თუ ქვეყანა მიიღებს დახმარებას ამას მივესალმებით, თუ ქვეყანას ვალის აღება სჭირდება და აიღებს, ამასაც მივესალმებით. არ არის ეს სასპეკულაციო საკითხი. სად არის აქ სპეკულაციისთვის სივრცე? არ არსებობს ასეთი სივრცე, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ჟურნალისტი დაინტერესდა, დაუმტკიცა თუ არა საფრანგეთმა საქართველოს მთავრობას სესხი და მაშინ, როდესაც დახმარება ესაჭიროება ქვეყანას, რატომ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, სესხის აღება ნებისმიერი ქვეყნისგან არის ჩვეულებრივი პროცესი.
„სესხის აღება ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი. სესხს იღებს ქვეყანა ყოველწლიურად, სხვადასხვა წყაროებიდან. ჩვენი სესხის მოცულობა არის 40%-მდე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. და ეს სესხი ხან აიღება დასავლეთში, ხან აიღება აღმოსავლეთში. ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი.
რაც შეეხება დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმას, ეს არის აბსოლუტურად არასწორი შეფასება. ჩვენ ხანდახან გვიწევს ხოლმე თავის დაცვა, როდესაც კეთდება უსამართლო განცხადებები. მაგალითად, 27 ელჩი მიდის იუსტიციის მინისტრთან დემარშით და ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას იმის გამო, რომ მას კლავენ, რა თქვა უნდა აქ გვჭირდება ჩვენ თავის დაცვა. არაფერ შუაში არ არის ამასთან სესხის აღება და ასეთი თემები. თუ ქვეყანა მიიღებს დახმარებას ამას მივესალმებით, თუ ქვეყანას ვალის აღება სჭირდება და აიღებს, ამასაც მივესალმებით. არ არის ეს სასპეკულაციო საკითხი. სად არის აქ სპეკულაციისთვის სივრცე? არ არსებობს ასეთი სივრცე. ვალის დამადლება საერთოდ გაუგებარი ამბავია. ეს, რომ იყოს გრანტი კიდევ მესმის, მაგრამ ვალის დამადლება საოცრებაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.