მთავრობის დადგენილებით, 2014 წლის 1 იანვრიდან „სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში“ შეიცვალა სახელწოდებით - „სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში“. სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ახალი სახელი შეიცავს ორ მიმართულებას - კონფლიქტებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას. კერძოდ, „შერიგების“ კომპონენტი შეეხება კონფლიქტების მოგვარებას, ხოლო „სამოქალაქო თანასწორობა“ - საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ინტეგრაციის საკითხები ეხებათ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე განმარტავს, რომ კონფლიქტზე სიტყვები მოქმედებენ, მაგრამ იმდენი წელი გავიდა ამ კონფლიქტებში, რომ უწყების სახელი გადამწყვეტი არ იქნება კონფლიქტის დარეგულირებისათვის. პოლიტოლოგის განმარტებით, არის სხვა პრობლემები, რომელთა წინ წამოწევა შეიძლება უფრო მეტი შედეგის მომტანი ყოფილიყო.
„კონფლიქტები ძალიან მგრძნობიარე არიან ხოლმე სიტყვების მიმართ. სახელის ცვლილებები მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც რაღაცა ისეთი პროცესები მიდის, რისი წარმატებით დასრულებისთვის უკვე ბარიერი ხდება ძველი სახელი და გადარქმევა ამით გამართლდება. თუ კი არ ჩანს, რა პროცესს უშლიდა ხელს სახელი, მაშინ, სახელის ცვლილება ყოველთვის გამოიწვევს ზედმეტ კრიტიკას საზოგადოებაში. დამტკიცება უნდა იმას, რომ საჭირო იყო ცვლილება. ჯერეჯერობით, ასეთი არგუმენტი არ გახმაურებულა და მხოლოდ სახელის შეცვლის ავკარგიანობაზე მიდის ლაპარაკი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბორის ჩოჩიევი, პაატა ზაქარეიშვილს ურჩევს სამინისტროს სახელწოდების შეცვლის ნაცვლად სამხრეთ ოსეთის აღიარებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე იფიქროს. ჩოჩიევი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში ნებაყოფლობით დაბრუნების შესახებ ზაქარეიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აცხადებს, რომ ეს არასოდეს მოხდება. მისი თქმით, საქართველოს ყოველთვის სურდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიტაცება.
„არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება საქართველოს მთავრობაში, ვინ იქნება პრეზიდენტი, მინისტრი და მით უმეტეს, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სახელწოდება ექნება სამინისტროებს. საქართველოს სურს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიტაცება, ჩვენი, ოსების – განადგურება ან განდევნა მშობლიური მიწიდან. მე პაატა ზაქარეიშვილს ვთვლიდი უფრო შორსმჭვრეტელ პოლიტოლოგად და რეალისტურ პოლიტიკოსად.
თუმცა, სამწუხაროდ, მისი გამონათქვამები საპირისპიროზე მეტყველებს. მე მას და მის მომხრეებს ვურჩევდი, რომ სამინისტროს სახელწოდება კი არ უნდა შეცვალონ, არამედ იფიქრონ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაზე, თუ მათი სურვილი, დარეგულირდეს ურთიერთობა სამხრეთ ოსეთთან, გულწრფელია“, - განაცხადა ბორის ჩოჩიევმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზურაბ აბაშიძე სამინისტროსთვის სახელის შეცვლას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ძირითადი მიზანი შერიგებაა, რაც სამინისტროს ახალ სახელში ეს კარგად ჩანს.
„მთავრობამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მან ჩათვალა მიზანშეწონილად და აუცილებლად, რომ რეინტეგრაციის სამინისტროს სახელი შეცვლილიყო, რაც სწორად და ადეკვატურად მიმაჩნია. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ შერიგებაა და ეს რჩება პრიორიტეტად. სამოქალაქო თანასწორობა კი გულისხმობს სხვა ეროვნების ადამიანების ინტეგრაციის პროცესს საქართველოში, მე ამაში აჟიოტაჟის შესაქმნელს ვერაფერს ვხედავ“, - განაცხადა აბაშიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის კი გაუგებარია, რა შერიგებაზე შეიძლება იყოს საუბარი რუს ოკუპანტებთან. შოთა მალაშხიას შეფასებით, რეინტეგრაციის სამინისტროსთვის სახელის შეცვლა სრული აბსურდია და შეუსაბამობა იმ საერთაშორისო დონეზე, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
„ეს ახალი სახელი რას ნიშნავს, ვერ გავიგე. რეინტეგრაციის სამინისტრო აუცილებლად უნდა არსებობდეს. დღეს გაურკვეველია, რა შერიგებაზეა საუბარი ოკუპანტთან. შესაძლებელია, მსგავსი განყოფილება ყოფილიყო სამინისტროში. უნდა ითქვას, რომ ეს იქნება პრაქტიკულად, სხვა სამინისტრო. პრეზიდენტმა უნდა გაიაზროს, რას აწერს ხელს. ჩვენი ხელისუფლება ოკუპაციაზე ყურადღებას აღარ ამახვილებს“, - ამბობს შოთა მალაშხია.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალ სახელს მოუქნელს უწოდებს და აცხადებს, რომ ის მხარს უჭერდა სახელის ცვლილებას, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს სახელი უფრო ნეიტრალური ყოფილიყო.
„სახელწოდების შეცვლა მესმის, მეც მქონია შეხვედრა აფხაზებთან და ოსებთან, სადაც კულუარულად აყენებდნენ ამ საკითხს, რომ რეინტეგრაცია ფაქტიურად აიძულებთ საქართველოში იყვნენ ინტეგრირებულები და მანამდე გრძელი გზა არის გასავლელი. ისინი ამბოდნენ, რომ უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან საკუთარი საზოგადოების წინაშე, რადგან თავიდანვე ჩვენთან დაბრუნებას გვეუბნებითო.
თუმცა ასევე ამბობდნენ, რომ მანამდე გრძელი გზაა გასავლელი. მე ვფიქრობდი, რომ ეს სახელი უნდა შეცვლილიყო და უფრო ნეიტრალური სახელით უნდა მომხდარიყო ცვლილება. ამ სახელში აზრი არის ჩადებული - შერიგება, რაზეც ვართ ორიენტირებული, ასევე ვართ ორიენტირებულები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, სამხრეთ კავკასიის ძლიერებაზე, თუმცა ამ სახელმა ეს ყველაფერი ვერ მოიცვა და ვერც ერთი სახელი ამას ვერ შეძლებს, ამიტომ უფრო ნეიტრალური სახელის არჩევა ჯობდა“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე ამბობს, რომ ზაქარეიშვილი წლების მანძილზე ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრაზეა „დასპეცებული“, ადრე თუ ამაში გრანტებს იღებდა, ახლა, მისი თქმით, სახელმწიფო დონეზე ახორციელებს საქართველოს დაშლის საერთაშორისო მასშტაბით სამართლებრივი გაფორმების პოლიტიკას. როგორც ჩხეიძე „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში განმარტავს, სამინისტროს სათაურში ტერმინი „შერიგების“ შემოტანით ამოგდებულია მთავარი მიზნის - გაერთიანების ხსენება.
„სამინისტროს სათაურში ტერმინი შერიგების შემოტანით, ჯერ ერთი ამოაგდეს მიზნის - კვლავ გაერთიანების - ხსენება, მთავარი ესაა და თანაც კვლავ ხაზი გაუსვეს, რომ ცენტრალური თემა - ერთი მხრივ ქართველების და აფხაზების, ხოლო მეორეს მხრივ ქართველების და ოსების ეთნიკურ კონფლიქტია და არა რუსეთის მხრიდან, უბრალოდ, ჩვენი მიწის წაგლეჯა.
თანაც ამ მიმდინარეობას ვითომ ლიბერალები იმ აზრსაც უწევენ პოპულაციას, რომ ეს კონფლიქტი ჩვენი ბრალია, ჩვენ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, ჩვენ, რომლებსაც ეთნოწმენდა და გენოციდი ჩაგვიტარეს, ჩვენი მიწიდან გამოგვყარეს, რომლებიც ყოველთვის დისკრიმინირებული ვიყავით აფხაზეთში, ჩვენივე მიწაზე. საჭიროა დიალოგი და ურთიერთობა პირდაპირ აფხაზებთან, ოსებთან. სასურველი და ძალიან სასარგებლოა, მიუხედავად ოკუპაციისა, ვეცადოთ მათ ინტეგრაციას ჩვენს საზოგადოებაში თუნდაც ყოფით დონეზე, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პრობლემას ისინი კი არა, რუსეთი ქმნის, რომ საქმე ნამდვილ ეთნოკონფლიქტთან კი არა, ჩვეულებრივ აგრესიასა და ოკუპაციასთან გვაქვს“, - აცხადებს თამარ ჩხეიძე.
თავად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ სახელწოდებასთან დაკავშირებით მოსაზრების გამოთქმა ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა. პირველი შემრიგებელი ამბობს, რომ სახელმწიფოში სიტყვის თავისუფლებაა და ყველა მოქალაქეს, იქნება ეს შოთა მალაშხია თუ თამარ ჩხეიძე, აქვს უფლება, შეაფასოს მისი უწყების ახალი სახელი და საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს. როგორც ის აცხადებს, ამ პოზიციას რომ იზიარებდეს, სახელწოდება არ შეიცვლებოდა, მაგრამ რადგანაც შეცვალეს, ეს მისივე თქმით, ნიშნავს, რომ ასე მიაჩნიათ სწორად.