ჩვენ გვაქვს დღეს 60% რეიტინგი და საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების ამბიცია. წაგებაზე იდარდონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც 8 არჩევნები წააგეს და მეცხრედაც აუცილებლად დამარცხდებიან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა რა გეგმები აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩევნების წაგების შემთხვევაში.
მისი თქმით, კვლევები ადასტურებს „ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიღებული ხმათა რაოდენობით 60% გადასცდება.
„კვლევები, როდესაც ტარდება არჩევნებამდე ორი თვით ადრე იქ რაიმე არსებითი ცვლილების შეტანა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. იმიტომ, რომ ეს კვლევები აჩვენებს საზოგადოების მყარ განწყობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული. ცდომილება შეიძლება მოგვიანებით მაქსიმუმ 5%-ის ფარგლებში. ესე არ არის რომ დღეს 60% გვაქვს და ხვალ მივიღოთ 40% ან 50%. რეიტინგი არის მყარი. 60%-იან რეიტინგს განაპირობებს ორი ფაქტორი, ერთი არის ის, რომ ჩვენ შევძელით უკიდურესი სირთულეები მიუხედავად, პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. და მეორე, ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.