების სტრუქტურით აბსოლუტურად „ნაციონალური მოძრაობის“ შეხედულებების რეალიზაცია იყო.

2014 წლის ბიუჯეტი არაფრით განსხვავდება 2013 წლის ბიუჯეტისგან, ამიტომ ნაციონალები რომ აკრიტიკებენ, ამით ადასტურებენ იმას, რომ რასაც თავად აკეთებდნენ, აბსოლუტურად მიუღებელი იყო.

რა ბიუჯეტზე შეიძლება ლაპარაკი ქვეყანაში, როდესაც განათლებასა და ყველა სახის სოციალურ ხარჯებზე მოდის ბიუჯეტის 50%. რჩება - უბადრუკი 4 მილიარდი ლარი, რომელიც მთელ ქვეყანას უნდა მოხმარდეს. ეს არის აუცილებელი ხარჯები - იქ შეიძლება მოიძებნოს თანხები, რომელიც მთლად რაციონალური არ არის, მაგრამ რაიმე რადიკალური დაგეგმვის შეცვლა, გარდა იმისა, რომ პროგრამულ ბიუჯეტზე უნდა გადასულიყო ახალი ხელისუფლება, შეუძლებელია. რაკი პროგრამული ბიუჯეტი არ არის, კრიტიკა ამ ბიუჯეტისა სხვა მხრივ შეუძლებელია, იმიტომ, რომ ფული არ არის.

ეს არის მწირი ბიუჯეტი - ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნდა, რომ დიდი ბიუჯეტი აქვთ, იმიტომ, რომ ამ ბიუჯეტს საკუთარ ინტერესებს ახმარდნენ და თუკი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იყო, ეს ზრდა არ იყო დაკავშირებული არც პროდუქციის წარმოებასთან და არც მომსახურების სფეროს ზრდასთან.

ეს დაკავშირებული იყო იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, რომელიც ფორმალურად იძლეოდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სურათს, რეალურად კი ამ პროექტისთვის საჭირო მასალები საზღვარგარეთ შეიძინებოდა, ამიტომ, ფული ტრანზიტულად გადიოდა საქართველოს გარეთ უცხოეთში და საკუთრივ წარმოებისა და ეკონომიკის განვითარებას არ უწყობდა ხელს.

თქვენ წარმოიდგინეთ, სამუშაო ადგილები წლითი-წლობით მცირდებოდა და 2012 წლის ბოლოს სამუშაო ადგილები გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე 2003 წლის ბოლოს. აქედან გამომდინარე, სატრაბახო და საანალიზო „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არაფერი აქვს.

ახალ მთავრობას სერიოზულად მართებს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაზარდოს ეკონომიკური აქტივობა და როგორ შექმნას ისეთი პირობები, როცა ადამიანები იწყებენ შრომას და იქმნება სამუშაო ადგილები. ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები - ეს არის ცენტრალური თემა, რომელიც ჯერჯერობით გადაუჭრელია საქართველოში.

ჩვენ გვახსოვს ხელისუფლების დაპირება, რომლის თანახმადაც მათი მთავარი საზრუნავი უნდა ყოფილიყო ეკონომიკა, თუმცა ეკონომიკური ზრდა იმ ტემპით ვერ მოხდა, როგორც იგეგმებოდა, თქვენი შეფასებით, რა გახლდათ მთავარი შემაფერხებელი მიზეზი?

- 2013 წელს ეკონომიკა ვერ განვითარდებოდა იმ ტემპებით, რა ტემპითაც აუცილებელია მისი განვითარება. ერთი იმიტომ, რომ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება აწარმოებდა, იყო მახინჯი და, ადრე თუ გვიან, უდიდეს ჩიხში შეგვიყვანდა. ასეთ ეკონომიკურ პოლიტიკაზე უარი იყო სათქმელი და როდესაც ასეთ აწყობილ სისტემაში უარს ამბობ პოლიტიკაზე, ბუნებრივი დაცემა გარანტირებული იყო. ამის თაობაზე ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში ვსაუბრობდი, რომ მთავრობას უნდა ჰყოფნოდა გამბედაობა, რომ ამ დაცემაზე წასულიყო, იმისათვის, რომ გადაეწყო ეკონომიკური პოლიტიკა.

თითქოს, რაღაც გადაეწყო, მაგრამ ჯერ შედეგი არ არის. ახლა მთავარია, 2014 წელს რას შეძლებს მთავრობა იმისათვის, რომ ეკონომიკური აქტივობა გაზარდოს - თუ ისევ ისე იმოქმედებს, როგორც 2013 წელს, რა თქმა უნდა, რაიმე სერიოზული, შესამჩნევი ცვლილება არ იქნება. ეკონომიკა ახლა რაიმე ტრადეგიის წინაშე არ დგას, ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ პატარა ტემპით.

ხელისუფლება გეგმავდა ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, გათვალისწინებული იყო სპეციალური ფონდები, რომელიც არსებულ ბიზნესებს განვითარების საშუალებას მისცემდა, ახალი ბიზნესის შექმნას შეუწყობდა ხელს, მაგრამ პროგრესი არც ამ კუთხით არის საგრძნობი, თქვენი აზრით ამ მხრივაც რაღაც არასწორად გაკეთდა?

- თუ სახელმწიფო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, ვიცი ერთადერთი და ისიც საკმაოდ უხეიროდ გაკეთებული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი ფონდი, რომელიც აბსოლუტურად არაეფექტურია და არასწორი სქემით მუშაობს.

მეორე ეს არის 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული 200 მილიონი ლარი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ახალი ბიზნესის დაწყებას დააფინანსებს - ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტი თანხა რომ ყოფილიყო საამისოდ გათვალისწინებული, გაცილებით უკეთესი იქნებოდა ეკონომიკისთვის.

რაც შეეხება კერძო ფონდებს, რომელიც დიდად რეკლამირებული იყო, არ მესმის რა კავშირია თანაინვესტირების კერძო ფონდის შექმნასა და სახელმწიფო პოლიტიკასთან. მას თავისი პატრონები ჰყავს, თავიანთი მოგება სურთ მიიღონ. ამიტომ, კერძო ფონდმა უნდა იმუშვოს იმ კარგ გარემოში, რომელიც უნდა შევუაქმნათ კერძო პირებს. ასეთი ფონდები უამრავი უნდა შეიქმნას, მაგრამ რომელიღაც კერძო ფონდის საქმიანობა და ქვეყნის განვითარება ერთმანეთს ვერ დაუკავშირდება - ეს გამორიცხულია.

აბა რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს პროცესი ადგილიდან დაიძრას?

- ამისათვის საჭიროა პირობები, რომელიც არ არსებობს. ქვეყანაში არის ფინანსური შიმშილი, სფეროები მონოპოლიზირებულია, ფინანსური ინფრასტრუქტურა უვარგისია, საბანკო სისტემა კატასტროფულია, ეს არის ენერგიულად მოქმედი სიმახინჯე, რომელიც ქართულ ეკონომიკას არ მისცემს განვითარების საშუალებას.

მთავრობა კი შეცდომას უშვებს, როდესაც ამ ბანკებს ლობირებს და ამით, ფაქტობრივად, საკუთარ ტოტს ჭრის. ამ ბანკებს სჭირდებათ კონკურენტული გარემო, რომ განვითარდნენ. შემოსაყვანია მსხვილი, დასავლური ტიპის საბანკო ჯგუფი, რომ ცოტა აზრზე მოვიდნენ ბანკირები და საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესის ძარცვას თავი დაანებონ.

მოკლედ, ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ყველაფერი ცნობილია რაც უნდა გაკეთდეს. თუ გააკეთებს ამ ყველაფერს მთავრობა, კარგი იქნება, თუ არა - 2014 წელს სერიოზული პრობლემები ელოდება.

თქვენ ახსენეთ მონოპოლიები - ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღება დაგეგმილი იყო 2013 წლის ბოლოსთვის, მაგრამ როგორც ჩანს, თარიღმა კვლავ გადაიწია. როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამისი მიზეზი? გვახსოვს, რომ ეს თემა ხელისუფლების პირველი რიგის ამოცანებში შედიოდა...

- ეს იმაზე მიუთითებს, რომ ახალ მთავრობაშიც არსებობს სერიოზული ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც არ უშვებენ ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებას, არ უნდათ დასავლური ტიპის არც კანონმდებლობა, არც საბაზრო ეკონომიკა.

საქართველოში არ არსებობს საბაზრო ეკონომიკა, ეს არის რაღაც ნაჯვარი კომუნისტური ეკონომიკისა და შემდგომ უკვე, ტერმინოლოგიის დონეზე საბაზრო ეკონომიკის ელემენტებისა. ეს გარემოა სწორედ, რომ ეკონომიკის განვითარების საშუალებას არ იძლევა. არ არსებობს გამართლება იმისა, რომ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა დღემდე მიღებული არ არის.

გამოდის, რომ დღესაც ვიღაცას არ აწყობდა ახალ ხელისუფლებაში ამ კანონის მიღება. შემიძლია, დაბეჯითებით გითხრათ, რომ ახალ ხელისუფლებაშიც საბოტაჟის სერიოზული ჯგუფებია, რომლებიც მონდომებულნი არიან, რომ ამ ხელისუფლებამ კრახი განიცადოს.

ადრე თუ გვიან, ალბათ, მაინც მოგვიწევს ამ კანონის მიღება რადგან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის გარკვეული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. ევროპას ანტრიმონოპოლიურ კანონთან დაკავშირებით მოთხოვნები წინა ხელისუფლებასთანაც ჰქონდა, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა. ახლაც რაიმე მსგავსი ხომ არ არის მოსალოდნელი?

- არ ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ასე დაგვიანდა ამ კანონის განხილვა, შინაარსობრივად, ეს კანონმდებლობა სერიოზულად შეცვლის მდგომარეობას. ვფიქრობ, რომ უფრო ფორმალური სახის კანონი იქნება მიღებული, რომელიც არ შეცვლის ამ მახინჯ სიტუაციას ქართულ ეკონომიკაში.

კიდევ ვიმეორებ, არსებობს სერიოზული შემაფერხებელი ჯგუფები თვითონ ხელისუფლებაში, რომლებსაც არ უნდათ ამ ხელისუფლების წარმატება.

თუ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი გადადგამს სერიოზულ ნაბიჯებს და იფიქრებს არა მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ დღეგრძელობაზე (რაც აუცილებელია), არამედ იფიქრებს, რომ ეს დღეგრძელობა განვითარებასა და რეალურ შედეგზე იქნეს დაფუძნებული, კარგი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინასწარ გეუბნებით, რომ 2014 წელი არაფერით უკეთესი არ იქნება 2013 წელზე და უკმაყოფილება გაიზრდება.

გარკვეულ სახელისუფლებო ჯგუფებს ბიზნესების ლობირებაშიც სდებენ ბრალს, საუბარია იმ ბიზნესებზე, რომელიც ყოფილ ხელისუფლებასთან იყო შერწყმული...

- ყველა შესანიშნავად გრძნობს თავს და აბსოლუტურად ხელ-ფეხ გახსნილნი არიან თავიანთ სტილში მუშაობისათვის. არადა, რასაც ისინი აკეთებდნენ, ეკონომიკისათვის აბსოლუტურად არ იყო ეფექტური და შედეგის მომტანი.

დღეს ეს ბიზნესები კვლავ ხელისუფლებასთან არიან ინტეგრირებულნი თუ თავისუფალ ცურვაში გადავიდნენ?

- ამ ქვეყანაში თავისუფალ დინებაში ჯერჯერობით აბსოლუტურად არაფერი არ არის მიშვებული, უბრალოდ, ამ მახინჯმა კოაბიტაციამ მოიტანა ის, რომ წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი მახინჯი ბიზნესსტრუქტურები დღეს თავს შესანიშნავად გრძნობენ.

ანუ ,ისევ პოლიტიკური ნების დეფიციტია ხელშემშლელი, რომ ნორმალური ბიზნესგარემო შეიქმნას?

- ნორმალური განვითარებისათვის არსებობს ერთადერთი გზა - ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს აგება და დასავლური ტიპის საბაზრო ეკონომიკის დანერგვა. ეს კი მოითხოვს შესაბამისი ინსტიტუტების შექმნასა და განვითარებას.

საბაზრო ეკონომიკა არ მუშაობს პიროვნებების, თუნდაც მთავრობის ნება-სურვილზე. მთავრობა საბაზრო ეკონომიკას პირობებს უნდა უქმნიდეს, დანარჩენს კი ბიზნესი და ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანები თვითონ გააკეთებენ.