კახა კალაძე: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რომ შევძლოთ, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება

კახა კალაძე: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რომ შევძლოთ, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება

26 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვება არ იქნება მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ეს იქნება მშვიდობა, ქვეყნის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ იმ მთავარ გზავნილებს, რომელიც საარჩევნო კამპანიის დაწყებისას გაჟღერდა.

„ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, რა ვითარებაა ქვეყანაში, რა ძალა ებრძვის ჩვენს სახელმწიფოს. პირველ რიგში, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ქვეყნის შიგნითაა წარმოდგენილი და იმართება ქვეყნის გარედან. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. ხომ წარმოგიდგენიათ, გერქვას პოლიტიკოსი, შენს ქვეყანაში საქმიანობდე და ამავდროულად, შენს ქვეყანას ებრძოდე. ეს ადამიანები ბრიუსელში დარბოდნენ და ცდილობდნენ, ქვეყანაში ვიზალიბერალიზაცია არ ამოქმედებულიყო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო და კადრულობდნენ ყველაფერ ცუდს, რაც კი შეიძლება ადამიანმა იკადროს. დღესაც ასე აგრძელებენ. ეს არის ჩვეულებრივი აგენტებისგან შემდგარი დაჯგუფება, რომელიც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახითაა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ. ჯერ კიდევ არის საფრთხეები, ზეწოლა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაჩნდეს. ჩვენს ქვეყანას ისე როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა. მითუმეტეს იმის ფონზე, რაც მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩვენს რეგიონში ხდება.

ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა შეუძლია, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობაზე, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს.

„საუბარი იყო კონსტიტუციურ უმრავლესობაზე და ახსნილი იყო მისი აუცილებლობა. პირველ რიგში, 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვისაც კონკრეტული წილი მიუძღვის. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რამაც ტერიტორიული მთლიანობა დაგვაკარგვინა, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები, დავკარგეთ სოფლები, განადგურდა ინფრასტრუქტურა, მივიღეთ უამრავი ლტოლვილი მოსახლეობა. ამ ყველაფერს გამოძიება და შესაბამისი პასუხისგება სჭირდება.

ასევე, დღევანდელ მოცემულობაში და მსოფლიო პოლიტიკურ ვითარებაში, ძალიან დიდი შანსია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შევძლოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ გადაწყობა მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას კარგად ესმის არსებული გამოწვევები და 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ეს არ არის მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება, არის მშვიდობა, ქვეყნის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. მჯერა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.