„ჯაჭვლიანისა და ბარამიძის დაპირისპირება გამოძახილია დიდი პოლიტიკური პრობლემის“

„ჯაჭვლიანისა და ბარამიძის დაპირისპირება გამოძახილია დიდი პოლიტიკური პრობლემის“

საქართველოს ჯერ კიდევ ახალი ხელისუფლება და სახელმწიფო მოწყობის ახალი მოდელი, ახალი პრემიერ-მინისტრი, ახალი პრეზიდენტი, არის თუ არა ეს ხელისუფლების მმართველობის ახალი და განსხვავებული სტილი, ამის შესახებ ხშირად განსხვავებულ მოსაზრებებს მოისმენთ, მთლიანობაში ახალი ხელისუფლება ბევრად უკეთესია, ვიდრე ძველი, თუმცა მასაც აქვს სუსტი წერტილები და შეცდომები.

განვლილი წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების შესახებ ექსპერტი ნანა დევდარიანი გვესაუბრება.

ქალბატონო ნანა, თქვენი შეფასებით, პოლიტიკური თვალსაზრისით, რა ტენდენციებით გამოირჩეოდა განვლილი წელიწადი?

- პირველი და მთავარი, რაც დადებითი იყო - მოიხსნა შიშის, ტერორის, ძალადობის ფაქტორი - ადამიანებში აღარ არის ის შიში, რაც ადრე და ეს არის გასული წლის ყველაზე დიდი მონაპოვარი.

თუმცა მოლოდინები ოყო ძალიან დიდი, რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ეს ვერ მოხერხდა. ასევე უარყოფითი იყო კოაბიტაცია იმ სახით, რა სახითაც ვნახეთ და რომელიც დაგვირგვინდა ორი პოლიტიკური ძალის ასეთი სიმბიოზით.

დადებითად შევაფასებდი ღარიბაშვილის საქმიანობას, იმიტომ, რომ შს სამინისტრო, რომელიც საფრთხის შემცველი იყო საკუთარი მოქალაქეებისთვის, გაანეიტრალა ისე, რომ თვალხილული ექსცესები არ ყოფილა. ასევე მოახერხა საკმაოდ სწრაფად ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლა, რადგან ივანიშვილის შემდეგ პრემიერობის შემდეგ ძალზე რთულია, ახალმა პერემიერმა საკუთარი სახე აჩვენოს და მან ეს შეძლო - პირველივე ხანებში გამოჩნდა, რომ აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

უარყოფითად შევაფასებდი საპრეზიდენტო არჩევნებს, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ივანიშვილის მოწოდებამ, ოცნების კანდიდატს 62%-ზე ნაკლები არ უნდა ჰქონდეს, განაპირობა ის შედეგი, რაც დაიდო. განსაკუთრებით რეგიონებში, ეს დიდწილად დავალებად იყო აღქმული.

ასევე ცუდი იყო ის, რომ მათ კიდევ ერთხელ დაუფიქსირეს ნაციონალებს მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსი.

არაადეკვატური არ არის, რომ ხელისუფლების ამდენი შეცდომების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების პასიურობა შეინიშნება, აქვს მათ მოდუნების მიზეზი?

- ვერ ვიტყოდი, რომ არ არიან აქტიურები, ცალკეულ საკითხებზე ძალზე მძაფრ განცხადებებს აკეთებენ. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალიან ცოტა დროა გასული. რა თქმა უნდა, არასაპარლამენტო ოპოზიცია დაიწყებს მზადებას ადგილობრივი არჩევნებისთვის. თუ მათ ეყოფათ იმდენი სიბრძნე, გამჭრიახობა და პოლიტიკური სიმწიფე, რომ ერთ ცენტრად შეიკრან და ისე გავიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაშინ წარმატებას მოიპოვებენ.

რაც შეეხება საკანონმდებლო ბაზას, როგორ თვლით, შეასრულა პარლამენტმა თავისი პროგრამა-მინიმუმი იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესები ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობდეს?

- დღევანდელ მმართველ კოალიციაში წარმოდგენილი არის იმ პარტიების დიდი ნაწილი, რომლებიც თავის დროზე 6-ანის და 8-ანის ფორმატში ნაციონალებისგან კატეგორიულად მოითხოვდნენ საკანონმდებლო ცვლილებებს, მაგალითად საარჩენო კოდექსში. ახლა, როგორც ჩანს, ძალიან კომფორტულია ხელისუფლებაში მყოფი ძალისთვის ასეთი საარჩევნო კოდექსი. წელიწადზე მეტი გავიდა და არაფერი არ იღონეს, არაფერი არ შეუცვლიათ. შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში, ის მოთხოვნები დღესაც ძალაშია, მაგრამ არც ჩქარობენ.

საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიმართულებით სხვა ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ამნისტიას, რომელიც პარლამენტის აქტით იყო მიღებული. შემდეგ ეს პროცესი გაჩერდა, ნასამართლობის მოხსნა და რეაბილიტაცია ამ ადამიანებისა, არ მომხდარა. ანუ, ესეც არ არის ბოლომდე მიყვანილი. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც შესაძლოა, პოლიტპატიმარი არ არის, მაგრამ შეთითხნილი ბრალდებით ზის ციხეში და არაადეკვატური სასჯელები აქვთ მისჯილი - 30 და 40 წელი. ამ საკითხზეც არავითარი ძვრა არ არის და იმიტომაც არის, რომ შიმშილობაა და პროტესტი.

თქვენი შეფასებით, გადაიდგა თუ არა ნაბიჯები იმისკენ, რომ საქართველოს გააჩნდეს დახვეწილი სახელმწიფო სტრუქტურა, მძლავრი ინსტიტუციები?

- ჩვენ ხომ არ გვაქვს ნორმალური ვითარება - ახლა ჩვენ გვაქვს მემკვიდრეობით ნაციონალების მიერ შექმნილი ინსტიტუციები, რომლებიც, მთლიანად, ამ ერთი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნას უზრუნველყოფდა და მისი ინტერესების დაცვას.

სასამართლო შინაარსობრივად არ შეცვლილა, მერე რა, რომ პროკურატურის მოთხოვნებს ასე ბრმად აღარ აკმაყოფილებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებიც ნაციონალებმა კანონის დარღვევით დანიშნეს, როდესაც ძველი მოსამართლეები უკანონოდ გაუშვეს და ახლები მოიყვანეს.

ეს არ გაახსენდათ, როგორც პოლიტიკური დევნა, თორემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ჰყავდათ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული. ასე რომ, დიდი ძვრები არც ინსტიტუციების სრულყოფის მიმართულებით არ შეიმჩნევა.

საზოგადოების გულისწყრომას იწვევს ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებში როგორც იყვნენ ნაციონალების დროს დანიშნული კადრები, ისევ ისე არიან. ახლა იმის ძახილი, რომ პოლიტიკური ნიშნით ხომ არ გავათავისუფლებო, გაუგებარია. მაშინ რა უნდა ვუყოთ იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკური ნიშნით და კანონმდებლობის ყოველგვარი დაღვევით დატოვეს სამსახურების მიღმა?!

არ გამოვა ყველაფრის ისევ ისე დატოვება. მაშინ, გამოდის, რომ მარტო სააკაშვილი ყოფილა პრობლემა და კიდევ სამი-ოთხი კაცი მისი გარემოცვიდან. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ყველაფერი სისტემურ ხასიათს ატარებდა, ამ ყველაფერს კი სისტემური მიხედვა არ ეტყობა.

იმ ტიპის განცხადებები, რომ დასავლეთი ვერ გაგვიგებს და ამიტომ ვერ გავაკეთებთ, გაუმართლებელია - მაშინ ნუ მოხვიდოდი ხელისუფლებაში თუ ვერაფერს წყვეტ და ვერ ცვლი იქიდან, რა მოთხოვნაც იყო საზოგადოებაში და რატომაც აგირჩია მმართველ ძალად ამომრჩეველმა - მაშინ რა აზრი ჰქონდა ასეთ მოსვლას?

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლემა იყო, კონსტიტუციის შეცვლა და მმართველობის ახალ მოდელზე გადასვლა, რომლის თანახმად, პარლამენტს გაეზარდა უფლებები, პრეზიდენტს შეუმცირდა. მართალია, საკმაოდ მცირე დროა გასული ამ ცვლილებებიდან, მაგრამ შეგვიძლია ამ ინტიტუტების მუშაობის შეფასება?

- ამ ხმაურში ისე მოხდა, რომ პრემიერსაც შეუმცირდა გარკვეული უფლება-მოსილებები და ამ სამი სუბიექტიდან პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტი, ყველაზე მეტად მოგებული აღმოჩნდა პარლამენტი - მისი უფლებები უფრო მეტად გაიზარდა.

დავუკვირდეთ, როგორი ვითარებაა - იმდენად დააკნინეს ამ გაუთავებელი განცხადებებით, რომ თურმე ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი არაფერი არ ყოფილა!.. - როგორ არ ყოფილა, უამრავი ფუნქცია აქვს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი, წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში, არის მთავარსარდალი და ა.შ.

ახალგაზრდა იურისტთა თავმჯდომარე ყოველდღე აკეთებს განცხადებებს და ორი კვირა შეიძლება ისე გავიდეს, რომ პრეზიდენტი არც კი გამოჩნდეს და არის თუ არა საერთოდ, ვერ გაიგებ - სრულიად პარასდოქსული ვითარებაა.

როგორი შეფასება შეიძლება გაუკეთდეს გაზრდილუფლებიანი პარლამენტის მუშაობას?

- ვერანაირ შეფასებას ვერ გავუკეთებ, რადგან ის, რაც მოხდა სოსო ჯაჭვლიანისა და გია ბარამიძის დაპირისპირების შემთხვევაში, გამოძახილია დიდი პოლიტიკური პრობლემის - შეიძლება, ძალიან დიდხანს ჭირი მალო, მაგრამ ჭირი თავს არ დამალავს.

სამართლიანობის პროცესის შეფერხებას გულისხმობთ?

- არა მარტო. ნაციონალების უტიფარ ქცევას, როდესაც ისეთ რაღაცეებს ითხოვენ ხელისუფლებისგან, რომლის მსგავსიც არ გაუკეთებიათ თვითონ. ეს უტიფრობა ყველაზე მოქმედებს, ყველას ერთნაირი ნერვები არ აქვს, ისიც კი მიკვირს, ჯაჭვლიანმა ერთი წელი როგორ გაუძლო ამ ყველაფერს.

არის ფაქტები, როდესაც ადამიანი მიდის პროკურტატურაში, სადაც თავის დროზე საქმე შეუთითხნეს, როგორც პოლიტპატიმარს და პროკურატურაში იგივე პროკურორი ხვდება ვინც ეს საქმე შეთითხნა. უკვე იყო რამდენიმე ექსცესი, უბრალოდ ამაზე არ ლაპარაკობენ, თორემ პროკურორს რომ გალახავს გამწარებული ადამიანი იმიტომ, რომ უკანონოდ იყო ციხეში და ქონება წაართვეს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.

ამას უნდა მიხედო და კადრები გააჯანსაღო.

ამბობენ, რომ კადრები არ ჰყავთ თურმე - მე შემიძლია, რამდენიმე ისეთი კადრი ჩამოვთვალო, რომელიც პროკურატურას ფეხზე დააყენებდა. გია მეფარიშვილით დაწყებული და კახა კახიშვილით დამთავრებული. ამის მაგივრად გვაქვს ის, რაც გვაქვს.

სალაპარაკოდ მიეცა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ფარცხალაძე ყაჩაღი იყო. თუკი ვინმე ყაჩაღი და ჯიბიდან გავარდნილი იყო, ყველა ნაციონალების მთავრობაში იყო და ამათ რომ ალაპარაკებ, რა შეიძლება დაარქვა ამას?!

რა შეიძლება დავარქვათ? - ახალი ხელისუფლების გამოუცდელობა?

- გამოუცდელობაც არის და გაუბედაობაც. პოლიტიკაში გაცილებთ უფრო მნიშვნელოვანია ხანდახან, რომ დროულად გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი. თუ ამის უნარი არ გაქვს და ელოდები, იქნებ თვითონ მოგვარდეს, თავისით არაფერი არ მოგვარდება.

გასული წელი იმ თვალსაზრისითაც იყო საინტერესო, რომ მთავრობას ჰყავდა ორი ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა მინისტრთა კაბინეტი არ შეცვლილა. მთლიანობაში შეიძლება თუ არა წარმატებულად შეფასდეს მინისტრთა კაბინეტის გასული წლის მოღვაწეობა?

- რაც აქამდე იყო, იმას ყველა შემთხვევაში სჯობია. არ დაგვავიწყდეს, ვინ შეცვალა ამ ახალმა ხელისუფლებამ.

იმათ ყველა შემთხვევაში სჯობიან, მაგრამ ძალიან ცუდად მოქმედებს იმის მოსმენა, რომ ისეთსავე ხელფასებსა და პრემიებს იწერენ, როგორც ამას აკეთებდნენ ნაციონალები. განსხვავება ხომ უნდა იყოს მიდგომებში?! მოსახლეობისთვის ხელშესახები კეთილდღეობა არ დამდგარა, პირიქით, საკმაოდ მძიმე ვითარებაა. ესენი კი აგრძელებენ იგივეს, რასაც ნაციონალები აკეთებდნენ და ახლა ნაციონალები აკრიტიკებენ ამ თემაზე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს - რა მოუთმენლობაა ასეთი, ამ არაადეკვატური ხელფასებისა და პრემიების მიღება და ამის ახსნა იმითი, რომ თურმე გვიანობამდე მუშაობენ.

მეც ვმუშაობდი სახელმწიფო სამსახურში და ღამის 10 საათზე ადრე სახლში არ შევსულვარ. მაგრამ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ უნდა გქონდეს რამდენიმე ათეულჯერ მეტი ხელფასი, ვიდრე პენსიონერს აქვს პენსია?! ელემენტარული სამართლიანობის გრძნობა ხომ უნდა გქონდეს?!

დამატებითი საკანონმდებლო რეგულირებებია საჭირო ამის მოსაგვარებლად?

- ეს არის მარტო პოლიტიკური ნების საკითხი. კანონს და კონსტიტუციას რომ ამოეფარებიან-ხოლმე, როცა თვითონ უნდათ, ხომ კარგად ცვლიან კანონებსაც და კონსტიტუციასაც. მათ თვითონ შეუძლიათ დაადგინონ ეს სარგოები, მაგრამ რამდენიმე ათასიანი ხელფასი და ამავე ოდენობის პრემია ყოველ თვეში, როგორც ჩანს, ძალიან კარგი და კომფორტულია!

ანუ, რა დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, ხელისუფლებაში მოვიდნენ იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის შეექმნათ კომფორტი, თუ მოვიდნენ იმისათვის, რომ ძალიან ბევრი რამ შესაცვლელი იყო ქვეყანაში?

- ობიექტურობას არ დავკარგავ არასდოდეს და არ დავუკარგავ იმას, რაც გააკეთეს - განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროს. საყოველთაო დაზღვევის პროგრამა რომ ამოქმედდა, 1 ივლისიდან მშობიარობა რომ უფასოა და დემოგრაფიულ საკითხებთან დაკავშირებით ბიზნესმენ ლევან ვასაძის წინადადებით რომ ცვლილებები მომზადდება და სავარაუდოდ, პარლამენტი გაიზიარებს, მაგრამ ის უარყოფითი რაზეც ვილაპარაკე, ყველაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

ეს ყველაფერი შეიძლება უკან შემოუბრუნდეს ხელისუფლებას?

- უკვე შემოუბრუნდა, იმიტომ, რომ გაღიზიანებაა საკმაოდ მაღალი. ერთი, რომ სამართლიანობის აღდგენას არ დაადგა საშველი და იგივე ტენდენციებია აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

ერთი ის არის, რომ პომპეზურ ღონიოსძიებებს არ ატარებენ და მილიონებს არ ხარჯავენ კონცერტებში. დანარჩენი, ბევრი არაფერი შცვლიდა და კიდევ მთავარი, რომ არ ყაჩაღობენ - წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და რიგით მოქალაქეებს ქონებას არ ართმევენ, რაზეც მე პირადად, მადლობელი ვარ.

მთლიანობაში შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ხელისუფლება წინამორბედზე უკეთესია, თუმცა არა იდეალური?

- უდავოდ. იდეალური ხელისუფლება არასოდეს არ იქნება. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ აირჩევს ხელისუფალს, შემდეგ არჩევნებამდე ყოველი ფეხის ნაბიჯზე თუ არ აკონტროლა, კონტროლიდან გასული ხელისუფლება ყოველთვის უტიფარი და საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებულია. იმიტომ კი არა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები არიან ცუდები, ასეთია ადამიანის ბუნება.

პოლიტიკური კულტურის ნაკლებობის გამოძახილიც ხომ არ არის?

- თუ მკითხავთ, ხალხში უფრო მაღალია პოლიტიკური კულტურის დონე, ვიდრე პოლიტიკოსებში.

რატომ?

- თავის დროზე, ამ პარლამენტს დავარქვი სააკაშვილის მეგობრებისა და ყოფილი მეგობრების კლუბი, იმიტომ, რომ თავის დროზე ყველა ერთ ნავშია ნაჯდომი, ერთეული გამონაკლისების გარდა - ასეთები არიან „ქართულ ოცნებაშიც“. დანარჩენები ერთგვაროვნები არიან იდეოლოგიითაც, ქცევის სტილითაც, მოთხოვნილებებითაც და ა.შ. მაგრამ რაც ვიზამთ, ივანიშვილმა ასეთი კონფიგურაციით შესთავაზა კოალიცია ქართველ ამომრჩეველს. ამიტომ დგას დღის წესრიგში საკითხი პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შესახებ. ეს კონფიგურაცია არც ივანიშვილის პრემიერობის დროს იყო მისაღები და ახლა, მის გარეშე საერთოდ მიუღებელია.

ხელისუფლება არ აპირებს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, თვლის, რომ საამისო საფუძველი არ არსებობს...

- არც სააკაშვილი აპირებდა ხელისუფლებიდან წასვლას. მათი განცხადებები, რას აპირებენ და რას არა, პირდაპირ კავშირშია იმასთან, მოქალაქეები რას მოითხოვენ, რამდენად პრინციპულად და რა მომენტში. სინამდვილეში, პოლიტიკოსები გაცილებით მეტად არიან დამოკიდებულები ჩვენზე, ვიდრე უნდათ, რომ გვაჩვენონ.

თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ხალხში დღეს უკმაყოფილების ტალღა შეიმჩნევა...

- მალე გაზაფხული მოვა...

გაზაფხულიდან სიტუაციის გამოცოცხლებას ელოდებით?

- რა თქმა უნდა, გაზაფხულზე ყოველთვის ხდება პოლიტიკური მდგომარეობის გააქტიურება, მოსახლეობისთვისაც უფრო აქტუალური ხდება ყველა საკითხი და არ დაგვავიწყდეს, გაზაფხულზე დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც. ეს განწყობები კი, უპირველესად, ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებში აისახება...