ოთარ ფარცხალაძის შემცვლელი მომავალ კვირას გახდება ცნობილი. მთავარი პროკურატურის ახალი ხელმძღვანელის ოფიციალურად წარდგენამდე, კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ფორმატში იგეგმება. „პროკურატურის შესახებ“ კანონის მოთხოვნის გათვალისწინებით, მთავარ პროკურორის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ის კანდიდატი უნდა დანიშნოს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი წარუდგენს. არსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანი შვებულებაშია და სამსახურში შობის შემდეგ უნდა დაბრუნდეს.
გერმანიაში ნასამართლეობის თემის ირგვლივ ატეხილი სკანდალის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძემ მთავარი პროკურორის პოსტი 30 დეკემბერს დატოვა. იგი მთავარი საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელად 21 ნოემბერს დაინიშნა და ამ პოსტზე 40 დღე იმუშავა. ამ დროისთვის მთავარი პროკურორის მოვალეობას პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე ასრულებს.
პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის შემცვლელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას მოიაზრებს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. მისივე თქმით, ფარცხალაძის თანამდებობიდან გადადგომამდე მას ჰქონდა კონსულტაციები ყოფილ მთავარ პროკურორთან და ეს გადაწყვეტილება იყო ფარცხალაძის ერთ-ერთი ჟესტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრიც დაეთანხმა.
არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით. საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მთავარი პროკურორის პოსტზე კახი კახიშვილის დანიშვნას ითხოვს, გავრცელებული ინფორმაციით კახიშვილის კანდიდატურას საპარალამენტო უმრავლესობის ნაწილიც უჭერს მხარს. თავად კახიშვილი კი მისი მთავარი პროკურორად შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მთავარ პროკურატურაში ძალიან კვალიუფიციური გუნდი მუშაობს, რომლებმაც ძალიან ბევრი საქმეები გახსნეს. იმერლიშვილი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში ქვეყანას ეყოლება მთავარი პროკურორი, რომლის გარშემო არ იქნება კითხვის ნიშნები.
„ვერ გეტყვით ვინ იქნება მომავალი მთავარი პროკურორი, ეს არის იუსტიციის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი. მოგეხსენებათ, რომ უშიშროების საბჭო არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, არ ვმონაწილეობ ამ განხილვაში. შემიძლია გითხრათ, რომ არც არჩილ კბილაშვილის დროს და არც ახლა განხილვაში მონაწილეობა არ მიმიღია. რაც შეეხება კახი კახიშვილს, შემიძლია გითხრათ, რომ კახისთან მე მაქვს კარგი დამოკიდებულება, ვაფასებ მის პროფესიონალიზმს და მის პირდაპირობას ხშირ შემთხვევაში. ის არის ძალიან კარგი და პროფესიონალი იურისტი“, - აცხადებს ირინა იმერლიშვილი.
ამასთან, ვრცელდება ინფრომაცია, რომ მთავარი პროკურორი შესაძლოა, საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძე გახდეს, რომელიც მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. შავაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე დაამტკიცეს, ის ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე ორთვიან ვადას აიღებს და თუ ამ ორი თვის ვადაში შედეგს არ დადებს, ის თანამდებობიდან გადადგება.
for.ge-ს პაატა შავაძე ესაუბრა.
ბატონო პაატა, თქვენ მიიღეთ შემოთავაზება მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით?
- ჩემი კანდიდატურა გაჟღერდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. გადაწყვეტილების მიღება ჩემი პრეროგატივა არაა, თუ კი ხელისუფლება მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ვზიდო ის მძიმე ტვირთი, რასაც ქვეყნის მთავარი პროკურორის ტვირთი ჰქვია, მე მზად ვარ.
რომ დავაზუსტოთ, ვისგან მიიღეთ შემოთავაზება, იუსტიციის მინისტრისგან თუ პრემიერ-მინისტრისგან?
- ნება მომეცით, რომ თავი შევიკავო ამ საკითხის დაკონკრეტებისგან. მე მგონია, რომ ამაში არაფერი უცნაური არაა. არის კანდიდატურა და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვინ ვინ წარადგინდა, ვის ვისთან კონსულტაცია ჰქონოდა, მე როგორც იურისტს მიმაჩნია, რომ ეს ნაკლებად საინტერესოა. საზოგადოებისთვის საინტერესოა რას გააკეთებს პროკურატურა.
მაგალითად, ოთარ ფარცხალაძემ მოღვაწეობა დაიწყო გახმაურებული საქმეების გამოძიებით, რაც გარკვეული ჯგუფის მიერ წარამტებით იქნა შეფასებული. თქვენ რას გააკეთებთ?
- მე ვიყავი ერთ-ერთი კრიტიკოსი და დამგმობი მისი მოღვაწეობის. თუ კი წარმატებით დაიწყო მოღვაწეობა, მაშინ რისთვის დაიმსახურა საზოგადოების რისხვა? როცა კარგად დაიწყებ საქმეს, არავინ არ შემოგედავება. საზოგადოების დაკვეთა არის სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანობის აღდგენას სამართლიანად და კანონის დაცვით თუ შეუდგები, არავითარ შემთხვევაში არავინ არ შეგეწინააღმდეგება, პირიქით, საზოგადოება ითხოვს ამას. ამიტომ, ეს ყოველგავრი სხვანაირი გამოვლინებების გარეშე შეიძლება გაკეთდეს.
თუ კი ჩემზე შეჩერდება არჩევანი, მომცენ ორი თვის ვადა და თუ კი ვერ შევძელი გახმაურებული საქმეების სამზეუროზე გამოტანა და მათ შორის - ზურაბ საქმის, მე თვითონ დავტოვებ თანამდებობას და წავალ. მე ვფიქრობ, რომ მთავარი პროკურორი არის ის ფიგურა, რომელმაც არაერთგზის გადაღეჭილი გახმაურებული საქმეები, საბოლოო კონდიციამდე უნდა მიიყვანოს. საზოგადოება ითხოვს შედეგს. მთავრი არის შედეგი და არა ის, რომ დაიწყეს. მათ იცით რამდენი საქმის გამოძიება აქვთ დაწყებული? გამოძიების დაწყება რა პრობლემაა, შედეგი გვინდა. მე მინდა, რომ საქმე მივიყვანო ბოლომდე და ვუთხრა საზოგადოებას, რომ აქ მკვლელობასთნ გვქონდა საქმე და ა.შ. აი ეს არის მთავარი. მე ვფიქრობ, რომ მთავარი პროკურორი აქიდან უნდა გამოდიოდეს და არა ძიების დაწყებიდან.
იცით, რომ არჩილ კბილაშვილის და მათ შოროს ოთარ ფარცხალაძის მოღვაწეობის პერიოდში არაერთხელ იქნა დაკითხვაზე მოწმის სახით დაბარებული საქართველოს პარლამენტის წევრი, როლანდ ახალაია, მაგრამ საგამოძიებო ორგანოში ის პრინციპულად არ ცხადდება. თქვენ თუ გახდით მთავარი პროკურორი, საინტერესოა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა ზომებს მიიღებს პროკურატურა თუ კი არ გამოცხადდება ჩვენების მისაცემად?
- პარლამენტის წევრისთვის არავის აუკრძალავს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა. მე რომ ვიყო მთავრი პროკურორი და თუ ჩემზე შეჩერდება არჩევანი, ახალაიასაც მოვიყვან, მიხელ სააკაშვილსაც, ზურაბ ადეიშვილსაც და ძალიან ბევრ ვინმეს. რას ჰქვია პროკურატურა გიბარებს და არ მიდიხარ?!
როგორ მოიყვანთ, მას ხომ იმუნიტეტი იცავს?
- საპროცესო კოდექსის დაცვით. არანაირი მისხალი გადახვევა არ იქნება. კანონის წინაშე ყველა იქნება თანაზომიერი.
ახალაიას შემთხვევაში მიმართავთ პარლამენტს, რომ შეუჩერონ მას უფლებამოსლიება?
- ყველა ზომას მივმართავთ. თუ კი ჩემზე შეჩერდება არჩევანი თქვენ ნახავთ თუ როგორ იმუშავებს მთავარი პროკურატურა. არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ მიემალოს საგამოძიებო ორგანოებს, არ დაემორჩილოს მის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუშალოს გამოძიების მიმდინარეობას. ნებისმიერი ადამაინი, ვინც საჭირო იქნება გამოძიებისთვის და ვის ჩენებასაც ექნება არსებითად გადამწყვეტი მნიშვნელობა საქმეზე ჭეშმარიტების დასაგნებად, კეთილს ინებებს ყველა და მობრძანდება. რაც შეეხება ორგანიზაციულ საკითხებს, თუ ნებით არ გამოცხადდება, ცხადია, რომ ჩვენ მივმართავთ ყველა ზომებს, თუ არ მობრძანდება, მოაბრძანებენ. პარალელურად დავკავდები იგივე კადრების საკითხებით, იქ არიან კადრები რომლებიც ჩვენ ხელს შეგვიშლიან საქმის გამოძიებაში.
ვინ არიან ეს კადრები?
- ყველა ვიცი აბსოლუტურად, თითოეული პროკურორის შესახებ რამდენი საჩივარია შესული. იცით რაა, როცა 60 საჩივარია შესული პროკურორზე, ხელმძღვანელი პირი არ უნდა დაფიქრდე რაშია საქმე? ყველა საკითხს განვიხილავ დეტალურად. მოხდება კადრების წმენდა.
საინტერესოა როგორ შეაფასებდით არჩილ კბილაშვილის და ოთარ ფარცხალაძის მუშაობას? ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ არჩილ კბილაშვილს არ ჰქონდა მინიჭებული უფლებამოსილება, რომ სრულფასოვნად შეესრულებინა მისი მოვალეობაო...
- მე ვთქვი, რომ არჩილ კბილაშვილი არ ყოფილა საქართველოს უუნარო მთავარი პროკურორი. აჩიკო უდავოდ კარგი იურისტია, ჩემი კოლეგაა. მას შეეძლო მუშაობა, რაღაც-რაღაცეები გააკეთა კიდევაც, ამოწია საქმეები, თუმცა რატომღაც მოხდა ისე, რომ მან ვერ შეძლო უფლებოსილების გაგრძელება. რაც შეეხება ფარცხალაძეს, არაერთგზის დამიგმია მისი მოქმედება თუ უმოქმედობა. ელემენტარული საკითხია, როდესაც გეუბნება მერაბიშვილი, რომ „ადიელა“ გადამაფარესო, შენ ოჯახ აშენებულო რატომ უსმენ ამ აჟიოტაჟს, გამოდი და აჩვენე საზოგადოებას.
გაიყვანა თუ არა მთავარმა პროკურორმა მერაბიშვილი ამის დადასტურება ძალიან რთული გგონიათ? როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა დამაბრალოს ვინმემ, თუ კი მართლა არ გავაკეთე ასეთი რამ?! თუ გაბრალებენ, დაამტკიცე, რომ გაბრალებენ და ეს არ ჩაგიდენია. ჩემთვის ფარცხალაძე სამართლებლივ სფეროში იყო უდიდესი შეცდომა. მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მის ნამოღვაწარს ვაფასებ ძალიან უარყოფითად.
თქვენ თუ გახდით მთავარი პროკურორი, გეგმავთ ფარცხალაძის წარსულის გამოძიებას და ამ საკითხზე ესაუბროთ იუსტიციის მინისტრს და პრემიერ-მინისტრს, რომელმაც უშაუალოდ წარადგინა ამ თანამდებობაზე ფარცხალაძე?
- რა თქმა უნდა. განდეგილი ხომ არ ვიქნები, იუსტიციის მინისტრთანაც ვისაუბრებ, პრემიერ-მინისტრთანაც, პარლამენტის წევრებთან და ყველასთან მექნება საუბარი. თუ კი ექნება დანაშაული ჩადენილი იგივე ფარცხალაძის მიერ, კეთილს ინებებს და მობრძანდება იქ, პროკურატურაში და გასცემს პასუხს კითხვებს.
მე სხვანაირი ხასიათის კაცი ვარ, თუ ღმერთი ინებებს და ვიქნები ამ თანამდებობაზე, თქვენ ნახავათ... არ მიყვარს უკანონობა და ვერ ვიტან შერჩევითობას. დააშავა მან, უნდა აგოს პასუხი, ფარცხალაძე კი არა, ვინც გინდა ის იყოს. რატომ უნდა გადავაფაროთ ხელი ვიღაცას? კანონის წინაშე ყველა თანაზომიერია.
აქვე მინდა გკითხოთ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი და მათ შორის საპარალამენტო უმრავლესობოს გარკვეული ჯგუფი ამ თანამდებობაზე მხარს უჭერს კახი კახიშვილს. საინტერესოა როგორ აფასებთ მის კანდიდატურას?
- ანალოგიურად, საზოგადოების მხრიდან მეც მაქვს ჩემი მხარდაჭერა, მაგრამ გეტვით, რომ თუ კი ვინმე მხარს უჭერს კახი კახიშვილს, მათ შორის მეც გახლავართ. კახი კახიშვილი უდავოდ კარგი პიროვნებაა, კარგი იურისტია, ჩვენ ერთნაირი პრინციპები გვაქვს, ისევე როგორც მე, ისიც ვერ იტანს შერჩევით სამართალს, საკადრო მიდგომებთან დაკავშირებით ერთნაირი მიდგომები გვაქვს. ამიტომაც აქ მნიშვნელობა არ აქვს პაატა შავაძეს, მთავარია პროკურატურამ გაიმარჯვოს. მთავარია უწყების განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ კახი დაძლევს იმ ამოცანების შესრულებას, რომელიც პროკურატურის წინაშე დგას. თუ არჩევანი შეჩერდება კახიზე, მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.