უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებას სერიოზული ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მოახდინოს. ზეწოლის მექანიზმი კი, მისი განმარტებით, გამოიხატება მოსამართლეთა სამი წლის ვადით დანიშვნაში. თავად კოტე კუბლაშვილს ზეწოლაში ღიად ადანაშაულებენ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლები, რომელთაც კუბლაშვილი აიძულებდა, რომ ყოფილი ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიეღოთ.
ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლებაში ბევრი არაფერი შეცვლილა. პირველი მოსამართლის სტატუსს კვლავ ინარჩუნებს კოტე კუბლაშვილი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ კონკრეტულ მოსამართლეებზე, მთელი წლის განმავლობაში, ზეწოლას „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენდა.
„ჩვენ სასამართლო გავათავისუფლეთ ზეწოლისგან, მაგრამ სამწუხაროდ, მთელი წლის განმავლობაში მომდიოდა ინფორმაციები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამა თუ იმ მოსამართლეზე, სხვადასხვა მეთოდით ზეწოლას ახდენდა. მე მომდიოდა ხმები, რომ ზეწოლის მცდელობები იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გამოკვეთილი ლიდერებისგან. არ მინდა სახელები და გვარები ვთქვა, მაგრამ კონკრეტულ საქმეებზე იყო საუბარი, კონკრეტულ საქმეებში იყო ჩარევის მცდელობა.
არავის უჩნდება შეკითხვა, როგორ შეიძლება სასამართლო აბსოლუტურად თავისუფალი იყოს მაშინ, როცა მას მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ძმა ხელმძღვანელობს. ჩემთან დაკავშირებით ამბობენ ხოლმე რაღაც სისულელეებს, თითქოს, ნეპოტიზმით ვარ დაკავებული და ახსენებენ გენინსპექციის უფროს ზვიად ჯანყარაშვილს.
ამ დროს ავიწყდებათ, რომ პალიკო კუბლაშვილი არის კოტე კუბლაშვილის ძმა. არასდროს არავის, არც სამოქალაქო სექტორს, არც ოპოზიციას არ გასჩენია არავითარი დისკომფორტი, როგორ შეიძლება სასამართლო იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, როცა სასამართლოს თავმჯდომარეა მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ძმა. ეს ავიწყდებათ და ამ დროს ახსენდებათ ჩემი ცოლის ნათესავი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კოტე კუბლაშვილი კი თვლის, რომ თუ ვიღაცის ძმა და ვიღაცის ნათესავები, სადღაც უწყებაში მუშაობენ, ნამდვილად არავითარ კავშირში არ არის სასამართლოს დამოუკიდებლობასთან.
„ვფიქრობ, სწორი განცხადება არ იყო. მთავარია, გარედან არ იყოს ზეწოლა სასამართლოზე. პირველ რიგში, ეს სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებას - პროკურატურას და საერთოდ ყველას ეხება, ვისაც გარედან გარკვეული კავშირი აქვს სასამართლოსთან, ეს უნდა მოიხსნას საბოლოოდ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ ასეთი ჩარევები რაც ადრე იყო და რაც აშკარა იყო, აბსოლუტურად იქნას მოხსნილი“, - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
მაშინ, როდესაც უმარავლესობა და მათ შორის უფლედამცველები ღიად საუბრობენ, რომ ყველა უკანონო გადაწყვეტილებების უკან, კოტე კუბლაშვილი იდგა, ამის მიუხედავად, ფაქტია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განთავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში კარგადაა გაწერილი იმპიჩმენტის პროცედურა, საქართველოს პარლამენტი კუბლაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას არ გეგმავს. უფლებამოსილების ვადა კი კოტე კუბლაშვილს 2015 წლის მარტში ეწურება.
კონსტანტინე კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების თხოვნით საქართველოს პარლამენტს 21 ნოემბერს მიმართა უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ლალი ლაზარაშვილმა. მის განცხადებას თან ახლავს სამართლებრივი საფუძვლები, კანონის რა ნორმებია დარღვეული მის წინააღმდეგ.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსალამრთლე, ნინო გვენეტაძე კი განმარტავს, რომ იმპიჩმენტის საფუძველი არსებობს, მაგრამ საფუძვლიანი იქნება თუ არა ლალი ლაზარაშვილის მოთხოვნები, მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თვითონ პარლამენტი მიიღებს.
„მეც ვიყავი საჯარო მოხელა და მე არ მახსოვს ჩვენი ეთიკა რაღაცა სტანდარტს გადაცილებულიყო. ამიტომ იქნება-და, ამ სამოხელეო ეთიკის სტანდარტში ჩაჯდნენ და ამ ძნელბედობის ჟამს შეძლონ ადამიანებთან ურთიერთობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნინო გვენეტაძე.
იურისტი ირმა ჭკადუა განმარტავს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შესაძლებელია, თუმცა რატომ არ იწყებს ამ პროცედურას საქართველოს პარლამენტი, ამაზე განმარტება მისი თქმით, თავად პარლამენტმა უნდა გააკეთოს. ჩვენ დავუკავშირდით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, რომელმაც გვითხრა, რომ სხდომაზე იმყოფება და კომენტარს ვერ გააკეთებს, კითხვაზე როდის შევძლებდით მასთან დაკავშირებას, ბესელიამ პრეს-სამსახურთან გადავამისამართა. სატელეფონო ზარებს არ უპასუხა ყოფილმა უფლებადამცველმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემაც.
„რატომ არ იწყებს პარლამენტი იმპიჩემტის პროცედურას, ეს უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, ვის პრეროგატივაშიც შედის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით ამას. კარგად ვიცით, რომ წინა ხელისუფლებას ჯიბეში ეჯდა სასამართლო. დიახ, ეს ის სასამართლოა რომლის ზურგზეა უკანონო განაჩენის მთელი კასკადი, უამრავი დაინვალიდებული და გაუბედურებული ადამიანი, ადამიანები, რომლებთაც უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ეს ის სასამართლოა, სადაც ცარიელ ყდაზე დაწერილი სახელები შედიოდა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოდიოდა. ის, რომ დღეს სასამართლოზე, ზეწოლა არ ხორციელდება, ეს ნამდვილად გასაკვირია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათ ვერ წარმოუდგენიათ და ბუნებაში ვერ უშვებენ იმას, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლებაზე რაიმე სახის ზეწოლა არ იყოს.
ახალი ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაული არის ის, რომ იმ ხელისუფლების მესვეურები, რომლებიც ტონზე შენიშვნას აძლევენ პრემირეს, ამათ ამდენის ლაპარაკის უფლება რომ მისცეს, მაგრამ სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ, მათ არ მოუწევთ ისეთ ციხეებში ყოფნა და ისეთი კანონებით გასამართლება, როგორითაც თვითონ ასამართლებდნენ ადამიანებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ იმპიჩმეტს ვერ განახორციელებს საკანონდებლო ხელისუფლება, თუ არ იქნა კონკრეტული დანაშაულის ნიშნები გამოვლენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაში.
„მას აქვს უფრო მაღალი იმუნიტეტი, ვიდრე რომელიმე დეპუტატს და პრეზიდენტს. ის არის მესამე ხელისუფლების წარმომადგენელი. თუმცა, პირადად მე დარწმუნები ვარ, რომ სასამართლო და პირადად მისი ხელმძღვანელი მთელი 10 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ჯიბეში იჯდნენ და მათ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ. უბრალოდ, ამის კონკრეტული მტკიცებულება, რომელსაც დავდებთ ჩვენების თუ დოკუმეტის სახით, ჩვენ არ გვექნება.
თუმცა, ყოფილმა მოსამართლეებმა ნინო გვენეტაძემ, მერაბ ტურავამ, თამარ ლალიაშვილმა და სხვა მოსამართლეებმა, რომლებიც შემდეგ გაანთავისუფლეს, პირდაპირ დაადეს მას ხელი, რომ ის მოითხოვდა გაგებით მოკიდებოდნენ პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თვალი დაეხუჭათ სუსტ მტკიცებულებაზე, ვინაიდან სახელმწიფოს ამჯერად ასე სჭირდებოდა. ეს მათ პირდაპირ განაცხადეს და რამდენად საკმარისია ეს იმპიჩმენტისთვის სხვა საკითხია, ამ მიმართულებით წასვლა შეიძლება. მაგრამ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრს, ან ხელისუფლების რომელიმე შტოს არ მოსწონს და ამისთვის გადააყენონ უზანაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ამის უფლება, რა თქმა უნდა არ აქვთ“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლაიშვილი.