ანდრია ჯაღმაიძე: სახელმწიფოსგან შემოთავაზება არის თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას

ანდრია ჯაღმაიძე: სახელმწიფოსგან შემოთავაზება არის თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას

პრინციპი ერთი, რომ სახელმწიფო ეკლესიის გარეშე არანაირ ჩანაწერს არ შეიტანს. პრინციპი მეორე, ამას არ ექნება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმა. პრინციპი მესამე, იქნება საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც ეკლესიის როლს გაამყარებს და გაზრდის, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივასთან დაკავშირებით გაიმართა.

„რადგან, საკონსტიტუციო ჩანაწერზეა საუბარი, საბოლოო ფორმის დაჩქარებულად მიღება, არის ძალიან რთული. პრინციპი ერთი, რომ სახელმწიფო ეკლესიის გარეშე არანაირ ჩანაწერს არ შეიტანს. პრინციპი მეორე, ამას არ ექნება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმა. პრინციპი მესამე, იქნება საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც ეკლესიის როლს გაამყარებს და გაზრდის“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, შეთანხმებას არ ექნება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება და საბოლოო ფორმულირების ფორმა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ ეკლესიის თანხმობის გარეშე, არანაირი ჩანაწერი არ გაკეთდება.

„გეტყვით ძირითად პუნქტებს, რაც არის მნიშვნელოვანი ამ საკითხში. პირველი არის ის, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება არ ექნება ამ შეთანხმებას. სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზება არის თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას, ამაზე მღვდელმთავრების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს მისაღებია. დანარჩენი ფორმულირება საბოლოო სახით როგორი იქნება, ეს ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება.

მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებაზეა საუბარი. სწრაფად ამის მიღება საბოლოო სახით გაჭირდება, რადგანაც მეტ მსჯელობას და დროს მოითხოვს“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.

„[მართლმადიდებლობის] სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემოთავაზება იყო, თუმცა თავის შინაარსით ეს გულისხმობდა, ეკლესიის როლის გაზრდას და საკონსტიტუციო ჩანაწერით ამის გამყარებას. ამ შინაარსზე ჩვენ ვთანხმდებით, ოღონდ რა ფორმულირებით იქნება ამაზე ისევ მსჯელობა მიმდინარეობს. ეს არ იქნება სახელმწიფო რელიგიის გამოცდების ფორმა.

სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ გაკეთდება ეკლესიის თანხმობის გარეშე. ასე რომ, ეკლესიის თავისუფლებას არ დაემუქრება საფრთხე“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ჩანაწერი არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი, ამიტომ გაგრძელდება მსჯელობა და კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება საბოლოო სახე.

კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს პატრიარქს, ჯაღმაიძე ასე პასუხობს: „პატრიარქის პოზიციის გარეშე, რა თქმა უნდა, სინოდის წევრები თავიანთ დასკვნას არ გააკეთებენ“.