ევროჯასთის ეგიდით, ალბანეთის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დუბაიში ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემასთან კავშირში ეჭვმიტანილი, ბიზნესმენი ერლინდ ცეკაი დააკავა. ალბანეთის მოქალაქე ცეკაი საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.
გამოძიების ცნობით, ის „მილტონ ჯგუფის“ თაღლითურ სქემასთანაა დაკავშირებული. ცეკაი ბიზნესმენ ალმათ იოსიფის ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემის მონაწილეა, რომელმაც გერმანიის მოქალაქეებს თაღლითური გზით 6 მილიონი ევრო გამოსძალა. გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის წარმომადგენლები ქოლ-ცენტრების საშუალებით ევროკავშირის მოქალაქეებისგან მოტყუებით მილიონობით ევროს იღებდნენ.
გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 2021 წელს დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში ქოლ-ცენტრების საშუალებით თაღლითურად ფინანსური ინვესტიციები 17 ათასზე მეტ ადამიანს ჩაადებინეს.
„მილტონ გრუპი“ დაკავშირებულია დავით კეზერაშვილთან. BBC-ს საგამოძიებო ფილმში „მილტონ გრუპის“ ჩრდილოვან მმართველად სწორედ კეზერაშვილია დასახელებული. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული ცეკაი კავშირშია დავით კეზერაშვილის ბიძაშვილთან და ასევე ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულ მიხეილ ბინიაშვილთან.