ისრაელში მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ - გამოცხადდა საყოველთაო გაფიცვა

ისრაელში მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ - გამოცხადდა საყოველთაო გაფიცვა

ისრაელში „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გავიდა.

BBC-ს ცნობით, დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მის მთავრობას იმაში ადანაშაულებენ, რომ ისინი მძევლების გასათავისუფლებლად შეთანხმების მიღწევისთვის საკმარისს არ აკეთებენ და შეთანხმების დაუყოვნებლივ გაფორმებას ითხოვენ.

დღეს კი ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა, რომელიც ქვეყნის პროფკავშირების უმსხვილესმა ფედერაციამ დააანონსა.

საპროტესტო აქციები თელ-ავივში, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზის სექტორში 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს - „ცაჰალის“ ცნობით, ისინი „ჰამასის“ გვირაბში ისრაელელი სამხედროების შეღწევამდე ცოტა ხნით ადრე მოკლეს.

ამ ეტაპზე ღაზაში მყოფი მძევლების ზუსტი რაოდენობა უცნობია. 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ 251 ადამიანი გაიტაცა, 1 200 კი თავდასხმის დროს დაიღუპა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზაში დაწყებულ სამხედრო კამპანიას უკვე 40 530-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.