უმუშევრობამ ისევ ისტორიული მინიმუმი აჩვენა. რაც დრო გადის, მაჩვენებლი სულ უფრო მცირდება და თანდათან განვითარებული ქვეყნების დონეს უახლოვდება.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7% შეადგინა.
სტატისტიკის მიხედვით, რომ შრომის ბაზარზე დიდი გარღვევაა, მაგრამ პარალელურად შრომისუნარიანი მოქალაქეების როლი ეკონომიკაში, ასევე სამსახურის მაძიებელთა რაოდენობა მცირდება. ეს ცხადყოფს, რომ დასაქმების პრობლემა ვერ გვარდება, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც შრომისუნარიანი მოქალაქეების დიდი გადინებაა.
„საქსტატის“ მონაცემით, მიმდინარე წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიოდენობა გაიზარდა 19.1 ათასი კაცით (2.1%) და 935.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%) და 451.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 47.2 ათასით (17.7%) და 219.7 ათასი შეადგინა.
რაც შეეხება დასაქმებას ასაკობრივ ჭრილში, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.5%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 2.8 პროცენტული პუნქტით და 47% შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე როგორც ქალაქის ისე სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 3 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.9% და 45.8%-ს შეადგენს.
უმუშევრობის კლების მაჩვენებლებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომლის თქმითაც მთავრობის პოლიტიკა სამუშაო ადგილების შექმნაზე არის ორიენტირებული. მისი თქმით, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული პოლიტიკით საქართველოს ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს 9%-ს შეადგენს.
„ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ზრდა პირდაპირ აისახება დასაქმებაზე, უმუშევრობის დონის შემცირებაზე. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას.
სამწუხაროდ, მთელი ჩვენი პოლიტიკური დისკუსია არის გადართული რაღაც ვიწრო პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც არ არის არსებითად საინტერესო მოსახლეობისთვის, არ ეხება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ჩვენ, პარალელურ რეჟიმში, მთელი ჩვენი საქმიანობა გვაქვს მიმართული იქითკენ, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, შევამციროთ უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, დავასაქმოთ მეტი ადამიანი. გვაქვს კონკრეტული შედეგები, რაც არის ასახული არა მარტო სტატისტიკაში, არამედ შემდეგ ეს უმუშევრობის შემცირება, დასაქმების ზრდა პირდაპირ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე“, - განაცხადა პრემიერმა.
რასაკვირველია, სრულიად საპირისპირო მოსაზრებაა რადიკალურ ოპოზიციაში. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, უმუშევრობასთან დაკავშირებით „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო მანიპულაციაა. სინამდვილეში, ის, რომ ქართველები საკუთარ ოჯახებს და ქვეყანას ტოვებენ, შედეგია იმისა, რომ საქართველოში ღირსეული სამუშაო ანაზღაურება არ არსებობს, ხოლო ფასები - ძალიან მაღალია.
„ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან საკუთარი მოსახლეობის ძარცვის და გაღარიბების პოლიტიკის შედეგი. „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული მცირე ჯგუფი მდიდრდება, ხოლო ხალხი ღარიბდება. შესაბამისად, 26 ოქტომბრის შემდეგაც თუ კვლავ ესენი დარჩებიან ხელისუფლებაში, ქვეყანას ელოდება იზოლაცია, სიღარიბე, რის გამოც სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტ ქართველს მოუწევს სამშობლოს დატოვება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დავსვათ კითხვა, თუ ვისი ოცნებაა საქართველო ქართველების გარეშე?!“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
ოპოზიციონერთა განცხადებას კონკრეტული სტატისტიკური მონაცემებით უპირისპირდებიან მთავრობიდან. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული. ამასთან, 2024 წლის პირველ და მეორე კვარტალში, შესაბამისი კვარტლების ჭრილში, დასაქმებულთა რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა.
„ქვეყანაში გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები - 6 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9 პროცენტს შეადგენს, შედეგად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, ამასთან, ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე და მეორე კვარტალში 13.7 პროცენტს შეადგენს“ - აღნიშნა ცინცაძემ.
მისივე თქმით, 2024 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 60 ათასზე მეტით გაიზარდა და მილიონ 388 ათასი შეადგინა, ხოლო უმუშევართა რაოდენობა 47.2 ათასით შემცირდა და 219.7 ათასს გაუტოლდა.
„აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. ჩვენი მოლოდინია, რომ მომდევნო თვეებსა და წლებში გაგრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რაც, ასევე პოზიტიურად აისახება შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებზე და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.