2013 წლის ეკონომიკური შეცდომები და წარმატებები

2013 წლის ეკონომიკური შეცდომები და წარმატებები

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში დიდი მოლოდინები გაჩნდა. ახალმა ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოახერხა იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც არასახარბიელო მდგომარეობაში იყო, როგორმე გაეუმჯობესებინა. რა წარმატებები და შეცდომები ჰქონდა ეკონომიკურ გუნდს გასული წლის განმავლობაში, ამის შეფასება ეკონომიკურ ექსპერტს, ირაკლი ლექვინაძეს ვთხოვეთ.

ბატონო ირაკლი, თქვენი შეფასებით, როგორი იყო გასული ეკონომიკური წელიწადი, რაიმე დადებითი ტენდენციები თუ შეინიშნებოდა მთლიანობაში?

- 2013 წელი საკმაოდ რთული იყო ეკონომიკური თვლასაზრისით, 2012 წლის არჩევნების და ახალი მთავრობის კოაბიტაციის პერიოდში მოსალოდნელი იყო ის შედეგები, რაც გამოიკვეთა 2013 წელს. ეკონომიკაში განმსაზღვრელი მაინც პოლიტიკური გარემო და კოაბიტაცია იყო, რამაც მოახდინა კიდეც გავლენა ეკონომიკური ზრდის შედეგებზე.

მთავარ მოვლენად მივიჩნევდი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას. ვფიქრობ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია - ზრდის შანსებს ევროპასთან გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც ნიშნავს გაზრდილ ექსპორტს და ინვესტიციებს.

მეორე, რასაც გამოვყოფდი, მოხდა ბიზნესის გათავისუფლება პოლიტიკური წნეხისგან - 2013 წელს არ იყო ბიზნესის ტერორი პოლიტიკური ნიშნით, ბიზნესი არის თავისუფალი, არ ჰქონდა ადგილი საკუთრების ჩამორთმევას და ბიზნსმენების დაჭერებს თუ ისინი არ გადააფორმებდნენ ქონებას.

სამწუხაროა, რომ „ზედაზენის“ და „ბარამბოს“ ქონება კვლავ დაყადაღებული რჩება და იმედი მაქვს, ეს პრობლემა მალე მოგვარდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია გაზრდილი ექსპორტი და ტურისტული ნაკადი - 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა ექსპორტში, გაიზარდა დსთ-ს და ევროკავშირის ბაზრებზე ქართული პროდუქციის გაყიდვები, ასევე 2013 წელს რიგი პროდუქციისთვის გაიხნა რუსეთის ბაზარიც.

ტურისტული ბუმი საქართველოში გრძელდება და მიმდინარე წელს ვიზიტორების ზრდამ 23% შეადგინა.

განახლდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ინიცირება - ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ კვლავ განაახლა შემოვლითი რკინიგზის, ანაკლიის პორტის და აეროპორტის მშენებლობის ინიციატივები; გრძელდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის და ავტობანის მშენებლობა; ინიცირებულია მსხვილი ჰიდროსადგურების პროექტები (ხუდონი, ვარდნილჰესი), და მოხდა შეთანხმება შაჰ დენიზის პროექტის ახალ განვითარებაზე.

ვფიქრობ, ეს ის პროექტებია, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

ამას გარდა, მოხდა თანაინვესტირების ფონდის ფორმირება - ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო - 6 მლრდ. აშშ დოლარია მობილიზებული და ჩემი აზრით, 2014 წელს ეს ფონდი იქნება ქვეყნის ეკონომიკაში უმსხვილესი ინვესტორი.

წინდადადგმული ნაბიჯია დაზღვევის პროგრამა - ვფიქრობ, ამ პროგრამის ამოქმედებამ გაზარდა ხელმისაწვდომობა ძვირ სამედიცინო სერვისებზე.

მნიშვნელოვანი იყო „რთველი 2013“ - იაფი აგროსესხების პროგრამამ და კარგად გააზრებულმა ახლებურმა სქემამ რთველის მონაწილე ყველა მხარე დატოვა კმაყოფილი, რთველმა ყოველგვარი ადმინისტრაციული ჩარევების გარეშე ჩიარა და ფასიც ყველაზე მაღალი დაფიქსირდა პროდუქციაზე. პროგრამის წარმატებაზე პოზიტიურად იმოქმედა რუსული ბაზრის გახსნამაც. 2013 წელს ღვინის ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია.

ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ თავისი პრემიერობის დროს და მანამდეც აცხადებდა, რომ წინ გვექნებოდა ეკონომიკურად მძიმე რამდენიმე წელიწადი. თვლით თუ არა, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკურ ნაწილში თავისი ძირითადი დაპირებები შეასრულა?

- ეკონომიკურ ნაწილში 2013 წელს მოხდა ორი მნიშვნელოვანი დაპირების განხორციელება - ეს არის სოციალური მიმართულების საკითხები - პენსიების ზრდა და დაზღვევის ახალი სისტემა, ასევე მომხმარებლისთვის ტარიფების შემცირება.

რაც შეეხება უმუშევრობას, ეს გრძელვადიანი საკითხია და მის შემცირებას გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია სჭირდება.

მთლიანობაში რომელი დარგი იყო გასულ წელს გამორჩეულად წარმატებული და რომელი ჩამორჩენილი?

- გამოვარჩევდი 2 მნიშვნელოვან სექტორს წარმატების თვალსაზრისით, პირველი, ეს არის ტურიზმი - ვიზიტორების რიცხვი გადასცდა 5 მლნს და ზრდამ შეადგინა 25%, ქვეყნის ეკონომიკამ მიიღო 700 მლნ. ლარზე მეტი.

ასევე წარმატებული წელი იყო ღვინის ინდუსტრიისთვის - ექსპორტი არის გაორმაგებული, ძირითადად, რუსეთის ბაზრის ხარჯზე. იზრდება ასევე ექსპოორტი სხვადასხვა ბაზრებზეც. ადმინისტრაციული ჩარევების გარეშე, წარმატებით ჩაიარა რთველის პროცესმა, სადაც ყველა მხარე დარჩა კმაყოფილი, იმუშავა იაფი სესხების პროგრამამ და ფასიც საკმაოდ ხელსაყრელი დაფიქსირდა.

ყველაზე პესპექტიულ სექტორად ენერგეტიკას დავასახელებდი, სადაც ინვესტორების ინტერესები მაღალია და ახალი პროექტებიც არის ინიცირებული.

ვფიქრობ, ყველაზე რთული ეს წელი იყო რითეილისთვის (ორგანიზებული ვაჭრობა, სუპერმარკეტები), სადაც პოტენციალის მიუხედავად, რამდენიმე ხმაურიანი გაკოტრების საქმე და კრიზისული სიტუაციები დაფიქსირდა.

ასევე ვფიქრობ, რთული იყო გადამამაუშავებელი წარმოების სფეროსთვის, სადაც არც ერთი ახალი კომპანია არ გამოჩენილა.

ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ინვესტიციები, არსებობს თუ არა საფუძველი, რომ მომავალი წლისთვის მაინც, ამ კუთხით პროგრესი გამოიკვეთოს?

- საქართველოს ეკონომიკა არის დამოკიდებული ინვესტიციებზე, ამიტომ, ეკონომიკური ზრდა პირდაპირ კავშირშია მასთან. 2013 წელი არ ყოფილა ამ მხრივ გამორჩეული, ინვესტიციების სიმწირე იგრძნობოდა. ასევე გაზრდილია თანხების გადინების მაჩვენებელი.

ვფიქრობ, 2014 წელი ამ მხრივ იქნება წარმატებული, რადგან არსებობს თანაინვესტირების ფოდი, ასევე შეიქმნა სუვერენული ფონდი, მათ გააჩნიათ ფინანსური რესურსები და ველოდები, რომ ეს ორი ფონდი 2014 წელს ქვეყნის მთავარი ინვესტორი იქნება. მთავარია, პოლიტიკური გარემო იყოს სტაბილური.

რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, რომელიც მოსახლეობისთვის კვლავ მტკივნეული თემაა, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს წარმატებულად ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმა, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკრეტული ადამიანების ყოფა გაუმჯობესდა?

- ვფიქრობ, რომ პროგრამა წარმატებულია, ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე გაზრდილია, შეიძლება არის რაღაც ტექნიკური ხარვეზები, მაგრამ ვფიქრობ გამოსწორებადია. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მთავრობა მუშაობს დაგროვებითი პენსიის სქემაზე.

ნაციონალური მოძრაობამუდმივად საუბრობს დაქცეულ ეკონომიკაზე, შემცირებულ ეკონომიკურ ზრდასა და გარღვეულ ბიუჯეტზე. რამდენად ობიექტურიანაცმოძრაობა“ ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით?

- „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებები არის პოლიტიკური და გაზვიადებული - გუნდი აკრიტიკებს ისეთ საკითხებს, რაც მათ დროს იყოს ზენიტში, მაგალითად ვალის აღების საკითხები, ბიზნესისთვის არაკონკურენტული გარემოს შექმნის საკითხები და ა.შ.

2013 წელს ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა და ეს იქნება წლის ბოლოსთვის სავარაუდოდ -2.5%. მთავარი დისკუსია ჩვენ მთავრობასთან გვქონდა იმაზე, რომ ეს არ არის სკამრისი. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ინგრევა, ეს არასწორი და გადაჭარბებული შეფასებაა, მსგავსი ეკონომიკაში არაფერი ხდება.

და მაინც, თქვენი შეფასებით, დაუშვა თუ არა ხელისუფლებამ შეცდომები ეკონომიკური კუთხით?

- ვფიქრობ, რომ რაიმე მძიმე შეცდომას ადგილი არ ქონია, ეკონომიკური გუნდიც მუშაობდა ნორმალურად. ვიტყოდი, რომ წლის მეორე ნახევარში მათი კოორდინირებული მუშაობა უფრო თვალსაჩინო გახდა.

რაც შეეხება ნეგატივებს, ეს არის მიუღწეველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და დანაკლისი საგადასახადო შემოსავლების გეგმაში. პირველ კვარტალში უკვე ნათელი იყო, რომ ქვეყანა 6%–იან ზრდაზე ვერ გავიდოდა და ვფიქრობ, საჭირო იყო მისი უფრო ზუსტი კორექტირება. მთავარი მიზეზი ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების იყო პოლიტიკური გარემო და კოაბიტაციის რეჟიმი.

პოლიტიკურ გარემოში რას გულისხმობთ?

 - მხედველობაში მაქვს არაკომპეტენტური და სუსტი პარლამენტი - ფაქტია, რომ პარლამენტში არის პროფესიონალი კადრების დეფიციტი, პარლამანეტარების მხრიდან ინიცირებული უარგუმერნტო და არაპროფესიონალური ინიციატივები ხშირად აშფოთებდა ბიზნესს და ზრდიდა მოლოდინს შიდა და გარე ინვესტორებში.

მაგალითად, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული, მონოპოლიების დაშლასთან, მიწის მორატორიუმთან, შრომის კოდექსთან, აღსრულების კანონთან დაკავშირებული და სხვა საკითხები ქმნიდა საკმაოდ არასასურველ განწყობას.

სხვა შეცდომებს რაც შეეხება?

- კონკურენციის დაბალი ხარისხი - ვფიქრობ, ბაზრებზე ჯერ კიდევ არსებობს შეზღუდული კონკურენცია და ბაზრები არ არის ბოლომდე გახსნილი. ამიტომ, ვფიქრობ, დროულად არის საჭირო ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედება,

ასევე ბიზნეს გარემოს საკმაოდ მძიმედ აწევს ქონებრივი დავები, მართალია, საკითხი ძალიან რთულია, მაგრამ საჭიროა მექანიზმის მოფიქრება, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს.

რაც შეეხება საკანონმდებლო ბაზას, არსებობს თუ არა სრულყოფილი მექანიზმები იმისათვის რომ ეკონომიკის რეალური ზრდა მოხდეს? რამდენად საჭირო იყო იგივე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დროულად მიღება?

- ფაქტია, რომ საქართველოში კონკურენციის პრობლემა არსებობს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ბიზნესი იყო მკაცრ ვერტიკალზე აწყობილი და კონკურენციაც იყო შეზღუდული, იყვნენ პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული ბიზნესები, თუმცა ამაში მე პირადად, მხოლოდ ხელისუფლების პრობლემას ვხედავ და არა ბიზნესის.

დღეს ბაზრები უფრო გახსნილია, მაგრამ აქტიური კონკურენციის პრობლემა მაინც რჩება - ხშირად არის დავები, რომლის გადაჭრაშიც აქტიურად უნდა მონაწილეობდეს ანტიმონოპოლიური სამსახური და არა სასამართლო, რომლის კომპეტენციაც არ არის ანტიმონოპოლიური ურთიერთობები და სამართალი.

კონკურენციის კანონმდებლობის და ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია. პირველი, იმიტომ, რომ მოახდინოს არაკეთილსინდისიერი კონკუტრენციის ფაქტების, კარტელური გარიგებების პრევენცია. მეორე - ევროკავშირთან ინტეგრაცია ითხოვს ქვეყანაში ეფექტური სამსახურის არსებობას.

ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო ბიზნესის თავისუფლება, თქვენი შეფასებით, არის თუ არა დღეს საქართველოში ბიზნესი თავისუფალი?

- მე ვფიქრობ, რომ 2013 წელი იყო ამ მხრივ გამორჩეული, არ დაფიქსირებულა ქონების და საკუთრების ჩამორთმევის ფაქტები, დღეს არ იჭერენ ქონების გადაუფორმებლობის გამო და ყველა ბიზნესმენს აქვს საკუთარი პრეტენზიის ღიად გამოქთმის საშუალება.

ვფიქრობ, არსებობდა გარკვეული კითხვის ნიშნები გია ხუხაშვილის ბიზნესთან ურთიერთობასთან დაკავშებით, თუმცა იმედი მაქვს, ეს თემები მალე გაირკვევა. დღეს ეს ადამიანი პრაქტიკულად ჩამოშორებულია იმ პოზიციას, საიდანაც ქონდა ეს ბერკეტები. ვფიქრობ, „ბარამბოსა“ და „ზედაზენთან“ დაკავშირებული პრობლემაც ამ საკითხთან არის დაკავშირებული - დღეს მათი ქონება დაყადაღებულია და იმედია, მალე მიეცემათ საქმინობის ჩვეულ რიტმში გაგრძელების საშუალება.