საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განაცხადი არის შეცდომა, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მთავარეპისკოპოსი აღნიშნავს, ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან ესაჭიროება თავად სახელმწიფოს.
„საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არსებითად გულისხმობს ეკლესიის ინსტიტუციურ დაქვემდებარებას სახელმწიფო ხელისუფლებისადმი.
ის, რომ საქართველოში ეკლესია არ წარმოადგენს სახელმწიფო-სახელისუფლებო დაქვემდებარების ადმინისტრაციულ ორგანოს თუ სტრუქტურას, ინსტიტუციას, ეს განპირობებულია პირველ რიგში ეკლესიის ბუნებიდან. ამასთანავე, ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან ესაჭიროება თავად სახელმწიფოს, ქვეყნის პოლიტიკური და სხვა გარემოებით შექმნილი კრიზისის დროს იქ, სადაც სახელმწიფოსთვის ან ხელისუფლებისთვის შესაძლოა კარი დაიხუროს. ამიტომ, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განაცხადი არის შეცდომა.
თუ გამიზნული განაცხადია, სხვა არაფერს მიეახლება გონება, თუ არა ეკლესიის ინსტიტუციური განადგურებისა და სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობიდან გადახვევის ვერაგულ და ამავდროულად მდარე ჩანაფიქრს, რაც მხოლოდ საქართველოსა და მისი ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეც-სამსახურების პროექტს შეიძლება წარმოადგენდეს. ან კიდევ სამომავლო დიქტატურისა თუ ავტორიტარიზმის მომასწავებელ უბედურებას“- წერს მეუფე ზენონი.
შეგახსენებთ, საპატრიარქოში ადასტურებენ, რომ ხელისუფლება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას სთავაზობს.