საქართველოში საწვავის გაძვირებაზე ჩივიან, მაგრამ გაცილებით უარესი ვითარებაა იქ, სადაც ეს ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო. ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანს საწვავის ტოტალური დეფიციტი ემუქრება. ამასთან, 1 თვის წინ ამ ქვეყანაში მკვეთრად გაძვირდა ბენზინისა და დიზელის ღირებულება და ლამის საქართველოს ფასებს გაუტოლდა.
აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია „სოკარი“ ოფიციალურად აცხადებს, რომ ქვეყნის საწვავის ბაზარი მწვავე დეფიციტის ზღვარზეა. როგორც კომპანიის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა აღნიშნა, ბენზინის მოხმარება აზერბაიჯანში მის წარმოებას უთანაბრდება.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საწვავის ბაზარზე ვითარების გაუმჯობესებისთვის“, - აღნიშნა აბდულაევმა, რომელმაც ბენზინის დეფიციტი ქვეყანაში ავტოპარკის ზრდის ბუმს დაუკავშირა.
ამასთანავე, „სოკარი“ არ აპირებს, უარი თქვას ევრო-3-ის სტანდარტის ბენზინის გამოშვებაზე და პირობას დებს, რომ გაუმჯობესებული ხარისხის მიუხედავად, საწვავს არ გააძვირებს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სიდიდით მეორე საწვავის იმპორტიორია. 2013 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში შემოტანილი ბენზინისა და დიზელის 25,7% (193,3 ათასი ტონა) სწორედ აზერბაიჯანული იყო. პირველ ადგილზე, 34,5%-ით, რუმინეთია (259,0 ათასი ტონა), მესამეზე, 16,2%ით - ბულგარეთი (121,9 ათასი ტონა), ხოლო მეოთხეზე, 14,1%-ით - რუსეთი (105,9 ათასი ტონა).
თუმცა, უშუალოდ ბენზინის იმპორტი აზერბაჯანიდან ბოლო თვეების განმავლობაში თითქმის აღარც ხორციელდება. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ავტოგასამართი სადგურები თითქმის მთლიანად რუმინულ-ბულგარული ბენზინით მარაგდება.
ტოტალური დეფიციტის თავიდან ასაცილებლად აზერბაიჯანის მთავრობამ ნაბიჯი ჯერ კიდევ 1 თვის წინათ გადადგა, როდესაც სატარიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის დეკემბრიდან საცალო ფასი მეზობელ ქვეყანაში ბენზინსა და დიზელზე, ასევე საბითუმო ფასი ნავთობპროდუქტების გარკვეულ სახეობებზე, საშუალოდ, 0,2 მანათით, ანუ 45 თეთრით გაიზარდა.
ამჟამად 1 ლიტრი 95 ოქტანობის ტიპის ბენზინი 0,6 მანათიდან 0,8 მანათამდე (1,7 ლარამდე) გაძვირდა, 92 ოქტანობისა კი - 0,55 მანათიდან 0,7 მანათამდე (1.5 ლარამდე). რაც შეეხება დიზელის ღირებულებას, მისმა ფასმა 0,6 მანათი (1,3 ლარი) შეადგინა, ნაცვლად 0,45 მანათისა.
სატარიფო საბჭომ აგრეთვე გადაწყვიტა, ბუნებრივი აირი გაძვირებული ფასებით მიაწოდოს ელექტროენერგიის, ალუმინის, ქიმიური პროდუქციისა და ფოლადის მწარმოებელ კომპანიებს. რაც შეეხება ტარიფებს, მან 1000 კბ/მ-ზე 42 მანათიდან 80 მანათამდე (173 ლარამდე) მოიმატა.
ორი კვირის წინ აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, დავიდ მამედოვმა განაცხადა, რომ ბენზინის მოხმარება ქვეყანაში წელს შარშანდელთან შედარებით 10,2%-ით გაიზარდა და შექმნილი დეფიციტის გამო კომპანიას ბენზინის ექსპორტის შეჩერება მოუწია.
ნავთობმოპოვების მხრივ აზერბაიჯანში შექმნილი დეფიციტი საქართველოს სატრანზიტო შემოსავლების შემცირებით ემუქრება. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნედლეულის ტრანზიტიდან ქვეყანამ ფინანსური ბონუსი, შესაძლოა, დაგეგმილი მოცულობით ვეღარ მიიღოს.
ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე ადასტურებს, რომ მეზობელ სახელმწიფოში ნავთობის მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის კუთხით შექმნილი პრობლემა საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლებზე გარკვეულ გავლენას იქონიებს.
არველაძე განმარტავს, რომ სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნით გატარებული 1 ტონა ნავთობიდან საქართველო შემოსავლებს დოლარ-ნახევარი კვოტით იღებს. ექსპერტს ფინანსური დანაკარგების ოდენობის დასახელება უჭირს, თუმცა მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანში ნავთობის დეფიციტს დროებითი ხასიათი აქვს და ვითარების მოკლე ვადაში გამოსწორდება.