ახალი ხელისუფლების „გამოცდის“ წელი დაიწყო. იმის გამო, რომ 2013 წელი კოაბიტაციის წელი იყო და საქართველოში ორხელისუფლებიანობას ჰქონდა ადგილი, მმართველი გუნდი პრობლემების არსებობისას, ხელს „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იშვერდა. კობიტაციის დასრულების შემდეგ, 2014 წელს თუ რას ელის საპარლამენტო უმრავლესობა და როგორ ჩაიარა 2013 წელმა? ამის გარკვევის მიზნით, for.ge გარემო დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავჯდომარეს, გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა:
როგორ შეაფასებთ, განვლილ წელს? რამდენად რთული პერიოდი გაიარა ახალმა ხელისუფლებამ?
- წინააღმდეგობებით აღსავსე, რთული წელი იყო. სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები განხორციელდა და მისასალმებელია, რომ ქვეყანაში უკანონოდ არავინ დაგიჭერს, ოჯახში ჩიპს არავინ დაგიგდებს, პატიმრებს არ აწამებენ და საკუთრების უფლებას არავინ ლახავს. უმთავრესია, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ამას გარდა, როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გეტყვით, რომ გარემოს დაცვის გარღვევის წელიც იყო. ამ სფეროში, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა როგორც სამინისტროში, ასევე კომიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ „Facebook-ის მასხარამ“ (გოგა ხაჩიძეს გულისხმობს. ავტ.) დანგრეული სისტემა ჩაგვაბარა, ვცდილობთ, რომ უწყება ფეხზე დავაყენოთ. წინა ხელისუფლების პირობებში, ძალიან ბევრი რამე ფასადურად, თვალებში ნაცრის შეყრისთვის კეთდებოდა. წუწუნსა და წარსულში ქექვას თავი უნდა დავანებოთ და მხოლოდ წინ უნდა გავიხედოთ, რადგან ახალ ხელისუფლებას საქმის კეთების საშუალება და შესაძლებლობა აქვს. ძალიან ბევრი ადამიანი ხელისუფლებაში პირველად არის და დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. თუმცა, იმ ადამიანებს არ უნდა დავემსგავსოთ, რომლებიც ჯერ პარლამენტში ხვდებიან და შემდეგ, ამერიკაში სასწავლებლად მიემგვზარებიან. ვინც მუშაობს, შეცდომაც მას მოსდის.
შეცდომების დაშვებისას, ასე ამბობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც...
- ის შეცდომები არ იყო, ის იყო - დანაშაული. ახალ ხელისუფლებას ფატალური შეცდომა არ დაუშვია და არც დანაშაული ჩაუდენია. ვცდილობთ, რომ ხელისუფლებასა და ხალხს შორის ჩაკეტილი ხიდი აღვადგინოთ. მართალი გითხრათ, საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა არის, მაგრამ შეიძლება, ზოგიერთს დაავიწყდა რა იყო ჩვენი დანაპირები, საიდან მოვდივართ და რა უნდა აკეთო, როცა ხელისუფლებაში ხარ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ქცევა ხაზს იმას უსვამს, რომ ზოგიერთს გათვიცნობიერებული არ აქვს, რომ ეს ყველაფერი წარმავალია. ასე ეგონათ შევარდნაძეს და სააკაშვილსაც.
თუმცა, ავთანდილ ბერიძემ, რომელსაც 83 ათასს დოლარიანი ავტომობილის შეძენა სურდა, მხოლოდ საყვედური მიიღო. სახელმწიფო სახსრების ხარჯვის ფაქტებზე, უფრო მკაცრები, რატომ არ ხართ?
- ეს მაგალითი ყველასთვის საჩვენებელი უნდა იყოს. ავთანილ ბერიძის ქმედება განსაკუთრებით იმ ფონზე იყო მიუღებელი, როცა აჭარაში ამხელა თოვლი მოვიდა და მთელი რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე იყო. ბერიძე თანაგუნდელებმა გაკიცხეს და ეს ძალიან კარგი იყო. ხშირად გვსაყვედურობენ, რომ ერთ აზრზე არ დგახართო, მაგრამ რა გინდათ, ერთ ხმას აყოლილი ადამიანთა ჯგუფი ვიყოთ?! ეს არ გამოვა, რადგან კოალიციაში ადამიანები მონური ნიშნით არ შეირჩნენ. ბიძინა ივანიშვილმა გუნდი ბრძოლისუნარიანობით, პატიოსნებითა და სამშობლოს სიყვარულით შეარჩია. კოალიცია გააერთიანა არა სააკაშვილის ხელისუფლებიდან გაძევების სურვილმა, არამედ ამ ქვეყნის გადარჩენის მცდელობამ. როცა ეს არის შენი ფუნდამეტური დებულება, რომელზეც შენი საარჩევნო კამპანია ააწყვე, მორალური უფლება არ გაქვს, რომ ამ დებულებას გადაუხვიო. სოციალური ქსელში ერთ-ერთმა ადამიანმა შეტყობინება გამოაქვეყნა, რომ „1-ელი ოქტომბერი ვერ აიტანს - ვერც ფარისევლობას, ვერც ფლიდობას და ვერც ორპირობას“. ამ ადამიანს ვეთანხმები, რადგან 1-ელი ოქტომბერი ზედმეტს ვერ აიტანს, გამორიცხულია! ჩემს თანაგუნდლეებს ვუსურვებ, რომ მოუსმინონ ხალხი რას ამბობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავუცხოვდებით, იგივე დაგვემართება, რაც ჩვენს წინამორბედს. ხალხმა ნდობის მანდატი მოგვანიჭა და მათი იმედები უნდა გავამართლოთ, მაგრამ საზოგადოებას სულსწრაფობაც ახასიათებს. ამჟამად, პროკურატურა ბევრ საქმეს იძიებს, ბევრი პირი პასუხისგებაშია მიცემული და საზოგადოება ჩვენგან სამართლიანობის აღდგენას ელის. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ახალმა ხელისუფლებამ დაუშვა, პროკურატურის დაკომპლექტება იყო. დიდი დრო დავკარგეთ და ეს ჩვენი დიდი შეცდომაა. ამომრჩეველმა მხარი დაგვიჭირა არა პირადი ანგარიშწორებისთვის, არამედ სამართლიანობის აღდგენისთვის და როცა ამ პროცესს მომავლისთვის გადადებ, ამომრჩეველი ამას არ გაპატიებს. ათასი უბედურებაა გამოსაძიებელი, მაგრამ იმის თქმა, რომ საკუთრებას ვერ დააბრუნებ, რადგან ეს ეკონომიკაში პრობლემებს გამოიწვევს, ამას ხალხი არ გაპატიებს. პრობლემების მყისიერად გადაჭრას, არავინ ითხოვს, მაგრამ იმ ადამიანების ღირსება უნდა აღდგეს, ვინც ქონება დაკარგა. საკუთრების დაბრუნებას არავინ ითხოვს და მათ პროკურატურაში განცხადების დაწერაც შეუძლიათ, მაგრამ მათი ღირსება უნდა აღდგეს. ბევრს შეიძლება თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს, ბევრს გირაოს გადახდა მოუწიოს, მაგრამ პროცესი უნდა დაიძრას.
ანუ, 2014 წელს დაკავებები იქნება?
- ვინც კანონს დაარღვევს, მან პასუხი უნდა აგოს. თუ კანონს დავარღვევ, მეც დამაკავონ.
თქვენ პროკურატურაზე საუბრობდით და თქვით, რომ „დრო დაკარგეთ“, თუმცა, არჩილ კბილაშვილის უწყებას, რატომ მიეცით დროის ფუჭად ხარჯვის საშუალება? თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ გამოძიებული უნდა იქნეს, პრემიების საკითხი. რატომ არ აკონტროლებდით, სამართალდამცავ უწყებას?
- ამ უწყებას ნდობის მანდატი მივანიჭეთ. წინა ხელისუფლებისგან დემოტივერებული დანაყოფი გადმოგვეცა. ამ უწყების წინაშე უდიდესი პრობლემები დაგვხვდა. ამ სტრუქტურაში ბევრი ადამიანი ჯალათად აქციეს. 2003 წლიდან, ამ უწყების მონურად გადაქცევა დაიწყეს და პროკურატურაში მოდიოდნენ კადრები, რომელთაც ცოდნის გარღმევა არ სურდათ, რადგან რა მნიშვნელობა ჰქონდა ათ წიგნს წაიკითხავდნენ, თუ ორს, საქმეები მაინც უნდა „შეეკერათ“. ხალხი ბაწარზე გაბმბული ძაღლივით პროკურატურასა და სასამართლოს შორის დადიოდა, პროკურორი დაგეგმილ სპექტაკლზე მიდიოდა, მოსამართლე კი უუფლებო იყო. უფრო მეტსაც გეტყვით, ადეიშვილი იმასაც წყვეტდა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო შეწყალებული და მათ წითელი მარკერით ამოხაზავდა ხოლმე. როგორც ჩანს, სააკაშვილის რამდენიმე ფაქსიმილია იყო. ეტყობა, ერთი ფაქსიმილია ჯიბეში მერაბიშვილს ედო, მეორე ადეიშვილს. საბოლოო ჯამში, დეზორგანიზებული უწყება მივიღეთ და ეკა ბესელია ამბობდა, რომ უწყებაში ის ადამიანები აგრძელებენ მუშაობას, რომლებიც საქმეების „კერვაში“ იყვნენ შემჩნეულნიო. ბატონმა არჩილმა საკადრო წმენდა დაიწყო და არ ვიცი, უწყებიდან თუ რამდენი პროკურორი წავიდა, მაგრამ პროკურატურაში საქმეების „შემკერი“ არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს.
ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, პროკურატურაში საქმეების დიდი ნაკადი წამოვიდა და ყველა ითხოვდა, რომ მისი საქმე ყოფილიყო პრიორიტეტული. ამ დროისთვის, ის მაინც გავაკეთეთ, რომ პროკურორი გადაწყვეტილებას ყურში მოსამართლეს აღარ ეუბნება.
თუმცა, ამ რაოდენობის საქმეები პროკურატურაში ახლაც დევს. უწყებამ ოთარ ფარცხალაძის პირობებში, რომელიც პოსტიდან გადადგა, მუშაობა აქტიურად დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით კბილაშვილს პრობლემებს ლაშა ნაცვლიშვილი უქმნიდა. მისი საქმიანობის შესწავლა მიმდინარეობს?
- პროკურატურაში დაახლოებით 25 ათასი საქმეა შესული და ყველა მნიშვნელოვანი საქმეა, მაგრამ საქმეების პრიორიტეტულობა ვერ გამოკვეთეს და ვერ განსაზღვრეს ვისი საჩივარი უფრო მნიშვნელოვანი იყო. ანუ, პრობლემების ინვეტარიზაცია ვერ მოხდა. პირველი რიგის ამოცანები უნდა გამოიკვეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატურა ვერ იმუშავებს. უმრავლესობის სხდომაზე, ხარვეზების დამდგენ კომისიაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მე პირადად კომისიის შექმნას ეჭვის თვალით ვუყურებ, რადგან ის საჩივრები, რომლებიც პროკურატურაშია, კომისიაში რატომ უნდა წავიდეს? ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში განცხადებების ტარება, დროის ფუჭ ხარჯვას ხომ არ გამოიწვევს? ჩემი მოწოდებაა, რომ პროკურტურამ საქმეების ინვეტარიზაცია დაასრულოს და საქმეების გამოძიება დაიწყოს. თუ საჭირო იქნება საშტატო ერთეულების დამატება, ამაზე უარს არავინ იტყვის, მაგრამ პრობლემას კვალიფიციური კადრების არარსებობაც წარმოადგენს. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ადვოკატი განოლებული იყო, მოსამრთლე დამონებული. ახლა კი, სასამართლო პროცესზე მერაბიშვილი როგორ ყელყელაობს კი ხედავთ და გეგონებათ, ნესლონ მანდელაა. თან, რა სიტყვაკაზმული ქართულით საუბრობს?! ეს სხვა გემოვნების საკითხია, მაგრამ მას „რუსთავის 2“-ის ეთერში პირდაპირი ჩართვებიც კი აქვს. ეს ტელევიზია, სააკაშვილის „ჩრდილიდან“ ვერ გამოდის და ვითომდა დემოკრატიული დებატების ნაირსახეობას ქმნის, მაგრამ საბოლოო ჯამში, არაფერი გამოსდის.
თქვენ 2013 წელს, განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე არ გისაუბრიათ. ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ნაციონალების ინფორმაციით, ყაჩაღობის მუხლით იყო ნასამართლები, პოსტიდან გადადგა. ალექსანდრე ჭიკაიძე კი, რომელიც ასევე ნაციონალების ინფორმაციით, 26 მაისის აქციის დარბევისას რუსთაველის გამზირზე იმყოფებდა, შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. თუმცა, პრემიერმა განაცხადა, რომ ჭიკაიძეს აქციის დარბევაში მონაწილეობა არ მიუღია, ალბათ, ის არც „გამზავებელი“ იქნებოდა. იქედან გამომდინარე, რომ ეს ორივე პიროვნება ნაციონალების დროინდელი კადრები არიან, გკითხავთ, კოალიციაში, სადაც ექვსი პარტიაა გაერთიანებული, ორი გამოცდილი პირი ვერ ნახეთ, რომ პოსტებზე ნაციონალების დროინდელი კადრები არ დაგენიშნათ?
- ერთი წლის კადრები მოიძებნა და ისინი მუშაობდნენ კიდეც, მაგრამ როგორც ჩანს, მათ არ გაამრთლეს. მართალი გითხრათ, სააჯარო მოხელებს პოლიტიკური ძალების მომხრეებად არ მივიჩნევ. თუ ადამიანი წარმატებით მუშაობს, რა მნიშვნელობა აქვს ის უწყებაში ვის დროს მუშაობდა?! ჩვენი პრობლემაც ამაშია, რომ ხალხს ეგონა, „ქართული ოცნება“ დამლაგებლიდან დაწყებული, დეპარტამენტის ხელმძღვანელით დამთავრებული, ხალხს უწყებებიდან გაყრიდა. დაახლოებით 300 ათასს ადამიანს სახლში ვერ გავუშებდით, რადგან პატარა ერი ვართ, მაგრამ უწყებებიდან ბევრი გავუშვით. აბა, მეგის ქარდავა და ის არაკაცები დაგვეტოვებინა, რომლებიც მამაკაცებს ახალაიას უწყებაში საბელგამობმულებს არბებინებდნენ და ციხეებში აუპატიურბებნენ?! ეს მეგისი კი გაიქცა, მაგრამ სამხედრო პოლიცია გარეთ გავყაროთ, ის ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყანას სიცოცხლის ფასად მაშინ იცავდნენ, როცა საზღვრებზე ქარდავას და საააკაშვილისნაირები გარბოდნენ?! თავდაცვის მიმართულებით უამრავი რამ გაკეთდა და ამ უწყებას ბრწყინვალე თავდაცვის მინისტრი ჰყავს, რომელიც წინამორბედივით ჯარისკაცებს არ აწამებს.
2013 წელს, ახალი ხელისუფლების „ჩავარდნად“ ბიუჯეტის „გარღვევა“ მიიჩნევა. საბიუჯეტო დოკუმენტი ნაციონალების მიერ იყო მომზადებული და ეკონომიკის 6 პროცენტიან ზრდას, მათ მიერ გათვლილ პროგნოზებს უკავშირებთ, თუმცა, 2014 წლის ბიუჯეტი, რომელიც ნოდარ ხადურის უწყებამ მოამზადა, უკვე დამტკიცებულია და ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს ბიუჯეტი გამოწვევების ადეკვატური არ არის. თუ მიმდინარე წელს, ეკონომიკურ გუნდში ისევ პრობლემები იქნება, პარლამენტი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს გამოიყენებს და მკაცრი იქნება?
- პრობლემები იყო და ამას არც ფინანსთა მინისტრი უარყოფდა. 2013 წლის ბიუჯეტი „გადავკერეთ“ და შეცდომებიც აქედან გამომდინარე იყო დაშვებული. ახალი წლების შემდეგ, პარლამენტში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა შემოვა და ეკონომკური პროცესებიც წინ წავა. ბიზნესი ნაციონალების „ხარკის გადამხდელთა დიდმა გვარდიამ“ შეაჩერა, რომლებიც „კრიშობანას“ და ჩაწყობილ ტენდერებს იყვნენ მიჩვეულნი. ამ ხალხმა ნაციონალებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 20 მლნ ლარი ჩაურიცხა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, 20 ათასი ლარი. სად გაქრნენ, აღარ ეთაყვანებიან მიხეილს?! ამას გარდა, მუდმივი აგიტაცია ხდებოდა იმის, რომ თითქოს, ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ და რუსეთში შეჰყავთ ქვეყანაო. ასეთ პირობებში, საქართველოში ფულს, რომელი ინვესტორი ჩადებდა?! ასევე შეცდომები იქნა დაშვებული ეკონომიკური გუნდის მიერ და ყველამ ჩვენს შეცდომებზე ვისწავლეთ. მთავარია, ადამიანებს გულწრფელად ესაუბროთ.
2014 წლისგან, რას ელით?
- ჩემს ერს სულიერ სიმშვიდეს და გამრავლებას ვუსურვებ. 2014 წელს, ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირება უნდა მოხდეს და იქ დავბრუნდებით, სადაც ჩვენი ადგილი იყო, თუმცა, რუსეთმა ერთი საუკუნით უკან დაგვწია. თუ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ წინსვლა გვინდა, თანამეგობრები გვერდზე დაგვიდგებიან.