ძვირფასი ლითონის ღირებულება კვლავ იზრდება. ისტორიაში პირველად, ოქროს ერთი, 400 უნცია წონის მქონე ზოდის ღირებულებამ 1 მილიონ დოლარს მიაღწია. როგორც ჩანს, ინვესტორები ისევ საფრთხის წინაშე დგანან და ამიტომაც ცდილობენ ყველაზე საიმედო აქტივში დააბანდონ კაპიტალი. ასე იქცევიან სახელმწიფოთა ცენტრალური ბანკებიც.
„ბლუმბერგის“ მონაცემებით, ერთი უნცია (31 გრამი) ოქროს ფასი რეკორდული 2500 დოლარია, სტანდარტული ოქროს ზოდი კი, როგორც წესი, 400 უნციას (12 კილოგრამი) იწონის. შესაბამისად, ოქროს ერთი ზოდის შეძენისთვის ახლა უკვე მილიონი დოლარია საჭირო.
წლის განმავლობაში, ოქროს ფასები 20%-ზე მეტით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები ცენტრალური ბანკისგან საპროცენტო განაკვეთის შემცირებას უახლოეს მომავალში ელოდებიან. ამასთან, სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები თავად ცდილობენ ოქროს რეზერვების გაზრდას, რითაც აშშ დოლარზე დამოკიდებულებისგან თავისუფლდებიან.
ეკონომიკური რყევების პირობებში, ცენტრალური ბანკებისა და ინვესტორებისთვის ოქრო კვლავ გრძელვადიან, სტაბილურ და სანდო საინვესტიციო კაპიტალად რჩება. ეს იმიტომ, რომ როდესაც ბანკი საპროცენტო განაკვეთს ამცირებს, ოქროს ფასი, როგორც წესი, იზრდება. ინვესტორებისთვის ოქრო ინფლაციის საწინააღმდეგო ჰეჯირების ინსტრუმენტიცაა.
ბოლო პერიოდში სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია და გაურკვეველი მდგომარეობაა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბაზარზე, მათ შორის საქართველოშიც. როგორც ქართველი ანალიტიკოები აცხადებენ, ძვირფასი ლითონებზე ფასის რყევა უშუალოდ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას უკავშირდება.
„ერთი უნცია ოქროს ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა, ამ მომენტისათვვის ოქროს ფიუჩერსები 2510-დოლარიან ნიშნულთან ივაჭრება. ახდა ის რაც ვიწინასწარმეტყველეთ 2019 წლის ნემბერში, რომ ოქროს ფასი 3-4 წელიწადში გადალახავდა 2500-დოლარიან ნიშნულს“, - აღნიშნა საერთაშორისო კვლევებისა და ანალიზის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.
ძვირფასი ლითონების ბაზარზე რყვები მუდმივად იქნება. ამის მიზეზია მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური სიტუაცია. შენგელიას თქმით, ოქრო ყოველთვის იყო დაძაბულობისა და გაურკვევლობის პერიოდში ინვესტორებისათვის თავშესაფარი, ასეა დღესაც, რაც ამ ლითონზე მოთხოვნას ზრდის.
„ოქროსთან დაკავშირებით ზრდის ტენდენცია ჯერჯერობით ძალაშია. ჩვენი პროგნოზით, რაზეც ჯერ კიდევ 2020 წელს ვსაუბრობდით, ოქროს ღირებულება 2025 წლის განმავლობაში 2500 დოლარზე მაღლა დარჩება“, - დასძინა ანალიტიკოსმა.