აშშ-მა და ერაყმა ამერიკული ჯარის გაყვანის თარიღზე შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ამერიკა საკუთარი კონტინგენტის პირველ ნაწილს ერაყიდან 2025 წელს გაიყვანს, ხოლო მეორეს - 2026 წელს. გეგმა შეთანხმებულია და ის ორივე მხარის საბოლოო დამტკიცებასა და თარიღის გამოცხადებას საჭიროებს.
შეთანხმების შესახებ განცხადება ოფიციალურად რამდენიმე კვირის წინ უნდა გაკეთებულიყო, თუმცა ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ურთიერთობების გამწვავების გამო ღონისძიება გადაიდო. შესაძლოა, შეთანხმების შესახებ განცხადება სექტემბერში გაკეთდეს.
როგორც Reuters-ი იუწყება, ამერიკული ჯარის მცირე ნაწილი ძირითადი კონტინგენტის გაყვანის შემდეგ, შესაძლოა, ერაყში დარჩეს.
აშშ ერაყში 2003 წელს შევიდა და დიქტატორი სადამ ჰუსეინი დაამხო. 2011 წელს ამერიკულმა ჯარმა ერაყი დატოვა, თუმცა 2014 წელს ის კვლავ დაბრუნდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად. დღესდღეობით ერაყში 2 500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.