რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონღოლეთის პრეზიდენტი უხნააგიინ ხურელსუხი BRICS-ის სამიტზე მიიწვია, რომელიც 2024 ოქტომბერში რუსეთის ქალაქ ყაზანში გაიმართება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„მე მსურს მოგიწვიოთ რუსეთში, ყაზანში, სადაც წელს BRICS-ის სამიტი გაიმართება. ეს იქნება ორგანიზაციის გაფართოების შემდეგ პირველი ასეთი შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ თქვენ მიიღებთ მონაწილეობას BRICS+ ფორმატში. გელით“, - თქვა პუტინმა მონღოლეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დროს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთმა 2 სექტემბერს წარადგინა განაცხადი BRICS-ში გაწევრიანებაზე. მანამდე, 20 აგვისტოს აზერბაიჯანმა წარადგინა განაცხადი ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე.
BRICS-ი, რომელიც ამჟამად 9 წევრისგან შედგება (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები), 2006 წელს დაარსდა.