საფრანგეთის ქალაქ ლა გრანდ-მოტში მდებარე სინაგოგასთან მანქანის აფეთქების შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ქალაქ ლა გრანდ-მოტში სინაგოგასთან ავტომობილი აფეთქდა. ადგილობრივი პოლიციელი დაშავდა“, - ციტირებს სააგენტო საფრანგეთის პოლიციელთა პროფკავშირების წარმომადგენელს უილიამ მორის. სამართალდამცველის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სინაგოგასთან ახლოს მდებარე პარკინგზე ორი ავტომობილი აალდა, შემდგომ ერთ-ერთი მათგანი, რომელშიც გაზის ბალონი იყო მოთავსებული, აფეთქდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერალდ დარმანენის განცხადებით, პოლიცია თვლის, რომ ვიღაცამ ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველები დამნაშვეებს ეძებენ.
“მინდა ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს და ქალაქ ლა გრანდ-მოტს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო და აღვნიშნო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თხოვნით ამის ავტორის მოსაძებნად ყველა საშუალებას გამოვიყენებთ“, - დაწერა დარმანენმა სოციალური ქსელ X-ში.