2014 წლიდან მომხმარებელთა უფლებებს დიდი ყურადღება დაეთმობა. საამისოდ, პარლამენტის ევროინტეგრაციის და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობით მომზადდა მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონპროექტი. მან შეძენილი საქონლის გადაცვლის, დაბრუნების, შეკეთების და საგარანტიო ხელშეკრულებების პირობები უნდა დაარეგულიროს. პროექტით გათვალისწინებულია მომხმარებელთა ომბუდსმენის შემოღებაც.
ცვლილების დამტკიცება 2014 წლის დასაწყისშია მოსალოდნელი. კანონპროექტის განხილვაში ჩართულია ბიზნესიც, რომელსაც საკუთარი შენიშვნები აქვს. მათი წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ქვეყანაში ბიზნესის წარმოებას ზღუდავს და კანონპროექტს პრინციპულად ეწინააღმდეგებიან.
დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ კორძახიას თქმით, დღეს საკითხი დგას უნდა არსებობდეს თუ არა ამ ფორმით ქვეყანაში მომხმარებელთა კანონი. მისი თქმით, თუ არსებული რედაქციით კანონის დამტკიცება მოხდა, ბევრი ბიზნესი უნდა დაიხუროს, რადგან კანონპროექტი ბიზნესის წარმოების პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„მიგვაჩნია, რომ ამ კანონის ამოქმედება ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის. წუნდებული პროდუქციის გამოცვლა მისაღებია, მაგრამ არასწორია, რომ მომხმარებელს ნებისმიერ საფუძველზე მიეცეს უფლება, 14 დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს პროდუქტი და თანხაც მიიღოს. ეს ხომ მარტო ნაყინს ან სათამაშოს კი არა, ბაზარზე არსებულ ნებისმიერ ძვირადღირებულ პროდუქციას ეხება.
დღევანდელ სიტუაციაში ამ მუხლის ამოქმედება მეწარმეებს პრობლემებს შეუქმნის. სალიზინგო მომსახურებაც (საქონლის იჯარით გაცემა) მოკვდება, რადგან მომხმარებელს შეეძლება, ყოველ 14 დღეში ახალი მობილური ეჭიროს, ახალი მანქანით იაროს, თანაც ერთხელ გადახდილი თანხით. მთავარია, „ჩეკი“ გქონდეს და ნაყიდი მანქანა 14 დღეში არ გააფუჭო.
რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენი წუნდებულ პროდუქტს ყიდის, მაგრამ ამას სამოქალაქო კოდექსის ნორმები არეგულირებს, საბოლოოდ კი დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ამ ეტაპზე პრობლემის გადაწყვეტა ახალი მაკონტროლებლის, მათ შორის, მომხმარებელთა ომბუდსმენის შემოყვანა კი არა, ის არის თუ რატომ არ მიმართავს სასამართლოს მყიდველი.
პროდუქცია ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს - ჯანმრთელობისთვის საზიანოდ, მაღალი რისკის მქონედ, რისთვისაც უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა არსებობდეს, მაგრამ ამის გავრცელება ყველა პროდუქციაზე, მაგალითად, როიალსა და გიტარაზე, მიუღებელია. მეწარმეების უფლებები ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც მომხმარებლის“, - ამბობს მიხეილ კორძახია.
კანონპროექტს არც მომხმარებელთა უფლებების დამცველები აღუფრთოვანებია. „კანონპროექტს გავეცანი და ის სრულყოფილად არ ასახავს მომხმარებელთა უფლებებს. ელემენტარულად, დაზარალებულს სიმართლის დასადგენად ინსტანციიდან ინსტანციაში მოუწევს სიარული. კანონმდებლობა მას სამართლებრივი პროცედურის გამარტივებაში ვერ დაეხმარება. მომხმარებელთა უფლებების შესახებ ყველაზე კარგი კანონი 1996 წელს იყო მიღებული. ყოველ წელს ცვლიდნენ და 2011 წელს საერთოდ გააუქმეს. რა თქმა უნდა, შესაბამისი კანონპროექტი უნდა არსებობდეს ქვეყანაში, მაგრამ მან სრულყოფილად უნდა შეძლოს დაზარალებული მომხმარებლების დაცვა“, - აცხადებს ექსპერტი ამირან შენგელია.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კოორდინატორი ლია თოდუას აზრით კი, კანონი მომხმარებელს შეცდომაში შეყვანისგან დაიცავს, ეს ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკაზე დამყარებული კანონპროექტია. საქართველოში პროდუქტის შეძენისას გარანტიებთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა ის, რომ გარანტიას არქმევენ ხელშეკრულებას, რომელზედაც მომხმარებელს აწერინებენ ხელს და რომლითაც მას მხოლოდ ხუთი დღე აქვს პროდუქციის გამოსაცვლელად - ლაპარაკია ტელევიზორებზე, კომპიუტერებზე, საკმაოდ ძვირადღირებულ, ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე. ეს სრულიად არ შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას, იქ ნებისმიერ საქონელზე ორწლიანი გარანტია ვრცელდება.
ევროპისგან განსხვავებით, ჩვენში მომხმარებლის ომბუდსმენს არ ექნება დაჯარიმების, სანქციების გატარების უფლება, ის უფრო მომრიგებელი იქნება მომხმარებელსა და მეწარმეს შორის“, - აცხადებს ლია თოდუა.