ექსპერტულ დონეზე რუსეთი რუსეთ-სომხეთის საზღვრის არსებობას განიხილავს

ექსპერტულ დონეზე რუსეთი რუსეთ-სომხეთის საზღვრის არსებობას განიხილავს

2013 წლის 27 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროდან შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მეშვეობით, ქართულმა მხარემ ოფიციალურად მიიღო ინფორმაცია საქართველოს გადამზიდველებისათვის (მძღოლებისათვის) რუსეთის ფედერაციის ვიზების გამარტივებული წესით მიღების თაობაზე. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ, ქართველ გადამზიდველებზე, პრიორიტეტულ რეჟიმში იქნება გაცემული საქმიანი მრავალჯერადი ვიზები ერთი წლის ვადით.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს პრაღაში გაიმართება, სადაც სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობები, მათ შორის სავიზო რეჟიმის საკითხი განიხილება.

როგორც ზურაბ აბაშიძე აცხადებს, დაგეგმილი შეხვედრა პირველია მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობის თაობაზე განაცხადა.

რას ნიშნავს რუსეთისგან ეს ჟესტი, ორი ქვეყნის ურთიერთობაში წინგადადგმულ ნაბიჯთან გვაქვს საქმე თუ რუსეთი საქართველოს ყურადღების მოდუნების ხარჯზე მორიგ ავანტურას ამზადებს, რა მოლოდინები უნდა გქონდეს და რა რისკებია გასათვალისწინებელი, ამ თემებზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

ბატონო სოსო, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავტომობილო კომპანიებისთვის რუსეთი სავიზო რეჟიმს ამარტივებს, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა, რუსეთსა და საქართველოს შორის აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა, რომელიც 2006 წელს შეწყდა. შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს რუსეთის მხრიდან გადადგმულ შემხვედრ ნაბიჯად?

- პარალელურად ასეთი ნაბიჯებისა, ექსპერტთა დონეზე რუსეთში არ წყდება საუბარი, იმის შესახებ, რომ მათი ქვეყანა ემზადება სომხეთთან უშუალო საზღვრის შესაძენად, რაც მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის მითვისებასთან შეიძლება იყოს ასოცირებული.

ნაბიჯები, რომელიც ახსენეთ, ვფიქრობ, გახლავთ იმ თამაშის ნაწილი, რაც ჩაფიქრებული აქვს რუსეთის ხელისუფლებას - რაც შეიძლება მეტი ხალხი დარჩეს უკმაყოფილო, როდესაც ევროკავშირთან ასოცირებული თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხი დაისმება.

ამჟამად ცდილობენ, რაღაც მცირე ჯგუფების დაინტერესებით და მათთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქებით, შემდგომში გამოიწვიონ მათივე უკმაყოფილება, მას შემდეგ, რაც ისევ აღადგენენ მკაცრ სავიზო რეჟიმს - როდესაც დარწმუნდებიან, რომ საქართველო არ აპირებს ევრაზიული კავშირის დაყენებას ევროკავშირის წინ.

არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს ასეთი მიმზიდველი გამონათქვამები რუსეთის მაღალი ხელისუფლებისგან და გარკვეული შეღავათებიც საქართველოს მიმართ.

ასეთ დაპირებებს და ნაბიჯებს ფასი ექნება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ძალაში დარჩება ევროკავშირთან თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ რუსეთს არანაირი სიკეთე საქართველოსთვის არ სურს, თუ ჩვენი ქვეყანა კვლავ არ გახდება დიდი რუსეთის ვასალი.

თქვენ ახსენეთ პირდაპირი საზღვარი რუსეთსა და სომხეთს შორის. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის გეგმაში საქართველოს მორიგი ტერიტორიის მითვისება განიხილება?

- რუსი ექსპერტები განსხვავებულ მარშრუტებს განიხილავენ დაწყებული ცხინვალის რეგიონიდან სომხეთისაკენ, ასევე ჯავახეთიდან სომხეთისაკენ, რაც მათ წარმოუდგენიათ, რომ რუსეთ-სომხეთის საზღვარს წარმოადგენს. და როგორც თავად აცხადებენ, ეს მოსალოდნელია არც თუ შორეულ მომავალში.

სომხეთთან საერთო საზღვარი ევრაზიულ და საბაჟო კავშირებთან მიმართებაში არის საჭირო რუსეთისთვის?

- არ გამოვრიცხავ, რომ ეს თემები პროვოკაციული დატვირთვის მატარებელია, არანაირ კავშირებზე აქ საუბარი არ არის, ეს განიხილება სრულიად მკაფიოდ, სამხედრო ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევად.

გვახსოვს, როდესაც 2008 წელს რუსეთმა სამხედრო ძალა გამოიყენა, მას ჰქონდა გარკვეული წინაპირობა - შეგნებულად თუ შეუგნებლად საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება პროვიკაციას წამოეგო. დღეს ასეთი წინაპირობის მოლოდინი უნდა გვქონდეს?

- დღევანდელი ხელისუფლება რომ უფრო წინდახედულია, ეს ფაქტია, მაგრამ პარალელურად უნდა ვიფიქრიოთ იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლების ცვლილება არანაირად არ ცვლის რუსეთის ხელისუფლების შეხედულებებს საკუთარ როლზე მსოფლიოს დღევანდელ პროცესებში.

ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გაიმართება კარასინთან შერხვედრა, სადაც იმედი აქვს, რომ პუტინის 19 დეკემბრის განცხადება იქნება გათვალისწინებული სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ საუბარი შესაძლოა, ამ საკითხსაც შეეხოს. მთლიანობაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრები შეიძლება თუ არა დადებით კონტექსტში შეფასდეს?

- ეს სასურველი ფორმატი გახლავთ, მაგრამ არა გადამწყვეტი იმ პრობლემებისა, რაც არსებობს დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის და არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ დასჯის ერთ-ერთ გამოხატულებად საქართველოსთვის რუსეთმა გამოიყენოს ამ კომუნიკაციის გაწყვეტა. მაშინ, როდესაც ის დააპირებს სრულიად მკაფიო ზეწოლას საქართველოზე. უკრაინის მაგალითი ამაში გვარწმუნებს.

ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად მოგვისმენია, რომ რუსეთს საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტები აღარ გააჩნია, რადგან ყველა ბერკეტი უკვე გამოყენებულია. შესაძლოა, ასეთი ბერკეტი გახდეს სავიზო რეჟიმის ჯერ აღდგენა და შემდეგ შეწყვეტა, თუ უფრო სერიოზულ სვლებს უნდა ველოდეთ?

- როდესაც ვსაუბრობთ, რომ რუსეთს ბერკეტები გამოელია საქართველოს საწინააღმდეგოდ, ვგულისხმობთ იმ ბერკეტებს, რომელსაც რუსეთი ახლა იყენებს უკრაინის წინააღმდეგ. ანუ, ჩვენ უკვე გამოვცადეთ ემბარგოც, ეთნიკური წმენდის ელემენტებიც დავინახეთ რუსეთში ქართველების მიმართ. ჩვენ ეს გადატანილი გვაქვს და მოულოდნელობა არ იქნება, მაგრამ ეს ვერ გახდება საბაბი ჩვენი უკუსვლისა ევროპისგან. ამიტომ, არც რუსეთის ხელისუფლებაა ისეთი კაცთმოყვარე, რომ ვერ მოიგონოს რაღაც ახალი ვერაგული სვლები საქართველოს წინააღმდეგ.

კონფერენცია, სადაც ვსაუბრობდი, რომ გაჟღერდა რუსეთ-სომხეთის საზღვრის გარდუვალობა, არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ პროვიკაციული ნიშნით არის გაჟღენთილი. თანაც რეაგირება საკმაოდ უმნიშვნელო იყო - საქართველოს მხრიდან არავინ შეხმიანებია ამ თემას. საინტერესოა ისიც, რომ რუსული მხარე სარკასტულად უყურებს, რატომ არავინ გამოხმაურებია ამ თემას.

თქვენი აზრით, სწორია საქართველო რომ არ რეაგირებს ამ თემაზე და ხმამაღლა არ საუბრობს მოსალოდნელ საფრთხეებზე?

- დიდი იმედი მაქვს, რომ ამაზე უშიშროების საბჭოში მაინც იქნება საუბარი. ეს არ არის ის თემა, რომელიც მთელი საზოგადოების შეშფოთების საგნად უნდა იქცეს. არ იქნება პოზიტიური განვითარებისთვის ხელშემწყობი პროცესი და არც დიდი ყურადღების მიქცევად ღირს ზოგიერთი ვაი-ექსპერტისათვის, რომელიც კრემლის სურვილებს ახმოვანებს.

ასეთი საკითხები ხალხმრავალი მიტინგებით არ წყდება. ამას სჭირდება გონიერება და დიპლომატიის ის ხარისხი, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ მოსაპოვებელი გვაქვს.

საკუთარი ხალხის, ერის ერთიანობაში ეჭვი არ გვეპარება. ხელისუფლებას აქვს სრულიად მკაფიო გზავნილი თავისი მოსახლეობისგან, ამდენად ნაბიჯები, რომლის გადადგმაც აუცილებელია, უნდა გადაიდგას და დარწმუნებული ვარ, გადაიდგმება კიდეც საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად.

ასეთი პროვოკაციული მოხსენებების მიზანი კი სწორედ შფოთის ჩამოგდებაა ქართულ საზოგადოებაში, რასაც, ამ ეტაპზე, უმჯობესია, დაუპირისპირდეს ჩვენი მდუმარე გაცნობიერება იმ საფრთხეებისა, რის წინაშეც შეიძლება აღმოვჩნდეთ.

თქვენ ახსენეთ უშიშროების საბჭო, რომელსაც შეუმცირდა უფლებამოსილებები და საგარეო უსაფრთხოების საკითხები აღარ ეხება...

- რასაკვირველია, უშიშროების საბჭოს შეუმცირდა უფლებამოსილებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას შეუმცირდა გონიერება და პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. საშინაო პროცესების გაუთვალისწინებლობა ყველაზე ძლიერი დარტყმა იქნება ჩვენი საერთაშორისო საფრთხეების კუთხით. ფუნქციების შემცირება არ აკნინებს ამ უწყების მნიშვნელობას.

ვფიქრობ, ზოგადად 2014 წელი უნდა იყოს ერთიანობის წელი ქართული საზოგადოებისა და ხელისუფლებისა ევროპული პერსპექტივისთვის. შიდა კონფლიქტები და შიდა პროტესტები ხელისუფლებამ არ უნდა დაიმსახურიოს საზოგადოებისგან და საზოგადოებამ არ უნდა შეაქციოს ზურგი ხელისუფლების მცდელობას, რომ წარმატებული სვლა ევროპული პერსპექტივისთვის იყოს ფეხაწყობილი მთელი მოსახლეობის მიერ.

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის დიდი პროცენტული რაოდენობა მომხრეა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის. ხომ არ არის მოსალოდნელი ქართულ პოლიტიკაში შემოსული რუსული ფულით მოხდეს ამ ელექტორატის გამოყენება?

- რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას მეც ვემხრობი, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ეს გაუმჯობესება უნდა მოხდეს საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ეს ცალმხრივი ლოზუნგია - ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთთან - კი ბატონო, საქართველო არასოდეს ყოფილა წინააღმდეგი რუსეთთან კარგი ურთიერთობის. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ისეთი წითელი ხაზები შექმნა ორი ქვეყნის ურთიერთობაში, რაზე უარესიც ძნელი წარმოსადგენი იყო, რასაკვირველია, უპირველესად, მან უნდა გაითავისოს სურვილი, რომ იურთიერთოს საქართველოსთან და არა მის ორ მცირე ნაწილთან.

ჯერჯერობით, რუსეთის პოლიტიკა არის ანტიქართული თავისი მრწამსით. რამდენი სადღეგრძელოც არ უნდა მოვისმინოთ პუტინისგან წარმოთქმული საქართველოს მიმართ, ამ სიტყვებს ჩალის ფასიც არ აქვს, რადგან მის ნამოქმედარს ყველანი ვგრძნობთ, ყველას გვტკივა და არც ისეთი მეამიტები ვართ, რომ ლამაზ სიტყვებში შეფარული პუტინის ვერაგობა ვერ შევნიშნოთ.

ჩვენდა საბედნიეროდ, პუტინი და რუსეთი სინონიმები არ გახლავთ და შესაბამისად, რუსეთთან კარგი ურთიერთობის აღდგენა სულაც არ ნიშნავს პუტინის პოლიტიკის გაზიარებას, მის ნაწილად გადაქცევას.

პრორუსული პოლიტიკური ძალების გააქტიურება თუ არის მოსალოდნელი საქართველოში და თქვენი შეფასებით, ასეთი ძალები არიან თუ არა იმ საფრთხეების მატარებელნი, რაზეც წინა ხელისუფლება მუდმივად აპელირებდა?

- რუსული ფული რატომაც არ შემოვა! ახლა, როგორც ჩანს, აქტიური ფაზა ჯერ არ არის, რადგან გაზაფხულის დადგომამდე სოჭის ოლიმპიადაა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების საზრუნავი. ოლიმპიადის შემდეგ, რასაკვირველია, ვიგრძნობთ სიხისტეს და სერიოზულ ზეწოლას. ამ პერიოდში სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ზოგი დაკვეთით, ზოგი კი საკუთარი მრწამსით, გახდეს უფრო აქტიური, რუსეთის სიკეთის პროპაგანდისას. მაგრამ, არ ვართ ჩვენ ის ხალხი, რომელიც აქეთ-იქით ვეცემით-ხოლმე პირველივე წინააღმდეგობის აღმოჩენისას. ჩვენი ისტორიული გამოცდილება საკმაოდ ცალსახაა - რუსეთთან კარგი ურთიერთობა - კი, ბატონო, მაგრამ რუსეთისგან მტრობას აღვიქვამთ მტრობად და არა მეგობრობად.

ჩვენს საზოგადოებას ექნება სატკივარი, იქნება დისკუსიები, მაგრამ წარსულზე ოცნება ეს არის ოცნება არაფერზე, რადგან წარსული აღარ ბრუნდება და მომავლის მიმართ ოცნება, რომ აღდგეს წარსული, ეს უკვე ოცნება აღარ არის, ეს უმეცრება და უტოპიააა.

ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობა უნდა იყოს ინფორმირებული, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ევროპულ მომავალს და არა - რუსულ მომავალს. ჯერჯერობით, ეს საკითხი კვლავ მწვავედ რჩება ჩვენი მოსახლეობის ნაწილისთვის.

ამას მიჩუმათება კი არა, ღია დისკუსიები სჭირდება, სადაც დამაჯერებელი არგუმენტები იქნება ჩვენი გონიერი მოსახლეობისთვის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაიაროს წარმატებულად გზა ევროპისკენ, რომელიც არ არის გზა სამოთხისკენ, მაგრამ არის გზა უკეთესი მომავლისკენ.

ისიც საინტერესოა, რას ველით ევროპისგან. თუ უკრაინის მაგალითს გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, ევროპამ თავი შეიკავა გარკვეულ კომპრომისებზე წასვლისაგან და არის მოსაზრება, რომ უკრაინა ფაქტობრივად, დაუთმო რუსეთს. საინტერესოა, როგორ მოიქცევა ევროპა ჩვენს შემთხვევაში?

- ვერ დაგეთანხმებით, რომ ევროკავშირმა პასიურობა გამოიჩინა უკრაინასთან დაკავშირებით. მან იმდენი შეღავათი შესთავაზა უკრაინას, რაც არ მიუღია არც ერთ წევრს კავშირში გაწევრიანების წინ. უბრალოდ, ყველანი მოწმენი გავხდით, რომ უკრაინის პრეზიდენტს საკუთარი სავარძელი უფრო ეძვირფასება, ვიდრე სამშობლოს მომავალი. პუტინმა კი გარდა შეღავათებისა, შესთავაზა მუქარა, როგორც პრეზიდენტს, აგრეთვე უკრაინის სახელმწიფოებრიობას. ეს არ იმალება და დარწმუნებული ვარ, როგორც კი წამოიჭრება თემა უკრაინა-ნატოს ურთიერთობისა იმწუთშივე დადგება ყირიმის დამოუკიდებლობის საკითხი.

ამიტომ სჭირდება პუტინს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ისეთი სტატუსით, როგორიც მიაჩნია, რომ აქვს დღეს ამ ტერიოტორიებს - რომ იქონიოს ბერკეტი უკრაინაზე და დაანახოს საკუთარი მომავალი, იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა ნატოსთან ფლირტს დაიწყებს.

ჩვენ რა სახის თანადგომას უნდა ველოდეთ ევროპისგან, ცხადია რომ ოლიმპიადის შემდეგ რუსეთი საქართველოსა და მოლდოვასთვის უკვე სერიოზულად მოიცლის...

- არსებობს ევროკავშირის გარკვეული შესაძლებლობები, ამაზე ალბათ, გვექნება საუბარი ევროპელ კოლეგებთან, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის. რასაკვირველია, დიპლომატიურ დონეზე შესაძლებელია ისეთი ნაბიჯების შემზადება, რომელიც ბევრად უფრო მდგარადი იქნება რუსეთის წინააღმდეგობისთვის, ვიდრე ეს მოახერხა უკრაინამ.