სოზარ სუბარის ქონება

სოზარ სუბარის ქონება

სოზარ სუბარის ქონებრივი დეკლარაცია განხილვის თემად რჩება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუბარმა 2013 წელს 2 ბინა შეიძინა, ხოლო მესამე ბინის შესაძენად სესხი აიღო, არ დასტურდება. სასჯელაღსრულების მინისტრა ბინა თბილისში მართლაც შეიძინა, რისთვისაც ბანკიდან 140 ათასი აშშ 10 წლიანი სესხი აიღო. სესხის ოდენობისა და მიზნის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია.

რაც შეეხება მეორე ბინას, სოზარ სუბარი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 2005 წელს, სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდში, ბინის შეძენის მიზნით ხელშეკრულება დადო ამხანაგობა „ისნის სავანესთან“. საცხოვრებელი ბინა არ აშენებულა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ხელშეკრულება მოქმედია, ამის შესახებ 2013 წლისა და გასული წლების დეკლარაციებშიც არის აღნიშნული. მინისტრი ამბობს, რომ მხოლოდ ერთ ბინას ფლობს. რაც შეეხება ბინას, სადაც მინისტრი ოჯახთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა, ახალი საცხოვრებელი ბინის შეძენის შემდეგ, საკუთარი წილი ძმას დაუთმო.

სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა For.ge- კითხვებს უპასუხა.

თქვენი სამინისტრო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის და ეს გასაგებიც არის, მაგრამ მინდა საუბარი თქვენი დეკლარაციით დავიწყოთ, რამდენი ბინა შეიძინეთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?

- იმის შემდეგ რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება არის ამ სისტემის მიმართ და ეს გასაგებიც არის. თუმცა, ეს განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა გადავიდეს არაპროფესიონალიზმში. როცა ჟურნალისტი რაღაცას ავრცელებ, ურიგო არ იქნებოდა ფაქტის გადამოწმება. რაც შეეხება ჩემს ბინებს, ეს ძალიან მარტივი საკითხია. მაქვს ერთი ბინა თბილისში და ერთი სახლი სოფელ დმანისში, რომელიც ძველია. არანაირი შენაძენი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ გამიკეთებია, გარდა იმ ბინისა, რომელიც მაქვს თბილისში.

ეს ბინა როდის იყიდეთ?

- 2013 წელს ვიყიდე და ვიყიდე ბანკის ვალით. არ მგონია, რომ ადამიანს არ ჰქონდეს უფლება, რომ საკუთარი ბინა ჰქონდეს, მითუმეტეს, რომ ადვილი არაა ბანკის ვალების გადახდა. ეს ყველაფერი ძალიან ნათლად მიწერია დეკლარაციაში იმ გვერდზე, სადაც უძრავი ქონების ჩამონათვალია. იქ წერია სახლი თავის მიწის ნაკვეთით დმანისში და ბინა თბილისში. მეტი არაფრი არ წერია. ჟურნალისტი რამაც შეცდომაში შეიყვანა, ეს არის ხელშეკრულებების გრაფა. ის არ შევიდოდა შეცდომაში უბრალოდ ერთი ზარი რომ განეხორციელებინა და ინფორმაციის გადამოწმება ეცადა მანამ, სანამ ყვირილს დაიწყებდა, რომ სამი ძვირად ღირებული ბინა ვიყიდე, თურმე.

რომ დავაზუსტოთ, რა წერია ამ ხელშეკრულებების გრაფაში?

- წერია, რომ ხელშეკრულება მაქვს დადებული ბინის ყოფილ მფლობელთან ბინის ყიდვაზე, ასევე - ხელშეკრულება დადებული მაქვს ბანკთან, ბინის საყიდლად ფულის სესხების თაობაზე.

და ამ შემთხვევაში ერთსა და იმავე ბინაზეა ლარაკი?

- რა თქმა უნდა. ერთი ბინა მაქვს თბილისში და ერთი სახლი სოფელში. მეტი არაფერი არ გამაჩნია. მეტსაც გეტყვით, მე პირადი მანქანაც არ მყავს. ხელშეკრულების გრაფამ ჟურნალისტი და ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება შეიყვანოს შეცდომაში, რაღაცა ვერ გაიგოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა ერთი მარტივი პროცედურის გაკეთება - დარეკვა და გარკვევა, თუ რა ხდება.

რაც შეეხება 2006 წლის შენაძენს, ეს არის ჰაერი და სხვა არაფერი. ლაპარაკია ბინაზე, რომლის მშენებლობა დაიწყო 2005 წელს. სხვათა შორის, მაშინაც ბანკიდან გამოვიტანე ვალი და წლების განამავლობაში ვიხდიდი ამ ვალს. 2006 წლის 1 სექტემბერს უნდა ჩამბარებოდა ბინა, და არა მარტო მე, არამედ იქ არიიან თქვენი კოლეგები, ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები და მოქალაქეები, რომლებიც ასევე ჩემს დღეში არიან. მშენებელი დაიჭირეს, ფული გადახდილი გვქონდა და დავრჩით ბინების გარეშე.

2012 წელს ახალი ხელშეკრულება დაიდო ამჟმად უკვე კომპანია „დექსუსთან“. გახსოვთ, რომ „დექსუსი“ იღებდა ვალდებულებას გაჩერებული მშენებლობების აშენებასთან დაკავშრებით. ამ ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა უნდა გაგრძელებულიყო და თითოეულ მობინადრეს მცირეოდენი თანხა უნდა დაგევემატებინა. თუმცა, საბოლოოდ, „დექსუსმაც“ გააჩერა ეს მშენებლობა. ახლა ამხანაგობა „ისნის სავანის“ წევრები დარბიან, რომ რაღაცა გზა მონახონ მშენებლობის გასაგრძელებლად და იმედი მაქვს, რომ ეს მშენებლობა გაგრძელდება. იმედი მქონდა, რომ იმ ვალს, რომელიც ახლა მაქვს აღებული, სწორედ იმ ბინით დავფარავდი, რომელიც ჯერ არ აშენებულა. ამ წუთში ლაპარაკია ჰაერზე, რომელთანაც თავდაპირველი ხელშეკრულება დადებულია 2005 წელს, რაც არ ჩანს დეკლარაციაში და ვერც გამოჩნდებოდა იმიტომ, რომ ეს არაა უძრავი ქონება.

2005 წელის ხელშეკრულება დღეს მოქმედია?

- არა, ეს ხელშეკრულება მოქმედი არაა, რადგან გაწყდა. ის კომპანია, ვისთანაც დავდეთ ხელშეკრულება, აღარ არსებობს და მოქმედი ხელშეკრულება არის „დექსუსთან“, რომელიც, როგორც „ისნის სავანის“ ამხანაგობის წევრები ვარაუდობენ, გაწყდება ორ კვირაში და ახალი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ახალ კომპანიათან. ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ახალი ხელშეკრულებით მეოთხე ბინა მაქვს ნაყიდი.

ხომ არ აპირებთ მიმართოთ სასამართლოს ან ჟურნალტთა ეთიკის ქარტიას?

- არა, მაგრამ როდესაც ჟურნალისტები და განსაკუთრებით ის ჟურნალისტები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ეთიკურ ჟურნალისტიკაზე, ვერ ახერხებენ ელემენტარულად ინფორმაციის გადამოწმებას, არ ვიცი რა ეთიკურობაზე ველაპარაკო. ვიმეორებ, შეიძლება ვერ გაიგო რაღაცა, ხომ შეიძლება, რომ დარეკო?! იგივე საინფორმაციო საშუალებამ რამდენიმე ხნის წინ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ძვირადღირებული ჯიპების ყიდვაში გასული წლის განმავლობაში ლიდერი იყო ჩვენი სამინისტრო. არადა, არცერთი მანქანა არ ყოფილა ნაყიდი. შევცვალეთ მხოლოდ ბადრაგის მანქანა. არცერთი ძვირადღირებული მანქანა ნაყიდი არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით სპეციალური დანიშნულების მანქანებს.

თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარატამენტმა გამოაცხადა ტენდერი ერთი ჯიპის ყიდვაზე...

- გეთანხმებით, ჩემთან შეუთანხმებლად გამოაცხადა... მარტის თვე იყო, თუ არ ვცდები. ამის შესახებ შევიტყვე ახალქალაქში ყოფნის დროს, დამირეკეს და მითხრეს, რომ ამ თემაზე დაიწყო მუსირება მედიაშიო. რადგან ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა, იმავე დღეს მოვითხოვე, რომ სასწრაფოდ გაეუქმებინათ ტენდერი. მარტში გაუქმებული ტენდერის შესახებ, რომ თავიდან წერენ მასალას, რომ თითქოსდა ამ მანქანის შეძენა ხდება, არა მგონია, რომ ესეც ძალიან ეთიკურ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

სამი დღის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით გადის ინფორმაცია, რომ თითქოს, ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც დაავადებულია ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით, მას არ უტარდება მკურნალობა. პასუხის გაცემის კუთხით ჩვენ შეზღუდული ვართ, რადგან ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას მისი თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ, არ გვაქვს ამის უფლება. მართალიც რომ იყოს, თვითონ ჟურნალისტსაც არ აქვს უფლება გაავრცელოს ინფორმაცია, რომ ადამიანს აქვს ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმა, ეს არის პაციენტის უფლებების დარღვევა. რადგანაც ეს თემა არ გაჩერდა, ჩვენ ავიღეთ შესაბამისი ნებრათვა პატიმრისგან, რომ გაგვევრცელებინა ამ პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია.

შეგიძლიათ გვითხრათ, რა დაავადება აქვს მას?

- ეს არაა დაავადებების ბრალი. ეს არის თვითდაზიანებების ბრალი, რომელსაც ის იყენებს. მას არ აქვს ის დაავადება, რაც ამ შემთხვევაში მედია საშუალებით ვრცელდება და რასაც ამ პატიმრის მშობლები აცხადებდნენ.

ზოგადად, რაც შეეხება მოშიმშილე პატიმრების რაოდენობას, სხვადასხვა ციფრები ვრცელდებოდა მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ორგანიზებული ეს აქცია, ვინაიდან ისინი ითხოვდნენ 223- პრიმა მუხლის გაუქმებას?

- თემის აჟიტირება, რომ ამდენი ადამიანი შიმშილობს, თავისთავად ყურადსაღები საკითხია და, ბუნებრივია, რომ ამას ყურადღება უნდა მიექცეს, მაგრამ როდესაც ხდება თემის არსწორად აჟიტირება, ამას შეიძლება მოჰყვეს სავალალო შედეგი გარკვეული ადამიანებისთვის, რომლებიც მხნევდებიან ამ აჟიტირებით, ამ ხმაურით და ჰგონიათ, რომ შედეგის მიღწევა შიმშილობით არის შესაძლებელი. ის, რომ 223-ე პრიმა მუხლი „ქურდული სამყაროს“ წევრობა არ გაუქმდება შიმშილობის გამო, ეს მკაფიოდ უნდა ვუთხრათ ადამიანებს. თუ ვერ ვეტყვით ამას მკაფიოდ, ამ შემთხვევაში მათ ექნებათ განცდა, რომ შეუძლიათ რაღაცა შედეგებს მიაღწიონ და გააგრძელებენ შიმშილობას, რაც შეიძლება დამთავრდეს ადამიანის სიკვდილით.

თემის არასწორ აჟიტირებაში რას გულისხმობთ?

- გეგუთში შიმშილობა დაიწყო 935 ადამიანმა, ჩვენ გავავრცელეთ ეს ინფორმაცია. გამოდის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნანა კაკაბაძე და სამინისტროს ადანაშულებს ტყუილში და ამბობს, რომ ციფრებს შეგნებულად მალავენ და გაცილებით მეტი პატიმარი შიმშილობსო. მან დაასახელა 1100 ადამიანი. გაყალბება რომ გვდომოდა, უფრო დაბალ ციფრს ვიტყოდით. მეტიც, 1100 პატიმარი არ იჯდა იმ დაწესებულებაში და როგორ იშიმშილებდა? სულ იყო 945 ადამაინი და მათგან ავადმყოფმა ადამიანებმა უარი თქვეს შიმშილობაზე. 935 მოშომშილე პატიმარი ძალიან მაღალი ციფრია. როცა ჩვენ ვავრცელებთ ოფიციალურ ინფორმაციას და მეორე მხრივ იწყება ნანა კაკაბაძის განცხადების ტირაჟირება, რომ თურმე მას დაურეკა ვიღაცა პატიმარმა, რომლის არც გვარი იცის, არც სახელი და თურმე, ის არის უფრო სანდო წყარო და ბრალს გვდებენ სიცრუეში, ამას ჰქვია შეგნებული კამპანია, არასწორი და არალეგიტიმური მიზნების მისაღწევად.

არასამთავრო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ციხეს კვლავ ქურდები მართავენ, ავრცელებენ ინფორმაციას პატიმრების ცემისა და დამაცირებელი მოპყრობის შესახებ და .. წლების განმავლობაში, როდესაც მართლაც ხდებოდა პატიმრების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, როგორ ფიქრობთ მაშინ რატომ დუმდა იგივე ეს არასამთავრობო სექტორი?

- 2011 წლის მარტში 23 პატიმარი გარდაიცვალა, თითქმის იმდენივე რაც მთელი წლის განმავლობაში.

თუმცა, მაშინ პატიმრების რაოდენობა იყო გაცილებით მეტი...

- გეთანხმებით, ორჯერ მეტი იყო, მაგრამ ორჯერ მეტი ორჯერ ნაკლებ სიკვდილს უნდა ნიშნავდეს და არა ათჯერ მეტს. როდესაც თვეში 23 პატიმარი კვდება, ცხადია, ამაზე განგაში უნდა ყოფილიყო, ეს განგაში მე არ გამიგია არც იმათგან ვისაც უნდა ეტეხა და არც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. მე ვიყავი პირველი, ვინც გააკეთა ამის ანალიზი. 2007 წელს დავიწყე ამის გაკეთება, როდესაც სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო, მაშინ გავაკეთე ანალიზი.

ყველა გარდაცვლილი ადამიანის ავადმყოფობის ისტორია ამოვიღე და შევადარეთ გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებს. აღმოჩნდა, რომ 99%-ს არასწორი დიაგნოზი ჰქონდა დასმული და სრულიად სხვა რამეს მკურნალობდნენ. ერთ ფაქტს გეტყვით, ერთ-ერთ პატიმარს ავადმყოფობის ისტორიის მიხედვით მკურნალობდნენ თავის სიმსივნეს და აღმოჩნდა, რომ გარდაიცვალა ტუბერკულოზით. არანაირი სიმსივნე მას თავში არ ჰქონია.

დღეს, ჩვენს საგამოძიებო ორგანოს დავალებული აქვს, რომ ყველა მსგავსი შემთხვევა ამოიღონ და დაიწყონ გამოძიება. 2 იანვარს გვაქვს ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დადასტურებულად ვიცით, რომ იგივე მოხდა - ექიმის შეცდომის გამო პაციენტი დაიღუპა. სამედიცინო შეცდომა ეს არის ყველაზე გავრცელებული პრობლემა მსოფლიო სამედიცინო სისტემაში და წლის განმავლობაში 300 ათასი ადამიანი იღუპება სამედიცინო შეცდომის გამო, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ექიმების უპასუხისმგებლობა, ზერელე დამოკიდებულება თავისი მოვალეობის მიმართ აშკარად სახეზეა. გამოძიების ფუნქციაში არ ჩავერევი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს და არა მგონია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ლიცენზიის შეჩერება იყოს, ვფიქრობ, რომ უფრო მკაცრი პასუხსიმგებლობაც უნდა იყოს. დანარჩენ შემთხვევაში გარადაცვალების მიზეზი არის ისეთი, რომლის თავიდან აცილება უბრალოდ შეუძლებელი იყო.

რამდენადაც ცნობილია, ძალიან ბევრი პატიმარი მიყენებული დაზიანებისგან არის დაინვალიდებული...

- ამასთან დაკავშირებით დავიწყეთ ძალიან სერიოზული პროექტი იგივე არასამთავრობო ოგრანიზაციებთან ერთად, რომლებმაც დაახლოებით 600 პატიმარი უნდა გამოკითხონ, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში წამების მსხვერპლნი იყვნენ. ძალიან კარგი სურათი დაიდება. იგივე შიმშილობის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, რამდენიმე ერთეული შემთხვევა იყო, როდესაც პრეტენზია ჰქონდათ ადმინისტრაციის მიმართ, ისიც იმიტომ, რომ თავისი მიზნების მისაღწევად ცდილობენ ისრების გადამისამართებას.

უმრავლეს შემთხვევაში, ეს იყო მოთხოვნები, რომელიც არ იყო ჩვენს წინააღმდეგ მიმართული და რომლის შესრულება ჩვენ არ შეგვიძლია. მაგალითად, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების გადახედვა. ითხოვენ ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას, სამართლიანი სასამართლო და ა.შ. ეს არის ის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ არ იყო მიმართული, მაგრამ რადგან ჩვენს სისტემაში ხდება, ყველაფერზე პასუხის გამცემი ჩვენ გამოვდივართ.

იყო პერიოდი, როდესაც იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით მედია ახდენდა ინფორმაციის ტირაჟირებას, რომ უდოს კომისია სუბიექტურად უდგება საქმეებს...

- დარეკავს პატიმარი ან მისი მშობელი და იტყვის, რომ ჩემი შვილი არ გაუშვეს და მედია არ კითხულობს, რით იხელმძღვანელა პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ, უნდა გაეშვა თუ არა და რას იზამდნენ თვითონ ეს ჟურნალისტები, თვითონ რომ ყოფილიყვნენ კომისიის წვერები?

ჩავატარეთ ექსპერიმენტი, დავსვით ჟურნალისტები და მივეცით კონკრეტული პატიმრების საქმეები, რომლებიც განიხილა უდოს კომისიამ ისე, რომ გვარი და სახელი შევცვალეთ. აღმოჩნდა, რომ არცერთი ის პატიმარი, რომელიც უდოს კომისიამ არ გაუშვა, ჟურნალისტებმაც არ გაუშვეს. რატომ? იმიტომ, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული, არის დაზარალებული პირი, რომელიც მეორე მხარეს დგას. ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს უდოს კომისიამ და ითვალისწინებეს კიდევაც. გაცილებით ლიბერალური აღმოჩნდა უდოს კომისიის მიდგომა, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევაში ჟურნალისტები.

დღეს ვერავინ იტყვის, რომ პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისია არის პოლიტიზირებული. კომისიას ხელმძღვანელობს ჟურნალისტი, რომლის პოლიტიზირება შეუძლებელია, კომისიის წევრები არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, ადვოკატები. არც ერთი მათგანი არაა მიბმული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან.

უკვე იყო ერთი სხდომა... 600-მდე საქმე იყო შესული კომისიაში, 50-მდე ადამიანს მისცეს რეკომენდაცია, აქედან 15 უკვე გაშვებული იყო ჩვენი სამინისტროს მიერ. მეორე სხდომა უნდა ყოფილიყო საშობაოდ, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ბევრი საქმე იყო შესული, სხდომა გადაიდო ნათლისღებამდე. დაინახა საზოგადოებამ, რომ ადამიანები პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავის საქმეს. ის, რომ პატიმარი, ან მისი მშობელი ამბობს, რომ მე ახლა გარეთ უნდა ვიყოო, ეს ვერ იქნება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, არის სხვა უამრავი ობიექტური საფუძველი რითიც უნდა ხელმძღვანელობდეს შეწყალების და უდოს კომისია.