მედია: ჩრდილოეთ კორეაში ათობით საჯარო მოხელე დახვრიტეს, იმის გამო, რომ ისინი წყალდიდობის შედეგებს ვერ გაუმკლავდნენ

მედია: ჩრდილოეთ კორეაში ათობით საჯარო მოხელე დახვრიტეს, იმის გამო, რომ ისინი წყალდიდობის შედეგებს ვერ გაუმკლავდნენ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ათობით საჯარო მოხელისა და პარტიული ლიდერის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა, იმის გამო, რომ მათ წყალდიდობით გამოწვეულ ზარალს ვერ გაუმკლავდნენ.

ინფორმაციას მედია სამხრეთკორეულ Chosun TV-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, დახვრეტილია 20-30 ადამიანი. მათ ბრალად ედებოდათ ის, რომ ვერ მოახერხეს მოქალაქეების დაღუპვის და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალის პრევენცია.

ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობების სერია ივლისში, ძლიერი წვიმის გამო დაფიქსირდა. დაზიანდა გზები, დაიტბორა სამეურნეო მიწები და 4 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. სამხრეთკორეული მედია 1500 გარდაცვლილის შესახებ წერდა, თუმცა კიმ ჩენ ინმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.