ამა წლის 8 ივლისს, წერილი გამოვაქვეყნე სათაურად „აფხაზეთი სამშობლოა“... (ვისაც დაანინტერესებს, შეუძლია გაეცნოს. https://for.ge/view/281407/afxazeTi-samSobloa-----.html). ბევრი დადებითი გამოხმაურება მივიღე, აფხაზეთის დარბაისელ და პატივსაცემ მკვიდრთაგან. სხვა, ასევე პატივსაცემი ადამიანებისაგან, ცოტა არ იყოს უცნაური შეფასებები გაკეთდა, ჩემს მიერ შემუშავებულ ახალ ლოზუნგზე. ისინი მიმტკიცებდნენ, რომ ლოზუნგი „აფხაზეთი საქართველოა“ უფრო მყარი და სასარგებლო ლოზუნგია. ის, რომ აფხაზეთი, საქართველოს განუყოფელი ნაწილია. თითქოს, მე, ჩემი ლოზუნგით უარვყოფდი ამ ჭეშმარიტებას. ნამდვილად არ მეგონა, რომ წინააღმდეგობა შემხვდებოდა ამ საკითხზე. როგორც ჩანს, მეც და ჩემს ოპონენტებსაც, ბევრად მეტი დაფიქრება გვმართებს. სად და რა შემთხვევაშია წინააღმდეგობა ჩვენს შორის. აფხაზეთი საქართველოა, ანუ საქართველოს ნაწილი-რეგიონი, და ეს არის თავად საქართველო. მე ვამბობ, რომ აფხაზეთი, ნაწილი, არის თავად სამშობლო. სად არის აქ წინააღმდეგობა? როგორც ჩანს მაინც არის და არის აღქმაში. როგორია ეს აღქმა? ჩემი აზრით, დევნილისათვის აფხაზეთი, მისი არყოფნით გამოწვეული დაცარიელებული ტერიტორიაა, რომელიც მის ამჟამინდელ ფიზიკურ სამყოფელს, დანარჩენ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს-შემოუერთდეს. ასეთივე პათოსით ნათქვამი „ტაო-კლარჯეთი საქართველოა“ გამიგია. მაგრამ არ გამიგია „ტაო-კლარჯეთი სამშობლოა“. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ იქ აღარ ვართ? იქ არ ვცხოვრობთ, ჩვენი ნასახლარიც აღარ დარჩა, მხოლოდ ჩვენი წინაპრების მიერ ნაშენები ტაძრების ნანგრევებიღაა შემორჩენილი? აფხაზეთის მიწაზე კი, ქართველთა სახლები (ისტორიული ტაძრები მათ შორის) დღემდე დგას და კანონიერ მესაკუთრეებს ეალოდებიან. ის ვინც დაიბადა და გაიზარდა აფხაზეთის მიწაზე, სწორედ ამ მიწას უნდა მიიჩნევდეს (დარწმუნებული ვარ, რომ ქვეცნობიერის დონეზე ასეც არის) იმ ადგილად, საიდანაც იწყება ყველაფერი, სადაც არის სამყაროს ჭიპი, ადგილი, საიდანაც იწყება სამშობლო. ვგულისხმობ იმათაც, ვინაც პატარაობის ასაკში დატოვა აფხაზეთი და იმათაც, ვიც დანარჩენ საქართველოში თუ დედამიწის სხვა კუთხეში დაიბადა. პირადად ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დავიბადე და ქუთაისში აღვიზარდე, ასეთი ადგილია ჩემი სოფელი, ხვანჭკარა. იქიდან იწყება რაჭა, საქართველო, კავკასია, დედამიწა და მთელი სამყარო! ნაწილით აღვიქვამთ მთლიანობას და მთლიანობიდან გამოვარჩევთ ნაწილებს. ნაწილაკების ანალიზის მეშვეობით, მთლიანის სინთეზს ვახორციელებთ. ამ წრეზე დავდივართ და სხვა გზა არ გაგვაჩნია.
გავკადნიერდები და შევეცდები, რომ უფრო ღრმად გავშალო ჩემსა და ჩემს ოპონენტებს შორის არსებული, ნაწილისა და მთლიანის წინააღმდეგობრივი საკითხი. აფხაზეთიდან გამოდევნილი ადამიანი, დიდი ტკივილისა და ტრავმის მატარებელია. მისთვის რთულია გადატანილის დავიწყება. უსამართლობის განცდა ძალიან დიდია, საკუთარი ნაოფლარ-ნალოლიავები სახლიდან გამოგდება, მიწა-წყლიდან, სადაც ბავშვობის უბედნიერესი წლები აქვს გატარებული, სადაც წინაპრების საფლავებია და რაც მთავარია, სადაც ადამიანი მომავლის გეგმებს აგებდა. სადაც თვალნათლივ ხედავდა იმ ბედნიერ მომავალს, რომელსაც საკუთარი შვილებისათვის აშენებდა. ადგილი, სადაც ადამიანი, საკუთარი ბუდის შენებით არის დაკავებული, ერთი პატარა კონკრეტული ლოკაციაა, თუმცა, მისთვის მთელი სამყაროა და ასეთი აღქმისათვის, ყველა პირობა არსებობს - მთა, ტყე, მდინარე და მით უმეტეს - ზღვა. ლოკალურს, ადამიანი გლობალურად აღიქვამს, მანამ, სანამ უცხო არ გამოჩნდება და მას, მის ბუდეში არ შეეცილება. უეცრად ყველაფერი იმსხვრევა. ის რაც გლობალურად ეჩვენებოდა ადამიანს, განდევნის შემთხვევაში, უმცირესად ეჩვენება, რადგანაც სხვა დანარჩენ სამყაროსთან შეჯახება და უცხო გარემოში ხეტიალი უწევს. ამ დროს უბედურება და გაუსაძლისი ყოფა იწყება. ურთულესია ამ ყოველივეს გაძლება. ბევრმა ვერ გაუძლო კიდეც. აუცილებლად გულთან მისატანია ჩვენი დებისა და ძმების ეს პირადი ტრაგედიები. ისე კი, საქართველოს დანაწევრება, ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს! ვაი, მას, ვინც სამშობლოს მშვიდობიანი გაერთიანების სულისკვეთებითა და მოტივაციით არ ზრდის საკუთარ შვილს! https://www.facebook.com/reel/1065448305189290 და მაინც როგორია ჩემი დაკვირვება. მე ვფიქრობ, რომ დევნილთა გარკვეულ ნაწილს, ამ 30 წლის მანძილზე, პატიების უნარი და შერიგების სურვილი ვერ გამოუმუშავდათ. და აქ არაფერია გასაკვირი იმ მიზეზთა გამო, რაც ზემოთ აღვნიშნე. ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ ჯალათებთან, გულგრილებთან და „ტრაფეიშნიკებთან“ თანაცხოვრება. მათ ასეთი პერსონაჟებისაგან დაცარიელებულ აფხაზეთში დაბრუნება სურთ, იმ ცარიელ ნაწილში, რომელიც მათ მიერ შეივსება და დანარჩენს შეუერთდება. ასეთი აფხაზეთი გახდება სამშობლო. აფხაზებსაც მსგავსი აფხაზეთი უნდოდათ, ქართველებისაგან დაცარიელებული. მთლიანს ჩამოშორებული ნაწილი, რომელიც თავად უნდა გადაქცეულიყო დამოუკიდებელი ერთეული და მთლიანობა. ეს მათ ჩაიფიქრეს და რუსეთის ფედერაციის, ჩრდილოკავკასიელი, კაზაკი და ადგილობრივი უცხოტომელების დახმარებით განახორციელეს მზაკვრული გეგმა. სხვაგვარად არ ხერხდებოდა აფხაზეთის დაცარიელება და მთლიანი ორგანიზმისაგან მოწყვეტა. სისხლის და ნგრევის გარეშე, ეს გეგმა ვერ განხორციელდებოდა, რადგანაც არც ერთია დამთმობი და არც მეორე. რაც ქართველისათვის ნაწილია, აფხაზისთვის მთლიანობაა. იმისათვის რომ ნაწილი შემოუერთდეს დანარჩენს და გარდაიქმნას მთლიანობად, ქართველმა, ეს ნაწილი უნდა აღიქვას მთლიანობად და ამ მთლიანობის განაწილება შეძლოს აფხაზისათვის, ხოლო აფხაზმა, (საკუთარი ხედვიდან გამომდინარე) მთლიანს უნდა შეუერთოს დანარჩენი ნაწილი. ამიტომაც კიდევ განვმეორდები, აფხაზეთი, რომელიც საქართველოა, იმ აფხაზეთში აფხაზის ადგილი არ არის. და აფხაზეთი, რომელიც აფხაზეთია, იქ ქართველს არ დაედგომება. აფხაზეთი და კონკრეტულად აფხაზეთი უნდა იყოს მთლიანი სამშობლო, ორივეს სამშობლო! თუ ამაზე შევთანხმდებით, სამშობლოს ერთმანეთში განაწილებას მოვახერხებთ, თანაც ისე, რომ არც დავშორდეთ და არც შევერწყათ ერთმანეთს. მაშინ მოვახერხებთ პატიებასაც და შერიგებასაც. ნაწილი კვლავ დანარჩენს შეერწყმება და გამთლიანდება. წრე შეიკვრება და გამყარდება.
ერთ ამბავს მოვიგონებ, ვფიქრობ, ამ საკითხთან პარალელს გაავლებს. რამდენიმე წლის წინ, ერთი აფხაზი ახალგაზრდა დამიკავშირდა სოციალური ქსელით. ჩემი რუსულენოვანი ინტერვიუ უნახავს კონფლიქტთან დაკავშირებით. მან პატივისცემა და თანხმობა დამიდასტურა, ჩემს პოზიციაზე, ჩვენს შორის არსებული კონფლიქტის, ძირითად მიზეზთან დაკავშირებით. ჩვენ საუბარს შევუყევით და მან, საკუთარი ისტორია მიამბო. პირობითად მას ასტამურად მოვიხსენიებ. ეს ამბავი, დაახლოებით, ხუთი-ექვსი წლის წინანდელია. ასტამური ოცდაორი წლისა იყო იმ დროისათვის. აღმოჩნდა, რომ იგი რუსეთის იმპერიის მიერ, თურქეთში გადასახლებული მუხაჯირის შთამომავალია. მამამისი და რამდენიმე ასეული გათურქებული აფხაზი, არძინბას მოუწვევია უკვე „დამოუკიდებელ“ აფხაზეთში და სახლ-კარიც მიუციათ. ასტამურიც იმ სახლში დაიბადა და გაიზარდა. როგორც მან მითხრა, მამას თურქულისა და აფხაზურის გარდა, სხვა ენა არ სცოდნია, ისევე, როგორც დანარჩენ რეპატრიანტებს. ბევრმა ვერ ააწყო საკუთარი ცხოვრება, რუსული ენის არცოდნის გამო. იმ აფხაზურს, რაც გათურქებულებმა იციან, გარუსებული აფხაზები ვერ იგებენ. ამიტომაც ბევრმა დატოვა აფხაზეთი და თურქეთში დაბრუნდა. ასტამურის მამა გამოდგა გამონაკლისი. თავად ასტამური კი, საკმაოდ კერკეტი კაკალი აღმოჩნდა და კარგი რუსულით (აფხაზურიც ბრწყინვალედ იცის) მბომბავდა შეკითხვებით. მეკითხებოდა, სამართლიანი არის თუ არა, რომ მამამისი დაბრუნდა წინაპრების მიწაზე? აქვს თუ არა მას უფლება, რომ იცხოვროს აფხაზეთში? საუბარში გამოვლინდა, რომ მამამისისთვის ქართველის ნასახლარი გადაუციათ. ამ მომენტში დაგვეძაბა საუბარი, ცოტა გავცხარდი, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და მშიდად გავაგრძელე დიალოგი. ასტამური დაჟინებით მეკითხებოდა, სამართლიანი არის თუ არა, რომ მამა დაუბრუნდა წინაპრების მიწა-წყალს? რაზეც ჩემგან მიიღო პასუხი, რომ სამართლიანია დაბრუნება მაშინ, როდესაც ასეთ დაბრუნებას ახორციელებს კანონიერი ხელისუფლება და არა შეიარაღებული სეპარატისტული ჯგუფი. ამ მომენტში ასტამური გაცხარდა, მაგრამ მანაც შემოუძახა თავს და დიალოგი არ ჩაიშალა. ასტამურმა განაგრძო კითხვის დასმა, რა დააშავა მან, თუკი, მამამისი საკუთარი სახლებიდან აყრილი წინაპრების მიწაზე დაბრუნდა, ცოლი შეირთო და ასტამური გაჩნდა და გაიზარდა ქართველის ნასახლარში? და რა განსხვავებაა იმ ქართველსა და მას შორის, რომლის მშობელიც, მისი წინაპრის ნასახლარში დასახლდა და შვილი ეყოლა, შთამომავლობა გაუმრავლდა და 90-იან წლებამდე იქ იცხოვრა? ბუნებრივია, რომ ის ბერიას მიერ, საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩასახლებულ ქართველებს გულისხმობდა. მას უნდოდა, მივეყვანე იმ აზრამდე, რომ თვითონაც და მამამისიც, ისეთივე მსხვერპლია ძალმომრეობისა, როგორც ის ქართველი, რომლის სახლშიც დაიბადა ოცდაორი წლის წინ ასტამური. მისი წინაპარი და სახლის კანონიერ მესაკუთრე, ერთი და იგივე სვე-ბედისანი არიან, ხოლო ასტამური და მამამისი, ისეთივე ბედნიერები, როგორც ის ქართველი, რომელმაც მისი წინაპრის ნასახლარზე, საკუთარი ბედნიერება ააგო. დაისმის შეკითხვა, ხომ გამოდის, რომ აფხაზი და ქართველი, ბედნიერებასა და უბედობაშიც გადაჯაჭვულნი არიან? განსხვავებაა დროში და გარკვეულ ნიუანსებში. ხან ერთია დევნილი, ხან კი მეორე, ბინის ბედნიერი მფლობელი. მაგრამ ასტამური უფრო შორს წავიდა, რასაც არ მოველოდი. მან მითხრა, რომ მოიძია და დაუკავშირდა სახლის კანონიერ მფლობელს და ორსართულიანი სახლის გაყოფა შესთავაზა. იგი აპირებს ერთი სართულის დათმობას, რადგანაც იგი, ბინის კანონიერი მესაკუთრის ტკივილს, საკუთარი, მუხაჯირი წინაპრის ტკივილთან აიგივებს. მაგრამ ასტამური აგრძელებდა აპელირებას იმაზე, რომ იგი და მამამისი უდანაშაულონი არიან. მამას საომარ მოქმედებებში არ მიუღია მონაწილეობა, არ წაურთმევია და არავინ მოუკლავს. წინაპრების მიწაზე დაბრუნდა, არსებულმა მთვრობამ კი, მას სახლი გადასცა და მამამ ახალი ცხოვრება დაიწყო. რომ მას უყვარს და უვლის იმ სახლს, რომელშიც ოცდაორი წელიწადი იცხოვრა და დღეს მზად არის იგი წინა მესაკუთრეს გაუყოს. ასტამური ახალგაზრდაა და არ უნდა თვალი გაუსწოროს პოლიტიკურ და იურიდიულ სირთულეებს, მასში ემოციები სჭარბობს. მას უნდა დამოუკიდებელ აფხაზეთში ცხოვრება და მხოლოდ ასეთ სახელმწიფოში შეძლებდა ქართველთან სახლის განაწილებას. სხვა ვარიანტი მისთვის არ არსებობს. იგი თავისი რწმენით, დამოუკიდებელ აფხაზეთშია დაბადებული. ძალიან რთულია ეს ვითარება! ვფიქრობ, რომ ასტამურის მსგავსი ახალგაზრდები საკმაოდ დიდი იშვიათობაა აფხაზეთში. მაგრამ ისინი არიან და ასეთებთან უნდა შევძლოთ დიალოგის წარმოება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ მომავლის მოხელთება. მომავალი კი, ეს არის ახალგაზრდობა, რომლებიც დღეს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილნი. ეს მოსალოდნელიც იყო და კანონზომიერიც.
ჩემი აზრით, სივრცის მოხელთებაზე მნიშვნელოვანი დროის მოხელთებაა! დრო კი, დენადია და მიმდინარე. ამ სწრაფად მიმდინარე დროშია საჭირო ასტამურისნაირი ახალგაზრდა გულების მოხელთება. დღეს იგი, ნახევრის დათმობას აპირებს კანონიერი მესაკუთრისათვის. ჯანსაღი დიალოგის, შერიგების და თანაცხოვრების სურვილის შემთხვევაში, ხვალ მთლიან სახლს დაუბრუნებს მეპატრონეს და სადმე ახლოს, საკუთარ კერიას აიშენებს. ესეც ჩვენი სახელმწიფოს დახმარებით მოხდება. მთვარია მათთან საუბარი საერთო სამშობლოზე, სახელმწიფოზე და ნათელ მომავალზე - ჩვენს საერთო მომავალზე. შეურეველი ნაწილებისგან შემდგარ ერთობაზე.
აფხაზეთი სამშობლოა!!!
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა ეფრემ ასურისა.