კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია და ამით აღიარა საკუთარი არალეგიტიმურობა პირდაპირი ფორმით. რაც შეეხება თვითონ სამართლებრივ პროცესს, რა თქმა უნდა, პარლამენტი იქნება აქ წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, ყველა პოზიცია იქნება დაცული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის მიერ შეტანილი „გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებული სარჩელის განხილვას ეხებოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იქნება პროცესზე პარლამენტის წარმომადგენელი, თუმცა შესაბამის კანდიდატურაზე საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობის შემდეგ შეთანხმდებიან.
„სამართლებრივად ძალიან მარტივად არის აქ საქმე. გამჭვირვალობას ვერ ექნება ვერანაირი ალტერნატივა. აქედან გამომდინარე, პერსპექტივა ვერ ექნება ამ სარჩელს. შეუძლებელია დაამტკიცო, რომ გამჭვირვალობა სამართლებრივად თუ სხვა კუთხით, არის ცუდი. ამას ამტკიცებს სარჩელი, შესაბამისად, ასეთ სარჩელს ვერავითარი სამართლებრივი პერსპექტივა ვერ ექნება“, - განაცხადა პრემიერმა.