დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა.
სტუმრებს მასპინძლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გაუწია. კახა კალაძემ აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მომავალი თაობისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი პროექტები, რადგან ეს მნიშვნელოვანია ბევრი მიმართულებით. თბილისშიც არაერთი საინტერესო ახალგაზრდული პროგრამა გვაქვს. განათლების სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ სიახლეებს, რასაც საზოგადოებას ეტაპობრივად გავუზიარებთ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და მისი პოპულარიზაცია. შემთხვევითი არ არის, რომ რეკრეაციულ სივრცეებში, პარკებში, რომლებიც დედაქალაქში ეწყობა, ყველგან არის მსგავსი ადგილები გათვალისწინებული, რათა ყველას გქონდეთ ვარჯიშის, სწავლის, დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობას და მის პოპულარიზაციას. მან ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვახსოვს ის წლები, როდესაც სპორტული თუ რეკრეაციული სივრცეების გასხვისება მიზანმიმართულად ხდებოდა. იმ ადგილებში კი, სხვადასხვა მშენებლობა ხორციელდებოდა. ჩვენ, რაც ქალაქის მთავრობაში მოვედით, რადიკალურად განსხვავებული მიდგომები დავნერგეთ. ბევრი პარკი, მულტიფუნქციური და მწვანე სივრცეები გვჭირდება იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. არ არის აუცილებელი ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ სპორტით ცხოვრება მნიშვნელოვანია. გვერწმუნეთ, ჩვენს ყოველდღიურობაში, რა სფეროშიც არ უნდა იყოთ, სპორტი ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება.
მართალია, ჩვენს წინაშე არის ბევრი გამოწვევა, თუმცა, მშვიდობას ქვეყანაში ალტერნატივა არ გააჩნია. დღეს, ჩვენს ქვეყანას ისე როგორც არასდროს სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე რაიმე წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი. მხოლოდ და მხოლოდ, მშვიდობით, ეკონომიკური სიძლიერით, გონიერებითა და სწავლა-განათლებით შეიძლება დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები“, - მიმართა კახა კალაძემ შეკრებილ ახალგაზრდებს.
დღევანდელ შეხვედრაზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და სტუმრებისთვის თავიანთი მოსაზრებები გაეზიარებინათ.
შაორის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრებიც დაესწრნენ.