ვინც კი ორი სადღეგრძელო მოისმინა და დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, თავი ლამის ჩვენზე დიდ ქართველად მოაქვს და ხალხის სახელით გველაპარაკება,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ამბროლაურში განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველებმა კარგად იციან მეგობრობა და ძმობა, ბრძოლა და მოყვასისთვის თავგანწირვა.
თუმცა, მისი თქმით, ქვეყნის ხანგრძლივ ისტორიაში ხშირად ყოფილა, რომ ზოგს ქართველების სტუმართმოყვარეობა ფეხქვეშ გაგება ჰგონებია და მეგობრობა კი - მორჩილება.
,,ჩვენი გზა არასდროს ყოფილა უკან დახევა, თავის დაზოგვა და განზე დგომა. ქართველებმა ეს დავამტკიცეთ ათასწლეულების განმავლობაში და ვამტკიცებთ დღესაც. ჩვენ ვიცით მეგობრობა და ძმობა, ვიცით ბრძოლა და მოყვასისთვის თავგანწირვა. მაგრამ ჩვენს ხანგრძლივ ისტორიაში ისიც გვინახავს, რომ ზოგს ჩვენი სტუმართმოყვარეობა ფეხქვეშ გაგება ჰგონებია, მეგობრობა კი - მორჩილება.
ბევრს მოუსურვებია ჩვენი მართვა პიტიახშებით, მარზპანებით, მთავარმართებლებით თუ მეორე მდივნებით. დღესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთმა, ვინც ოჯახში მეგობრად მივიღეთ, ჩვენი ცხოვრების მართვა და განკარგვა მოინდომა. ვინც კი ორი სადღეგრძელო მოისმინა და დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, თავილამის ჩვენზე დიდ ქართველად მოაქვს და ხალხის სახელით გველაპარაკება. ამას არაფერი აქვს საერთო არც მეგობრობასთან, არც დემოკრატიასთან და არც ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემასთან,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.