უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა მრავალ სექტორში მყარ ზრდას აჩვენებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან ერთად, რუსეთში უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. სამხედრო მრეწველობა ივლისში 3,3% გაიზარდა, მაშინ, როცა ივნისში ეს მაჩვენებელი 2,7% შეადგენდა. ხოლო სამხედრო მრეწველობის მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან 4,8% გაიზარდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ის 3,1% შეადგენდა.
სააგენტოს ცნობით, 2024 წლის პირველ ნახევარში რუსეთის მშპ 4,6% გაიზარდა, მაშინ, როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მისი მაჩვენებელი 1,8% შეადგენდა.
ეკონომიკის ზრდაზე გავლენა იქონია, აგრეთვე, კერძო სექტორის მიერ განხორციელებულმა კაპიტალდაბანდებამ. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების საერთო მოცულობამ 8,44 ტრილიონი რუბლი (92 მილიონი დოლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8,3% მეტია.
„წლის პირველ ნახევარში ასეთი მაღალი მაჩვენებლების გათვალისწინებით, ჩვენ ველით, რომ მთლიანად 2024 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები იმაზე მაღალი იქნება, რასაც ჩვენ აპრილში გამოქვეყნებულ პროგნოზში ვვარაუდობდით“, - ციტირებს Reuters-ი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს პოლინა კრიუჩკოვას.