თბილისში, სამშენებლო თვალსაზრისით, მიწის ნაკვეთების დეფიციტია. განსაკუთრებით პრობლემაა დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში. საინვესტიცი თვალსაზრისით მოთხოვნა მზარდია, მაგრამ ბაზარს მიწოდების მხრივ პრობლემა აქვს.
კომპანია „მოდე რეალ ესთეითის“ დამფუძნებელი ნატო მოდებაძე ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთები ძალიან დეფიციტურია ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში. ეს კი სხვადასხვა ფაქტორზე ახდენს გავლენას და მათ შორის უძრავი ქონების რეალიზაციაზე.
„ბინების გაყიდვამ იკლო, განსაკუთრებით ეს მაისში შეინიშნებოდა, თუმცა ყველაფერი ფასთა კლებაზე არ ასახულა, რადგან გაყიდული ბინების რაოდენობა ფასთან კავშირში არ არის. საქმე ისაა, რომ მიწის ნაკვეთები ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში ძალიან დეფიციტურია. შესაბამისად, წაგებაზე ვერავინ იმუშავებს, ეს ლოგიკურია.
რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, აქ ფასი ცოტა დაკლებულია, რადგან მოთხოვნა ახალ კორპუსებზეა. ესეც საბანკო პროდუქტების გამო: როდესაც ადამიანი ყიდულობს ახალ აშენებულ სახლს, მას მოჰყვება საბანკო გარანტიები - მშენებლობის დასრულებასთან, ჩაბარებასთან დაკავშირებით და ა.შ. ძველი კორპუსის შემთხვევაში მას პირდაპირ უწევს თანხის გადახდა, აქედან გამომდინარე ნაკლებად ხელმისაწვდომია და ბანკებიც ნაკლებად აფასებენ ძველ ბინებს. შესაბამისად, ძველი აშენებული ბინები ოდნავ, მაგრამ მაინც უმნიშვნელოდ გაიაფდა“, - განაცხადა მან.
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თბილისში ყველაზე დიდი მოთხოვნა სამშენებლო მიწებზეა, რომელიც ქალაქში, ფაქტობრივად, აღარ დარჩა. საინვესტიციო მიწების შეძენის მსურველებს შორის უცხოელებიც არიან. უძრავი ქონების კომპანია „რეალტორ.გე“-ს გენერალური მენეჯერის ანა თაკვარის ინფორმაციით, ყველაზე მეტ ასეთ მიწას საქართველოში რუსები, ებრაელები და თურქები ყიდულობენ.
„თბილისში მოთხოვნა მაღალი რჩება საინვესტიციო მიწებზე, რომლის შეძენითაც მშენებლობის დაწყების მსურველები არიან დაინტერესებული. მოცემულობა არის ის, რომ ასეთი მიწები თბილისის მასშტაბით, თითქმის აღარაა დარჩენილი. არაერთი უცხოელი ინვესტორი გვყავს, რომელთაც საცხოვრებელი კორპუსების აშენების მიზნით ახლაც სურთ მიწის შეძენა.
თბილისის შემდეგ ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ბათუმში და მის შემოგარენში. მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. ბათუმშიც უკვე გართულებულია საკარმიდამო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პოვნა.
10 ინვესტორიდან 3 არის უცხოელი, რომელსაც სურს მიწის ყიდვა. მოთხოვნის კუთხით, პირველ ადგილზე რუსები არიან. არიან ებრაელებიც, თუმცა ომიდან გამომდინარე, გადმორიცხვებზე გარკვეული შეფერხებები აქვთ. ასევე თურქების მხრიდან არის მოთხოვნა ბათუმსა და მის მახლობლად ტერიტორიებზე“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ანა თაკვარმა.
ფასების მხრივ კი გრძელვადიანად მკვეთრი ზრდის შემდეგ, წელს სტაბილიზაცია შეინიშნება.
„სხვა რეგიონების შემთხვევაში, მოთხოვნა ფაქტობრივად, არ არის. გვქონდა მცდელობა, რომ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოში, გვყოლოდა წარმომადგენლები, მაგრამ რეგიონებში მოთხოვნა არ არის. იქ მიწების ძირითადი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და უცხოელებს კანონით შეზღუდული აქვთ მათი შეძენა.
რაც შეეხება ფასებს, მკვეთრი მატება - 30-40%-იანი იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. ახლა ფასები ნელ-ნელა სტაბილურდება“, - განაცხადა ანა თაკვარმა.